სალომე ზურაბიშვილი: შეკრების უფლების დაცვა, სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას, ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება
ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი:
8 ივლისს თბილისში, ,,ლისი ვანდერლენდის’’ ტერიტორიაზე ,,პრაიდის კვირეულის’’ დასკვნითი, დახურული ღონისძიება უნდა გამართულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებთან ღონისძიების ყველა დეტალი წინასწარ იყო შეთანხმებული, პოლიციამ ტერიტორია პრორუსული ძალის, ,,ალტ-ინფოს’’ მიერ ორგანიზებული ძალადობრივი აქციისგან „ვერ დაიცვა“. კერძოდ, ანტილგბტ აქციის მონაწილეების მიერ პოლიციის კორდონების გარღვევის შედეგად, ფესტივალის ორგანიზატორებისა და მონაწილეების ევაკუაცია გახდა საჭირო.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, აზრის და შეკრების თავისუფლება დაირღვა. დამატებით მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეკრების უფლების დაცვა ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიების მონაწილეთა ევაკუაციას.
,,ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შეკრების უფლების დაცვა, სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას, ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება. ამ ფორმით და ამ მოტივით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმა ან შინაარსი არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ალბათ, ჩაიშლება, თუკი სამართალდამცველი უწყებები ამ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს იმოქმედეს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
ფაქტ-მეტრმა’’ სალომე ზურაბიშვილის განცხადება გადაამოწმა.
შეკრების უფლება, როგორც გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა, დემოკრატიული მმართველობის განუყოფელი ნაწილია. ამ უფლებით თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობისა და დემოკრატიულობის ხარისხის საზომადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. [1]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, შეკრების კონსტიტუციური უფლების შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფო, ერთი მხრივ, ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს მშვიდობიანი შეკრების პროცესს (ნეგატიური ვალდებულება), მეორე მხრივ, მას ამ პროცესის მშვიდობიანად წარმართვის დაცვის ვალდებულება ეკისრება (პოზიტიური ვალდებულება).[2] ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ,,ეს პოზიტიური ვალდებულება განსაკუთრებული მნიშვნელობის იმ ადამიანებისთვის არის, რომლებსაც არაპოპულარული შეხედულებები აქვთ ან მიეკუთვნებიან უმცირესობებს უფრო ძლიერი მოწყვლადობის გამო“.
8 ივლისს განვითარებული მოვლენების ჭრილში შეფასების საგანს სწორედ სახელმწიფოს მიერ საკუთარი პოზიტიური ვალდებულების შესრულება/შეუსრულებლობა წარმოადგენს, რადგან ამ შემთხვევაში, შეკრების პროცესის ჩაშლა არა სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ხელშეშლას, არამედ მათ მიერ ყველა იმ შესაძლო ზომის მიუღებლობას უკავშირდება, რომლებსაც შეკრების დაუბრკოლებლად, ექსცესების გარეშე მიმდინარეობა უნდა უზრუნველეყო.
ცხადია, სახელმწიფოს ვალდებულებას არა მხოლოდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, არამედ კანონიერ დემონსტრაციაში მონაწილე პირების ფიზიკური ხელშეუხებლობის უზრუნველყოფაც წარმოადგენს, თუმცა, ამ შემთხვევაში, უნდა შევაფასოთ, გამოიყენეს, თუ - არა სამართალდამცავმა უწყებებმა ყველა შესაძლო ქმედითი ინსტრუმენტი შეკრების ფასილიტაციისთვის[3] და სათანადო ზომების გატარების პირობებში იარსებებდა, თუ - არა ღონისძიების მონაწილეთა ევაკუირების საჭიროება.
ქმედით ინსტრუმენტებზე მსჯელობისას, პირველ რიგში, უნდა შევაფასოთ, რა სახის კონტრიბუცია გასწია სახელმწიფომ ფესტივალის უშუალო გამართვამდე მისი ორგანიზების პროცესში. კერძოდ, გაატარა, თუ - არა უფლებების რეალიზებისთვის აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები; გაუწია, თუ - არა ადეკვატური კონსულტაცია ღონისძიების ორგანიზატორებს; განჭვრიტა, თუ - არა ადეკვატურად ჰომოფობიურად განწყობილი რადიკალური ჯგუფებიდან მომდინარე რისკები და სხვ.
მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ დასკვნითი ღონისძიების ყველა დეტალი სამართალდამცავ უწყებებთან წინასწარ იყო შეთანხმებული. შსს-ს ღონისძიების სათანადო დაცვის საჯარო პირობა არამხოლოდ ,,პრაიდის’’ ორგანიზატორების, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლების წინაშე ჰქონდა გაცემული. აღნიშნული ფაქტი აჩენს გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ სამინისტრომ მოსალოდნელი დაძაბულობის რისკები წინასწარ შეაფასა და დაასკვნა, რომ ,,ლისი ვანდერლენდის’’ ტერიტორიაზე ,,პრაიდის’’ წარმომადგენლები ღონისძიებას ექსცესების გარეშე გამართავდნენ.
შსს-ს 8 ივლისს განვითარებულ მოვლენებამდე არ განუცხადებია, რომ ტერიტორიის დაცვა გართულდებოდა, თუმცა 8 ივლისს შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ,, ,,კონტრაქციას’’ ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდა, რომლებმაც შემოვლითი გზებით შეაღწიეს ტერიტორიაზე და კორდონების გარღვევაც მოახერხეს‘’. ეს გარემოება ნათლად ადასტურებს იმას, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა სათანადო კონსულტაცია ვერც ტერიტორიის შერჩევის ნაწილში ვერ გასწიეს და მოსალოდნელი დაძაბულობის რისკები სათანადოდ ვერ შეაფასეს.
დამატებით, 8 ივლისის მოვლენების ამსახველი არაერთი ვიდეო გვარწმუნებს, რომ ძალადობრივმა მოძრაობამ ტერიტორიაზე არამხოლოდ შემოვლით გზებით შეაღწია, არამედ მათ ყოველგვარი დამატებითი საპოლიციო ბარიერების გარეშე შეძლეს პოლიციის მობილიზებული კორდონების გარღვევა, რაც დიდი ალბათობით, იმით იყო განპირობებული, რომ პოლიციას ,,კონტრაქციის’’ მონაწილეთა წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები არ გამოუყენებია.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში მსგავსი ქეისები სახელისუფლებო ორგანოების წინდაუხედაობად ფასდება. (,,ქუჩის შეტაკებების მოსალოდნელობის გათვალისწინებით, სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან წინდახედული იქნებოდა მხოლოდ ისეთი ქმედება, როდესაც უზრუნველყოფილი იქნებოდა უფრო მეტი პირადი შემადგენლობა, მაგალითად, პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზებით“ - ,,იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ’’).
გარდა ამისა, ევროპული სასამართლო იგივე საქმეში პირდაპირ მიუთითებს, რომ ,,დემოკრატიაში კონტრდემონსტრაცია არ შეიძლება გადაიზარდოს დემონსტრაციის უფლების განხორციელების შეფერხებაში“. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, ოპონენტებისგან ფიზიკური ანგარიშსწორების შიშის გარეშე გამართონ დემონსტრაცია.
საბოლოო ჯამში, პრეზიდენტის განცხადების ის პათოსი, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს ძალადობრივი კონტრდემონსტრანტების სათანადოდ შეკავება (ანუ ვერ შეასრულეს საკუთარი პოზიტიური ვალდებულება) და რომ შეკრების უფლების დაცვა ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა უსაფრთხოების მიზნით ღონისძიების მონაწილეთა ევაკუაციას, ,,ფაქტ-მეტრი’’ აფასებს ვერდიქტით სიმართლე.
შენიშვნა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მშვიდობიანი დემონსტრაციების დაცვის წინაპირობა ხელისუფლების ორგანოების მიერ საკუთარი პროცედურული ვალდებულების შესრულება, ინციდენტთან დაკავშირებული ყველა სამართალდარღვევის იდენტიფიცირება და მათზე სათანადო რეაგირებაა ,,ძალადობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების გამოაშკარავების აუცილებლობისხაზგასმით’’. სამწუხაროდ, 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები ამ დრომდე სათანადოდ არ არის გამოძიებული, რაც 2023 წლის 8 ივლისს მიმდინარე მოვლენების ერთ-ერთ წამახალისებელ ფაქტორად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
[1] საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, თავი მეორე, საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, თბილისი, 2013, 281.
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/538 გადაწყვეტილება საქმეზე, „პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.