სოციალურ ქსელში როგორც ქართული, ასევე რუსული ანგარიშები ავრცელებენ ვიდეოს, რომელშიც, მათი მტკიცებით, ამერიკელი მსახიობი ელაიჯა ვუდი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს. ვიდეოზე დაყრდნობით, ვრცელდება პოსტებიც.

ვიდეოში მსახიობი ესალმება ვინმე ვლადიმირს, მოიხსენიებს მას როგორც ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანს და მკურნალობისკენ მოუწოდებს.

სინამდვილეში, აღნიშნული ვიდეო, რამდენიმე გარემოებიდან გამომდინარე, რეალობას არ შეესაბამება.

ვიდეოში ჩანს, რომ მსახიობი აკეთებს დაახლოებით იმავე განცხადებას, რომელსაც რუსული ანგარიშები ავრცელებენ. თუმცა ვიდეოს დაკვირვებით მოსმენისას აშკარაა, რომ ვიდეო დამონტაჟებულია, ვინაიდან იგი ისეა დაჭრილი, რომ ზოგიერთ წინადადებაში საერთოდ დაკარგულია შინაარსი და მისგან აზრი არ გამომდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ვუდი მთელი ვიდეოს განმავლობაში მის მიერ ნახსენები ვლადიმირის არც გვარს ასახელებს და არც უკრაინაზე ამბობს რაიმეს.

ვიდეოს მარცხენა ზედა კუთხეში არის ამერიკული ონლაინ ტაბლოიდის TMZ-ის ლოგო, თუმცა, არც ამ გამოცემის ვებგვერდზე და არც მის სოციალურ ქსელებში აღნიშნული ვიდეო არ იძებნება.

გარდა ამისა, 2023 წელს „The Wall Street Journal“-თან ინტერვიუში ვუდმა განაცხადა, რომ Instagram-ზე ღია პროფილი არ აქვს.

ვიდეოში ჩანს, რომ Instagram-ანგარიშს, რომლის სახელითაც ვიდეო გავრცელდა, ვერიფიკაციის ლოგო აქვს, რაც ხალხს მის ავთენტურობაში არწმუნებს. რეალურად კი, აღნიშნულ ანგარიშს (@elijah.wood.kingring) არც გამომწერები ჰყავს, არც პოსტები და არც ვერიფიკაციის ლოგო. შესაბამისად, ირკვევა, რომ ვიდეო ელაიჯა ვუდის Instagram-დან არაა ატვირთული. ეს ასევე დამატებითი მტკიცებულებაა, რომ ვიდეო ავთენტური არაა და ის რედაქტირებულია.

საგულისხმოა, რომ ელაიჯა ვუდს აქვს ოფიციალური გვერდი Twitter-ზე, თუმცა იქ მსგავსი ვიდეო ან აღნიშნულ საკითხთან გამოხმაურება არ იძებნება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 25 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი უკანონო შეჭრის მეორე დღეს, Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ვუდმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გული უკრაინასა და მის ხალხთანაა:

ამგვარად, მტკიცება, რომ ამერიკელმა მსახიობმა ელაიჯა ვუდმა ზელენსკი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულად მოიხსენია და მას ნარკოდამოკიდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობა ურჩია, ყალბია.

--------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია