სოციალურ ქსელში ანგარიში მარიკა მარი Facebook-ის საჯარო ჯგუფში „გამარჯვებული ირაკლი ღარიბაშვილი 41“ შოვის ტრაგედიის კონტექსტში ირაკლი ზარქუასა და ირაკლი ღარიბაშვილის მადისკრედიტირებელ პოსტებს ავრცელებს (1,2,3).

Facebook-ის ანგარიში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას ვიდეოს ავრცელებს შემდეგი წარწერით: „ხალხი მეწყერში იხრჩობა ჯერ კიდევ ათეულობით ადამიანი მიწაშია დამარხული და ეძებენ. ირაკლი ზარქუა და ოცნების სხვა წევრები კი მთაში არიან წასულები მღერიან ქეიფსა და ღრეობას არ იკლებენ ხალხი იხრჩობა ცოცხლად ესენი კი მღერიან“.

რეალურად, აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელ Facebook-ში შოვის მოვლენებამდე, კერძოდ 2023 წლის 23 ივლისს "რადიო თბილისის" მიერ გავრცელდა. ამავდროულად, Facebook-ის გარდა, ირაკლი ზარქუას ვიდეო Tiktok-ზეც გავრცელდა.

აღნიშნული Facebook ანგარიში დეზინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებითაც.

მტკიცება 1: ღარიბაშვილი ონიდან ისე გაიქცა, ის არც სტიქიის ზონაში ჩასულა და არც დაზარალებულებს შეხვედრია, გაიპარა კურდღელივით

რეალურად, ირაკლი ღარიბაშვილი 4 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან ერთად სტიქიის ზონაში ჩავიდა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მტკიცება 2:სტიქიის დროს ადამიანები იხოცებიან ეს ჩვეულებრივი მოვლენაა აცხონოს ღმერთმა, განაცხადა ონში ჩასულმა ირაყლიმ

რეალურად, პრემიერმა ჟურნალისტებთან შოვის ტრაგედიაზე შემდეგი განცხადება გააკეთა: „ასეთი კატაკლიზმები, ასეთი ტრაგედიები, სტიქიები ყველა ქვეყანაში ხდება. ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა, მგონი, ძალიან არასერიოზულია“. (...) „ერთი რამ მინდა ყველას გთხოვოთ, ასეთ მძიმე წუთებში გთხოვთ, რომ ყველანი გავერთიანდეთ და ამ ოჯახებისთვის ვილოცოთ“.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ის აღნიშნული ანგარიში პოსტებს შოვის ტრაგედიის დაწყების დღიდან უმრავლესობის სხვა წევრების მიმართაც (იხილეთ:ფაქტ-მეტრისსტატია) აქტიურად ავრცელებს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.