გურამ მაჭარაშვილი: [„პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლაზე] საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია უნდა გაითვალისწინოთ
ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, გურამ მაჭარაშვილის განცხადება არის ტყუილი
რეზიუმე:
საჯარო აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობა დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტია.
აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციის გათვალისწინების ამ უფლებებით სარგებლობის წინაპირობად განსაზღვრა, აბსურდულია და სამართლებრივი სახელმწიფოს შინაარსს ეწინააღმდეგება. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება სწორედ იმიტომაა კონსტიტუციით დაცული, რომ მათ შორის ისეთი აზრის დაფიქსირება უნდა შეგეძლოს, რაც სხვებისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს. ამ უფლების შინაარსი, პირველ რიგში, სწორედ ასეთი შემთხვევებისას პირის ან პირთა ჯგუფის უფლების რეალიზების გარანტირებას გულისხმობს.
გურამ მაჭარაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება წინააღმდეგობაშია, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებებთან იმის შესახებ, თუ როგორ უნდა რეალიზდებოდეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ პოლიტიკოსის ამ განცხადებას აფასებს ვერდიქტით - ტყუილი.
ანალიზი:
8 ივლისს თბილისში, ,,ლისი ვანდერლენდის’’ ტერიტორიაზე ,,პრაიდის კვირეულის’’ დასკვნითი, დახურული ღონისძიება უნდა გამართულიყო, თუმცა სახელმწიფომ ფესტივალი ,,ალტ-ინფოს’’ მიერ ორგანიზებული ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფებისგან ვერ დაიცვა. შედეგად,ფესტივალის ორგანიზატორებისა და მონაწილეების ევაკუაცია გახდა საჭირო.
ვრცლად იხილეთ ,,ფაქტ-მეტრის’’ სტატია.
აღნიშნულ ფაქტს, 10 ივლისს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, ,,ხალხის ძალის’’ წევრი, გურამ მაჭარაშვილი, გამოეხმაურა. მისი თქმით, ,,რაიმე სახის საჯარო აქტივობა როცა გინდა, იმ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია უნდა გაითვალისწინო, რომელიც საჯაროდ გამოხატავს, რომ ეს მათთვის მიუღებელია და გამოწვევაზე არ უნდა წახვიდე“.
,,ფაქტ-მეტრმა’’ გურამ მაჭარაშვილის განცხადება გადაამოწმა.
,,რაიმე სახის საჯარო აქტივობის“ დაგეგმვა და განხორციელება სამართლებრივ ენაზე კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის უფლების რეალიზებას ნიშნავს. ამ უფლებებით თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის უზრუნველყოფა კი, დემოკრატიის ფუნქციური ელემენტია.
რაც შეეხება, ,,აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციის გათვალისწინებით“ საკუთარი, კონსტიტუციურად გარანტირებული, უფლებების რეალიზებაზე უარის თქმას, ეს სრულიად ანტიკონსტიტუციური და ანტიდემოკრატიული ფენომენია და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეასთან ფუნდამენტურ წინააღმდეგობაში მოდის.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თავისუფალი საზოგადოება თავისუფალი ინდივიდებისაგან შედგება, რომლებიც თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობენ, თავისუფლად აზროვნებენ, დამოუკიდებელი შეხედულებები აქვთ და დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობენ, რაც აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და პაექრობას გულისხმობს. [1]
აღნიშნული პროცესის განუყოფელი ნაწილი სწორედ იმ უფლებების თანაბრად და სრულფასოვნად რეალიზების უზრუნველყოფაა, რაც ,,ინდივიდებს, მიუხედავად მათი სტატუსისა, საშუალებას აძლევს ,,გამოხატონ გრძნობები, შეხედულებები და პროტესტი სხვადასხვა საკითხის მიმართ, გააკრიტიკონ საზოგადოებაში გაბატონებული შეხედულებები, წარადგინონ ალტერნატიული ან/და არაპოპულარული მოსაზრებები და მოახდინონ უმცირესობათა თუ მარგინალიზებული ჯგუფების ინტერესების ადვოკატირება“[2]. აქედან გამომდინარე, უმრავლესობასთან კონსესუსი, არა მხოლოდ არ შეიძლება შეკრებისა და გამოხატვის უფლებათა რეალიზების წინაპირობას წარმოადგენდეს, არამედ პირიქით, შეკრება და გამოხატვა უმრავლესობაში გაბატონებულ შეხედულებებზე გალაშქრების საშუალებებია.
სამწუხაროდ, დემოკრატიას ხშირად უმრავლესობის აზრებისა და მსოფლმხედველობის გათვალისწინების აუცილებლობასთან აიგივებენ. რეალურად, ,,პლურალიზმი და დემოკრატია მრავალფეროვნების ჭეშმარიტ აღიარებასა და პატივისცემას ეფუძნება“. შესაბამისად, ,,ყოველთვის აუცილებელია ბალანსი, რომელიც უმცირესობებისადმი სამართლიან და სათანადო მოპყრობას უზრუნველყოფს და დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებას აირიდებს“ („იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Alekseyev v. Russia იმსჯელა, იყო, თუ - არა კონვენციის შესაბამისი 2006-2008 წლებში ღირსების მარშის აკრძალვა - საზოგადოების უმრავლესობის მორალურ ღირებულებებთან მისი შინაარსის შეუთავსებლობის და მოსალოდნელი დაპირისპირების გამო.[3]
სასამართლომ მიუთითა, რომ დაუშვებელია, უმცირესობათა მხრიდან კონვენციით გარანტირებული უფლებით სარგებლობა უმრავლესობის თანხმობაზე იყოს დამოკიდებული. ამ შემთხვევაში, უმცირესობათა უფლებები, მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, იქნებოდა მხოლოდ თეორიული და არა პრაქტიკული და ეფექტიანი, როგორც ამას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია მოითხოვს. [4]
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გურამ მაჭარაშვილის განცხადების ის პათოსი, რომ უმცირესობებს მიკუთვნებულმა იდნივიდებმა საკუთარი უფლებების რეალიზება უმრავლესობის აზრს უნდა დაუქვემდებარონ, „ფაქტ-მეტრის“ მიერ ტყუილად ფასდება.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-13.
[2] საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება (უფლებით დაცული სფერო და შეკრების მართვის სტანდარტი) თბილისი, 2020 ,
[3] იხ.2. გვ.22
[4] იქვე.