გია აბულაძე: თქვენ [თორნიკე რიჟვაძე] 2020 წელს ხულოში ბრძანდებოდით, აანთეთ ბუნებრივი აირი და თქვით, რომ უკვე აყვანილია ხულომდე და მალე იქნება გოდერძის უღელტეხილზე. სამი წელი გავიდა და ვერც ერთი აბონენტის ჩართვა ვერ მოხერხდა. ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყო [თანხა], რაც გაკეთდა, იმის დემონტაჟი მიმდინარეობს და ალბათ, ხელახლა უნდა მოხდეს ამის მონტაჟი.
ვერდიქტი: გია აბულაძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: 2020 წელს დაბა ხულოში ბუნებრივი აირის ანთების ღონისძიებას აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო. თუმცა ცენტრალური მაგისტრალიდან მოსახლეობამდე ბუნებრივი აირი არ მიუყვანიათ. დადგენილ ვადაში, 2021 წლის 21 ივნისს, შუახევი (ხიჭაური) - გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე (ზანკები) ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობა ვერ დასრულდა. ამის მიზეზად კომპანია ხულო-ზარზმის გზის მშენებლობას ასახელებს. მიმდინარე პერიოდისთვის, გაზიფიცირების პროექტში, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 27 037 601 ლარს შეადგენს, 20 444 136 ლარია გადახდილი. სამუშაოებს შპს „ენერჯი ინვესტი 2009“ ახორციელებს. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის შუახევი-ხულოს მონაკვეთის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის ფარგლებში, ზოგიერთ მონაკვეთზე, გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის გამო, ბუნებრივი აირის მილსადენის მიწისზედა ნაწილის გადატანა უნდა განხორციელდეს, რასაც კონტრაქტორი კომპანია შეასრულებს და ეს დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევს. აჭარის ა/რ 2023 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში კი შუახევი (ხიჭაურის დასახლება) - გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობის დასრულების მიზნით, 4 500 000 ლარი გამოყოფილია. ჩვენ მიერ სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში გარკვევით მივუთითეთ, რომ გვაინტერესებდა, კონკრეტულად რა ღონისძიებებში უნდა გახარჯულიყო აღნიშნული თანხა. ადრესატმა ამ კითხვაზე არ გვიპასუხა.
ამდენად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გია აბულაძის განცხადება არის სიმართლე, რადგან მასში მოყვანილი ფაქტები ზუსტია და კონტექსტიც არსებულ რეალობას ასახავს.
ანალიზი: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძემ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს მიმართა: „თქვენ 2020 წელს ხულოში ბრძანდებოდით, აანთეთ ბუნებრივი აირი და თქვით, რომ უკვე აყვანილია ხულომდე და მალე იქნება გოდერძის უღელტეხილზე. სამი წელი გავიდა და ვერც ერთი აბონენტის ჩართვა ვერ მოხერხდა. ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყო [თანხა], რაც გაკეთდა, იმის დემონტაჟი მიმდინარეობს და ალბათ, ხელახლა უნდა მოხდეს ამის მონტაჟი.“
„ფაქტ-მეტრმა“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადება გადაამოწმა.
დავიწყოთ იმით, რომ 2020 წლის 28 ოქტომბერს აჭარის მთავრობის ფეისბუქგვერდზე ნამდვილად გამოქვეყნდა ინფორმაცია დაბა ხულოში ბუნებრივი აირის ანთების შესახებ. ღონისძიებას თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა. თუმცა 2023 წელია და მოსახლეობამდე ბუნებრივი აირი ჯერაც არ მიუყვანიათ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი სახელშეკრულებო ვადაში ვერ დასრულდა.
კერძოდ, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წლის აპრილში გამოაცხადა 33 797 000 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი, რომელიც შუახევი (ხიჭაური) - გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე (ზანკები) ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოებს ითვალისწინებდა. შპს „ენერჯი ინვესტი 2009“ ტენდერში მარტო მონაწილეობდა. მასთან 27 037 601-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. სამუშაოების დასრულების ვადად 2021 წლის 21 ივნისი განისაზღვრა. 2020 წლის 5 ივნისს კომპანიამ სამინისტროს მისწერა, რომ სამონტაჟო სამუშაოები დაბა ხულოს ცენტრამდე შეასრულა და რადგან იმ დროისთვის შესაბამის კომპანიას პროექტის განხორციელება დაწყებული არ ჰქონდა, შპს „ენერჯი ინვესტი 2009“ სამუშაოებს ვეღარ აგრძელებდა.
სახელშეკრულებო პირობები ექვსჯერ შეიცვალა. არაერთხელ გახანგრძლივდა პროექტის დასრულების ვადა. ბოლო მონაცემებით, სამუშაოები მიმდინარე წლის 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულებულიყო. ამ ეტაპზე შესრულებულია მთლიანი მოცულობის 77% და კომპანიისთვის გადახდილია 20 444 136 ლარი.
ჩვენ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ და ინფორმაცია ოფიციალურად გამოვითხოვეთ. „ფაქტ-მეტრისთვის“ გამოგზავნილი პასუხიდან ირკვევა, რომ ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის შუახევი-ხულოს მონაკვეთის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოები ზოგიერთ მონაკვეთზე გზის გაფართოებას ითვალისწინებს. აღნიშნული სამუშაოები კი ყველა საინჟინრო ქსელის, მათ შორის, ბუნებრივი აირის მილსადენის მიწისზედა ნაწილის გადატანას მოითხოვს. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე სადემონტაჟო/გადასატანი მილსადენის მოცულობები დგინდება და საბოლოო პარამეტრები ცნობილი გახდება საავტომობილო გზაზე სამუშაოების დასრულების შემდეგ. მილსადენის მიწისზედა ნაწილების გადატანის სამუშაოებს შპს „ენერჯი ინვესტი 2009“ ზემოთ ნახსენები ტენდერის ფარგლებში ახორციელებს და როგორც უწყება ირწმუნება, სახელშეკრულებო ღირებულების გაზრდას არ გამოიწვევს. დანართი 1
საინტერესოა, რომ ბათუმი (ანგისა) - ახალციხის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, თავისთავად, დროში გაჭიანურებული პროექტია. ამის თაობაზე ჩვენ რამდენიმე სტატია გამოვაქვეყნეთ. იხ. სტატია 1, სტატია 2, სტატია 3. თუ გავითვალისწინებთ, რომ გზის გაფართოების შედეგად (სპეციალისტების აზრით) გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა სხვადასხვა მონაკვეთზე დამატებითი სამუშაოები გამოიწვია, კონტრაქტორი კომპანია პროექტს კიდევ რამდენიმე თვეს ვერ დაასრულებს. აჭარის ა/რ 2023 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში, შუახევი (ხიჭაურის დასახლება) - გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობის დასრულების მიზნით, კიდევ 4 500 000 ლარია გათვალისწინებული. სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში ჩვენ მივუთითეთ, რომ გვაინტერესებდა, კონკრეტულად რომელი ღონისძიებებისთვის გაიხარჯებოდა აღნიშნული თანხა, თუმცა უწყების მერ მოწოდებულ ინფორმაციაში ამ კითხვაზე პასუხი არ იძებნება.