ზურაბ ჭიაბერაშვილი: საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების წილმა 2020 წელს ეკონომიკის 13% შეადგინა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე
რეზიუმე: ფულადი გზავნილები მშპ-ს დათვლის ფორმულაში პირდაპირ არ მონაწილეობს, მაგრამ მშპ-ს ერთ-ერთ კომპონენტ მოხმარებაზე, დიდ გავლენას ახდენს.
საქართველოში გზავნილები ნომინალურად 2016-2021 წლებში გაორმაგდა და 2.3 მლრდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მისი წილი მშპ-ში 10%-დან 14.2%-მდე გაიზარდა, უშუალოდ 2020 წელს კი 13.3% შეადგინა.
ანალიზი: 26 ივლისს, „TV პირველის ეთერში“, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, თოქშოუ „საჯარო პოლიტიკაში“ სოციალურ ფონზე საუბრისას, ფულად გზავნილებზე მზარდ დამოკიდებულებას გაუსვა ხაზი. კერძოდ, მან განაცხადა (01:27:20): „გადმორიცხვები [საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების მიერ] უკვე 2020 წლის მონაცემებით ორნიშნა გახდა, ანუ ჩვენი მთლიანი ეკონომიკის 13% იყო გადმორიცხვები“.
საქართველოს დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე მშპ-სთან მიმართებით თითქმის ყოველთვის ორნიშნა მაჩვენებლით განისაზღვრებოდა. თუმცა 2016 წლიდან მოყოლებული დამოკიდებულების ზრდამ ტენდენციის ხასიათი მიიღო. 2020 წელს რეკორდი დამყარდა და დამოკიდებულება 13.3%-ს გაუთანაბრდა, 2021 წელს 14.2%-ს (რადგან გზავნილები მშპ-ს ფორმირებაში ირიბად იღებს მონაწილეობას, მისი რეალური წილი და პირდაპირი ფარდობა ეკონომიკასთან ერთმანეთისგან მცირედით განსხვავდება).
გრაფიკი 1: ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი და მსოფლიო ბანკი
2011 წლიდან მოყოლებული გზავნილებზე 10%-ზე დაბალი დამოკიდებულება მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა. 2022 წლის ნახტომისებური ზრდა განსაკუთრებული შემთხვევაა, რაც უმეტესწილად რუს მიგრანტებს უკავშირდება. რუსეთის წილი გზავნილებში ამ წელს 18%-დან 47%-მდე გაიზარდა.
ზოგადად გზავნილებზე დამოკიდებულება განვითარებად ქვეყნებს ახასიათებთ. 2022 წლის მონაცემებით, ტაჯიკეთი 51%-ით იყო გზავნილებზე დამოკიდებული, ყირგიზეთი - 28%-ით, ჰონდურასი - 27%-ით, სომალი 21%-ით... მათ საპირისპიროდ ირლანდიისა და ნორვეგიის ეკონომიკებში გზავნილების წილი მხოლოდ 0.1%-ია.
თუ არ ჩავთვლით 2022 წელს, გზავნილები ყოველდღიურ საჭიროებებზე, რიგ შემთხვევებში კი - უძრავი ქონებისა და ავტომობილის შესაძენად იხარჯებოდა, რაც ძირითადად მოხმარებას და გარკვეულწილად წარმოებასაც ახალისებდა. გზავნილები გავლენას ეროვნული ვალუტის კურსზეც ახდენს. 2015 წელს ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გადმორიცხვების შემცირება გახდა, ამის საპირისპიროდ 2022 წელს ლარი დამატებით გზავნილების ზრდამ გაამყარა.
გზავნილების პარალელურად, წლიდან წლამდე იზრდებოდა ემიგრანტთა რაოდენობაც, მათ შორის - საქართველოს მოქალაქე ემიგრანტთა რიცხვიც. ჩაშლილად, მოქალაქეების მიხედვით, მიგრაციის სტატისტიკა 2012 წლიდან იწარმოება. 2012-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეების უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 245 ათასს მიაღწია (ქვეყანა 779 ათასმა დატოვა და უკან მხოლოდ 534 ათასი დაბრუნდა). შეიძლება ითქვას, რომ გზავნილების ზრდა ძირითადად ემიგრაციის ზრდით იყო გამოწვეული.
ბოლო წლებში განსაკუთრებული ზრდა იტალიიდან, გერმანიიდან და შეერთებული შტატებიდან აღინიშნება. 2022 წლამდე რუსეთის წილი მუდმივად მცირდებოდა, ვარდნა 2022 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა, ხოლო შემდეგ ნახტომისებურად გაიზარდა. გარკვეული წვლილი საქართველოს ეკონომიკაში რუსეთიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის გადმორიცხულ თანხებსაც შეაქვს, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც საქართველოს მოქალაქეებისთვის გადმორიცხულ თანხებს (რუსეთის მოქალაქეები თანხის დიდ ნაწილს დეპოზიტებზე ათავსებენ, სადაც ლიკვიდურობის კოეფიციენტი 80%-ს შეადგენს ანუ ბანკებს ამ თანხების ლიკვიდურ აქტივებში შენახვის ვალდებულება გაუჩნდათ).
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება, რომ გზავნილებზე დამოკიდებულება გაიზარდა და მან 2020 წელს ეკონომიკის 13%-ს მიაღწია, სიმართლეს შეესაბამება. პოლიტიკოსი განცხადებაში იყენებს სიტყვას - „მიაღწია.“ სინამდვილეში, გზავნილებზე დამოკიდებულება ყოველთვის მაღალი იყო, მათ შორის, წინა ხელისუფლების დროსაც „მიაღწია“ ორნიშნა მაჩვენებელს, თუმცა სრული კონტექსტი, ამ დამოკიდებულების მაღალი ტემპით ზრდასთან დაკავშირებით, სიმართლეა. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ პოლიტიკოსის განცხადებას აფასებს ვერდიქტით - მეტწილად სიმართლე.