სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსახულებით კარიკატურები ვრცელდება. Facebook-მომხმარებლები ცდილობენ, შექმნან შთაბეჭდილება, რომ დასავლეთში უკრაინას დასცინიან და თავიანთ დამოკიდებულებას ჟურნალებზე ზელენსკის დამცინავი კარიკატურების დაბეჭდვით გამოხატავენ.

დეზინფორმაცია 1: გერმანული გაზეთის „Handelsblatt“-ის გარეკანზე ზელენსკის კარიკატურა დაბეჭდეს

როგორც რუსული, აგრეთვე ქართული ანგარიშები სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ გერმანული გაზეთის „Handelsblatt“-ის გარეკანის ფოტოს, რომელზეც ვოლოდიმირ ზელენსკი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგია აღბეჭდილი. ზელენსკი თითქოს ცდილობს შეაღწიოს კარში, რომელზეც „ნატო-ს“ სიმბოლოა გამოსახული, ხოლო მოშორებით მდგარი სტოლტენბერგი მას დასცინის.

პროპაგანდისტების მიერ შექმნილ გარეკანზე დატანილი ინფორმაციის მიხედვით, გაზეთის აღნიშნული ნომრის თარიღად 14/15/16 ივლისია მითითებული, ხოლო გამოცემის ნომერია 134. გაზეთის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც ყველა გარეკანის არქივია წარმოდგენილი, აღნიშნული სურათით არც ერთი ნომერი არ იძებნება. რეალურად, 14/15/16 ივლისით დათარიღებულ 134-ე გამოცემას სრულიად სხვა გარეკანი აქვს.

გარდა ამისა, გერმანულმა გამოცემა „Handelsblatt“-მა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე განცხადებაც გააკეთა, სადაც გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება.

დეზინფორმაცია 2: თურქული სატირული ჟურნალის გარეკანზე ზელენსკის კარიკატურა დაბეჭდეს

რაც შეეხება თურქული ჟურნალის „LeMan“-ის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას, აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ჟურნალის გაყალბებული გარეკანის ფოტოებს რუსულენოვანი ანგარიშები ავრცელებდნენ.

ჟურნალის გაყალბებულ გარეკანზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, რიგით 1633-ე ნომერი 13 ივლისს გამოვიდა, თუმცა ინფორმაციის გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ რეალურად ამავე კვირის ნომერი 12 ივლისს გამოვიდა (ჟურნალი კვირაში ერთხელ გამოდის) და სწორედ ის იყო რიგით 1633-ე.

„Handelsblatt“-ის მსგავსად, თურქული გამოცემა „LeMan“-იც გამოეხმაურა გავრცელებულ დეზინფორმაციას და ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე „უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის“ ტვიტი გააზიარა, სადაც ნათქვამია, რომ გარეკანი გაყალბებულია.

აღსანიშნავია, რომ რუსი პროპაგანდისტებისთვის, უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით, სხვადასხვა დასავლური გამოცემის გარეკანის გაყალბება ახალი არ არის. აქამდეც გაუყალბებიათ ფრანგული „Charlie Hebdo“, გერმანული „Titanic“, პოლონური „Polityka“ ბრიტანული „DAILY EXPRESS“, ამერიკული „Humor Times“, ესპანური „Eljueves“ და სხვა.

ამგვარად, ზემოაღნიშნული ორივე კარიკატურა ყალბია.

--------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.