ლევან დავითაშვილი: ინფლაციის განაკვეთი მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოსცდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: ეროვნულ ბანკს ინფლაციის მიზნობრივი განაკვეთად 3% აქვს განსაზღვრული. 2019-2022 წლებში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს აჭარბებდა, ამასთან 2021-2022 წლებში სამომხმარებლო ფასების ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი გვქონდა (2021 წელს წლიურმა ინფლაციამ 9.6% შეადგინა, მაგრამ დეკემბერში 13.9%-ს აღწევდა).
2023 წლიდან ფასების ზრდის ტემპმა შემცირება დაიწყო. იანვარ-ივნისში საშუალო-წლიური ინფლაცია 4.6%-მდე შემცირდა, უშუალოდ ივნისში კი - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები მხოლოდ 0.6%-ით გაიზარდა.
ანალიზი: ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, 3 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ინფლაციის შემცირებაზე ისაუბრა, კერძოდ მან განაცხადა: „უახლოესი ინფორმაცია, რომელიც ინფლაციაზე გამოაქვეყნა საქსტატმა, გვეუბნება, რომ საქართველოში, წინა თვესთან [ივნისი მაისთან] შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა. ინფლაციის დონე უკვე ჩამოსცდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს. იცით, რომ ინფლაცია ჩვენ სამ პროცენტზე გვქონდა დაგეგმილი. წინა თვესთან შედარებით, ფასების დონე 0.7 პროცენტით შემცირდა და საქართველოში 2022 წლის მაისის შემდეგ ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს“.
სხვადასხვა პროდუქციაზე ფასები სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლით იზრდება. ინფლაცია ყველა პროდუქტის ფასის ცვლილებას არ ითვალისწინებს. სამომხმარებლო კალათა, რასაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური შეისწავლის, 12 სასაქონლო ჯგუფში შემავალ 305 დასახელების პროდუქტს მოიცავს.
ინფლაცია მეტ-ნაკლებად ყველა სახელმწიფოს დამახასიათებელი მოვლენაა, თუმცა სხვადასხვაა ტემპი. გრძელვადიან პერიოდში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული 3%-იანი ინფლაციის შენარჩუნების შემთხვევაში, სამომხმარებლო ფასების გაორმაგებას 24 წელი დასჭირდება, 2022 წლის 11.9%-იანი ტემპით კი - 6 წელზე ოდნავ მეტი.
90-იანი წლების ჰიპერინფლაციის შემდეგ, მართალია ლარის ხელახალი დენომინაცია საჭირო აღარ გამხდარა, მაგრამ ინფლაცია - ხშირ შემთხვევაში, მაინც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.
სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი 2021-2022 წლებში დაჩქარდა, რაც ძირითადად პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენითა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დამდგარი ახალი რეალობით იქნა ახსნილი. იმავე მიზეზით, საქართველოს გარდა, 2022 წელს ინფლაციამ ათწლეულების რეკორდი სხვა სახელმწიფოთა უმრავლესობაშიც მოხსნა.
საკვებ პროდუქტზე ფასების ზრდის ტემპმა ინფლაციის საშუალო მაჩვენებელსაც გადააჭარბა, რამაც სიღარიბის ზღვარს მიღმა და სიღარიბის ზღვარზე მყოფ ადამიანთა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
2023 წლიდან ინფლაციამ კლება დაიწყო. მეორე კვარტალში ფასების ზრდის ტემპი 1.6%-მდე, ხოლო ივნისში 0.6%-მდე შემცირდა.
გრაფიკი 1: წლიური ინფლაცია (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
გრაფიკიდან ინფლაციის ტემპის კლების შემჩნევა მარტივი შესამჩნევია, თუმცა პირველი 6 თვის საშუალო ინფლაცია ჯერ ისევ 4.6%-ს აღწევს, ხოლო ბოლო 12 თვის საშუალო, წინა 12 თვესთან - 7.6%-ს.
პროდუქტის ფასების გარდა, ინფლაცია გავლენას დაკრედიტებაზეც ახდენს. ეროვნულ ბანკს 2021-2022 წლებში დაკრედიტების პოლიტიკის რამდენიმე მიმართულებით გამკაცრება მოუწია. რეფინანსირების განაკვეთი 3 პროცენტული პუნქტით - 8%-დან 11%-მდე გაიზარდა, რამაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხებიც გააძვირა და პოტენციური მსესხებლების რაოდენობაც შეამცირა. 2022 წელს დამატებითი რეგულაციები სამომხმარებლო სესხებზეც გავრცელდა. სესხის მაქსიმალური ვადა 4-დან 3 წლამდე შემცირდა და იმ პირებს ვისი ხელზე ასაღები ხელფასიც 1500 ლარამდეა, სესხზე ყოველთვიური შენატანის ლიმიტი (PTI კოეფიციენტი) 35%-დან 25%-მდე შემცირდა, ანუ თუ ადამიანის ხელზე ასაღები ხელფასი 1000 ლარია, ის ვერ დაიმტკიცებს იმ მოცულობის სესხს, რომელზეც თვეში 250 ლარზე მეტის გადახდა მოუწევს. 2023 წელს მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაიწყო, რაც ივლისის მდგომარეობით ჯერჯერობით მხოლოდ რეფინანსირების განაკვეთის 10.5%-მდე შემცირებაში გამოიხატება.
ეკონომიკის მინისტრი მართალია, როდესაც ინფლაციის შემცირების ტენდენციაზე საუბრობს. ნელი ტემპით შემცირება ჯერ კიდევ გასული წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო (გამონაკლისს სექტემბერი წარმოადგენდა), 2023 წლიდან კი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და მეორე კვარტალში 3%-იან მაჩვენებელს ჩამოსცდა. ივნისში კი ფასების ზრდის ტემპი 0.6%-მდე შემცირდა და მაისთან შედარებით, 0.7%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა (მცირე უზუსტობას, ბრიფინგის მიმდინარეობისას ლევან დავითაშვილი თავადვე ასწორებს). ამავე დროს 6 თვის საშუალო კვლავ 4.6%-ს აღწევს და პროცესის დაწყების მიუხედავად, ისევ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ნარჩუნდება.