კახა კალაძე: [LGBTQ+ თემის წარმომადგენლებზე] ამ ადამიანებს არავის დაცვა არ სჭირდებათ, რადგან ... მათ იცავს კანონი და სახელმწიფო
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: ადამიანების, მათ შორის LGBTQ+ ადამიანების დაცვა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა. სახელმწიფომ როგორც კანონმდებლობით, ისე ფაქტობრივად უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებების თანაბრად დაცვა.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოს კონსტიტუცია და სხვა საკანონმდებლო აქტები მეტ-ნაკლებად ადგენს LGBTQ+ ადამიანების უფლებებს, სახელმწიფო ამ უფლებების რეალიზაციას ფაქტობრივად არ უზრუნველყოფს. ამის დასტურად, სხვა მაგალითებთან ერთად, 2012-2023 წლებში LGBTQ+ ადამიანებისთვის დემონსტრაციის უფლების რეალიზების შეუძლებლობაც გამოდგება, მაშინ, როდესაც სხვა ადამიანებს არათუ აქციის ჩატარების უფლება ეძლევათ, არამედ სახელმწიფო მათი მხრიდან სხვა ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებზე სათანადოდ არც კი რეაგირებს. LGBTQ+ თემის ფიზიკურ დაუცველობაზე საქართველოს სახალხო დამცველი თავის ანგარიშებშიც საუბრობს.
ამავდროულად, ქართული კანონმდებლობა LGBTQ+ პირების დამცავ წესებს არასრულად აყალიბებს. მაგალითად, კონსტიტუციით, ოჯახად მხოლოდ მამაკაცისა და ქალის ერთობის განსაზღვრა LGBTQ+ წყვილებისთვის სხვა უფლებებით სარგებლობას გამორიცხავს, მათ შორის LGBTQ+ თემის წარმომადგენლებს ართმევს საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლით დადგენილ უფლებებს, ასევე პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული ხანგრძლივი პაემნის უფლებას და ა.შ. სახალხო დამცველის ანგარიში ხაზს უსვამს იმასაც, რომ ადამიანის უფლებათა პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებში LGBTQ+ ადამიანების ხსენებაც კი არ არის.
ნათელია, რომ ფაქტობრივადაც და კანონმდებლობითაც, LGBTQ+ თემის წარმომადგენელთა მიმართ არათანასწორ მოპყრობას ვაწყდებით.
კახა კალაძის მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსი ეწინააღმდეგება როგორც ქართულ საკანონმდებლო სივრცეს, ისე რეალობას. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ამ განცხადებას აფასებს ვერდიქტით - ტყუილი.
ანალიზი: 2023 წლის ივნისში საქართველოში აქტუალური გახდა მაკდონალდსის Happy Meal Readers-ის წიგნი[1], რომელიც ელტონ ჯონის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შეეხებოდა. ეს წიგნი მმართველი პარტიის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა, კერძოდ, მისმა რამდენიმე წარმომადგენელმა დაგმო მისი შინაარსი. მაგალითად, ირაკლი კობახიძემ, ირაკლი ღარიბაშვილმა და მამუკა მდინარაძემ წიგნში ელტონ ჯონის შესახებ არსებული ინფორმაცია LGBT პროპაგანდად გამოაცხადეს.
„ფაქტ-მეტრი“ ამ განცხადების სწორედ იმ ნაწილს შეამოწმებს, თუ რამდენად ასრულებს სახელმწიფო და კანონი საკუთარ ვალდებულებას LGBTQ+ თემის მიმართ და ეპყრობა, თუ - არა მოქალაქეებს თანასწორობის პრინციპის დაცვით.
უნდა ითქვას, რომ ,,კანონისა და სახელმწიფოს’’ მიერ ნებისმიერი (და არა მხოლოდ თვითგამოცხადებული უმრავლესობის) ინტერესების დაცვისთვის სათანადო ზომების გატარება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა.
აღნიშნული ვალდებულება, ადამიანის უფლებების საკანონმდებლო რეგლამენტირებასთან ერთად, კანონის აღსრულების სათანადო მექანიზმების შემუშავებას და კანონის აღსრულებას გულისხმობს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ,,სახელმწიფოს მიერ საკუთარი პოზიტიური ვალდებულების შესრულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმ ადამიანებთან მიმართებით იძენს, რომლებსაც არაპოპულარული შეხედულებები აქვთ ან მიეკუთვნებიან უმცირესობებს უფრო ძლიერი მოწყვლადობის გამო“.
სახელმწიფო პოზიტიური ვალდებულების შესრულებისას ვალდებულია, არა მხოლოდ უზრუნველყოს მესამე პირთა მხრიდან ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის უფლებების დარღვევა, არამედ ვალდებულია, შექმნას გარემო, რომელშიც მოქალაქეები საკუთარი უფლებების რეალიზებას შეძლებენ. აქ იგულისხმება არა მხოლოდ საკანონმდებლო ბაზის გამართვა, არამედ ამ კანონის აღსრულებისათვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებაც.
საქართველოს კონსტიტუციაში ძირითადად ყველა უფლება LGBTQ+ თემის წარმომადგენლებსაც ეხება, მათ შორის, დისკრიმინაციის აკრძალვა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება და ა.შ. ამასთანავე საქართველოს პარლამენტმა 2014 წელს მიიღო კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც LGBTQ+ ადამიანებს დისკრიმინაციისაგან იცავს. LGBTQ+ თემის წარმომადგენელთა დამცავი ნორმები გვხვდება სხვა საკანონმდებლო აქტებშიც, მაგ: სისხლის სამართლის კოდექსში.
მიუხედავად LGBTQ+ თემის უფლებების საკანონმდებლო დონეზე რეგულირებისა, საინტერესოა, რამდენად ასრულებს სახელმწიფო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს.
LGBTQ+ ადამიანთა უფლებრივი პრობლემები საქართველოში ყოველთვის არსებობდა, თუმცა ეს ყველაზე მეტად თვალსაჩინო 2012 წლიდან ხდება. 2012 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თბილისში, ღია სივრცეში მშვიდობიანი მსვლელობის ჩასატარებლად გამოსულ LGBTQ+ თემის წარმომადგენლებს სასულიერო პირები და მრევლი ფიზიკურადაც კი დაუპირისპირდა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით, სახელმწიფოს ჰქონდა პოზიტიური ვალდებულება დაეცვა LGBTQ+ პირები, რაც მან ვერ მოახერხა. ასევე სახელმწიფომ დაარღვია გამოძიების ვალდებულება, რადგან სათანადოდ არ გამოარკვია პირები, ვინც პასუხისმგებელი იყო ზემოაღნიშნულ ძალადობაზე.[2]
კონტრ-დემონსტრანტების მხრიდან 2013 წლის 17 მაისს გამართულ მსვლელობასაც მოჰყვა ძალადობა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ სახელმწიფოს არ მიუღია მსვლელობის მონაწილეთა დასაცავად ეფექტური ზომები. შესაბამისად, დაარღვია კონვენციის დებულებები.
2021 წლის 5 ივლისს თბილისში LGBTQ+ წარმომადგენლებს დაგეგმილი ჰქონდათ ღირსების მარშის გამართვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „დაგეგმილი“ „ღირსების მარში“ მისთვის „მიზანშეუწონელია“, საფრთხის შემცველია და მის მიღმა ოპოზიცია დგას“[3] იგი მარშს უწოდებდა პროვოკაციულს და აფრთხილებდა LGBTQ+ ადამიანებს, რომ მათ არ უნდა გააკეთონ ისეთი რამ, რაც საქართველოში მცხოვრები უმრავლესობის გაღიზიანებას გამოიწვევს.[4] (ვრცლად იხილეთ ბმულზე.)
LGBTQ+ თემის წარმომადგენელთათვის მშვიდობიანად არც 2023 წლის 8 ივლისს ჩაუვლია, რადგან მათ თავს მოძალადე ჯგუფები დაესხნენ, რომელთა შესაკავებლადაც სახელმწიფომ სათანადო ზომები ვერ ან არ მიიღო. ამის გამო, ღონისძიების მონაწილეებს ადგილმდებარეობის დატოვება მოუწიათ. მოძალადე ჯგუფებს კი არათუ მხოლოდ კონტრაქციის ჩატარების უფლება მიეცათ, არამედ ღონისძიებისთვის განკუთვნილი ინვენტარი ისე დააზიანეს, რომ პოლიციას მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამ მოვლენებს გამოეხმაურა დღევანდელი სახალხო დამცველი და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობაში ამხილა.
ის, რომ LGBTQ+ ადამიანები ფიზიკურად დაუცველნი არიან, კვლევებითაც დასტურდება. სახალხო დამცველი დასკვნაში LGBTQ+ თემის წარმომადგენელთა უფლებების დაცვის ნაწილში სახელმწიფოს უმოქმედობაზე მიუთითებს.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ 2014 წელს ანტი-დისკრიმინაციული კანონი მიიღო, იგი რეალურად LGBTQ+ ადამიანთა უფლებების სათანადო დაცვას მაინც ვერ/არ ახერხებს. ფაქტია, რომ 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე LGBTQ+ პირების უფლებები აშკარად ირღვევა, განსაკუთრებით კი ისინი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებების რეალიზებას სახელმწიფოს უმოქმედობის გამო ვერ ახერხებენ მაშინ, როდესაც მათ წინააღმდეგ კონტრაქციის ჩამტარებელ ადამიანებს არათუ მანიფესტაციის უფლება არ ეზღუდებათ, არამედ ძალადობასაც არ უკრძალავს სახელმწიფო. ამგვარად, სახელმწიფო LGBTQ+ ადამიანებს განსხვავებულად ეპყრობა.
მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად სრულყოფილადაა LGBTQ+ ადამიანების უფლებები რეგლამენტირებული ქართულ კანონმდებლობაში.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის თანახმად, ქორწინებად ოჯახის შექმნის მიზნით მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი მოიაზრება, რის კრიტიკასაც ვენეციის კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ.
განმარტების თანახმად, 2017 წლამდე მოქმედი საქართველოს კონსტიტუცია ერთნაისქესიანი ადამიანების ქორწინების შესაძლებლობას ტოვებდა. რადგან 2017 წლიდან მოქმედი კონსტიტუცია პირდაპირ გამორიცხავს ერთნაირ სქესიანთა ქორწინების უფლებას, მასში აუცილებლად აღნიშნული უნდა იყოს, რომ მუხლის შინაარსი არ გავრცელდება ერთნაირ სქესიან ადამიანთა ქორწინებაზე. საქართველო, როგორც სხვა სახელმწიფოები, ვალდებულია დაემორჩილოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს და განსაზღვროს ისეთი სამართლებრივი ინსტიტუტი, როგორიცაა, მაგალითად, სამოქალაქო კავშირი, ან რეგისტრირებული პარტნიორობა ერთნაირი სქესის მქონე წყვილებისთვის.[5]
დღევანდელი კონსტიტუცია LGBTQ+ პირებს ანიჭებს სხვადასხვა უფლებას, მათ შორის - თავისუფალი განვითარების და პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, თუმცა LGBTQ+ ადამიანებისთვის კონსტიტუციით ოჯახური კავშირის გამორიცხვა კონსტიტუციაზე იერარქიულად დაბლა მდგომი საკანონმდებლო აქტების დონეზე მრავალ პრობლემას წარმოშობს.
მაგალითად, LGBTQ+ თემის წარმომადგენელთა ოჯახურ კავშირზე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლის ნორმები. ამასთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობაში სხვა სამართლებრივი ინსტიტუტი არსად არაა, თუნდაც სხვა დასახელებით (მაგ: სამოქალაქო კავშირი), რომელიც ისეთი ტიპის უფლებებს მიანიჭებდა ასეთ წყვილს, როგორიც ენიჭება ქალისა და მამაკაცის ოჯახურ კავშირს.
საქართველოს პატიმრობის კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით საპატიმრო დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება პირთა გარკვეული წრისთვისაა განსაზღვრული. მასში LGBTQ+ წყვილებისთვის ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება არ მოიაზრება.
LGBTQ+ თემის უფლებების საკანონმდებლო დონეზე დაუცველობაზე სახალხო დამცველის ანგარიშიც აკეთებს აქცენტს:
„მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ... ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებული სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტები, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია, არათუ არაეფექტიანია ლგბტ+ ადამიანების დაცვის მიმართულებით, არამედ, ეს ჯგუფი საერთოდ არ არის ნახსენები.“
ფაქტია, რომ ქართულ საკანონმდებლო ბაზაში LGBTQ+ პირების დამცველი ნორმები არასრულყოფილადაა წარმოდგენილი. კერძოდ, სახელმწიფო მათ სხვებისგან განსხვავებულად ეპყრობა. ვინაიდან, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ერთ-ერთი ნაწილი LGBTQ+ ადამიანთა უფლებების საკანონმდებლო დონეზე მაქსიმალურად რეგლამენტირებაა, ცხადია, სახელმწიფო ამ ვალდებულებასაც არღვევს.
ზემოთ მიმოხილული გარემოებებიდან ცხადი ხდება, რომ საქართველოს სახელმწიფო, არც საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფს LGBTQ+ თემის უფლებების შესაბამის, სხვებთან თანასწორად დაცვას და არც/ვერც უკვე არსებული კანონებით უზრუნველყოფილი უფლებების რეალიზების სივრცეს ქმნის LGBTQ+ თემის წარმომადგენელთათვის. მეტიც, ადამიანის უფლებათა დაცვისაკენ მიმართული სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტი თემს საერთოდ არც კი ახსენებს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ პოლიტიკოსის ამ განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.
[1] ზემოაღნიშნული წიგნი წარმოადგენს Happy Meal Readers-ის Little People, BIG DREAMS სერიას. ამ სერიაში შედის შემეცნებითი წიგნები ბავშვებისათვის, რომლებიც შეეხება მსოფლიოში გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიას, მათ შორის ჯეინ ოსტინის, მუჰამედ ალის, როზა პარკსის, მარტინ ლუთერ კინგის, ელტონ ჯონისა და სხვ. ელტონ ჯონის ბიოგრაფიის შემცველი წიგნი, სხვა ადამიანებზე დაწერილ წიგნებთან ერთად, მსოფლიო შემეცნებითი კამპანიის ნაწილია. (https://mcdonalds.ge/en/for-family)
[2] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - CASE OF IDENTOBA AND OTHERS v. GEORGIA (12 May 2015) - პარაგრაფი 80