იაგო ხვიჩია: ზეგ შეიძლება საკუთარი ბავშვის ვიდეოები ჩაწეროს ადამიანმა, ჩვენ ფულს გადავიხდით, როცა ამ „ფლეშკას“ ვიყიდით და იქ შესული იქნება საავტორო უფლებების გადასახადი
ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, იაგო ხვიჩიას განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი:
3 ივლისს პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით - 73 ხმით მხარი დაუჭირა.
ჯერ კიდევ კანონპროექტის მიღებამდე, 26 ივნისს, „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ცვლილებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი მიმართულია მომხმარებელთა საწინააღმდეგოდ.
„რაც შეეხება საავტორო უფლებების გადააზრებას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ის, რომ ის საერთოდ არავის ინტერესს დაიცავს, მიმართულია მსმენელების, ანუ მომხმარებელთა საწინააღმდეგოდ. მაგალითად, ამ კანონპროექტით იბეგრება შემომტანები „ფლეშკის“, დისკის, რაიმე მეხსიერების, სადაც შეიძლება რაიმე მუსიკა, ფილმი ჩაწერო. მიუხედავად იმისა, რომ ზეგ შეიძლება საკუთარი ბავშვის ვიდეოები ჩაწეროს ადამიანმა, ჩვენ ფულს გადავიხდით, როცა ამ „ფლეშკას“ ვიყიდით და იქ შესული იქნება საავტორო უფლებების გადასახადი“, - აღნიშნა მან.
„ფაქტ-მეტრმა“ იაგო ხვიჩიას განცხადება გადაამოწმა.
პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მწარმოებელთა და იმპორტიორთათვის ჰონორარის გადახდის ვალდებულების დაკისრება ზემოთ წარმოდგენილი კანონპროექტის ინოვაციას არ წარმოადგენს. მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე მსგავსი სახის ფინანსური თუ ადმინისტრაციული ტვირთი ცვლილებებამდეც წესდებოდა, რაც „შპს ალტამ“, „შპს ოქეიმ“, „შპს ზუმერი ჯორჯიამ“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტმა“ და „შპს სმაილმა“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს კიდეც (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N2/1/877 გადაწყვეტილება, საქმეზე „შპს ალტა“, „შპს ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და „შპს სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე დაწესებული ვალდებულების აღსაწერად ტერმინის - ,,დაბეგვრა’’, გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან გადახდილი ჰონორარი ნაწარმოების ავტორებს, შემსრულებლებსა და ფონოგრამის დამამზადებლებს შორის ნაწილდება. შესაბამისად, ნორმით გათვალისწინებული ფინანსურის ტვირთის გაღება არ ხდება სახელმწიფოს სასარგებლოდ, ზოგადი ან/და კონკრეტული საჯარო სერვისების დაფინანსების მიზნით.[1]
იმის აღსაქმელად, თუ რას და რატომ აკრიტიკებს პოლიტიკოსი, მოკლედ აღვწერთ, თუ როგორ მოქმედებს მსგავსი მოწესრიგება პრაქტიკაში.
კანონის თანახმად, ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს, უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი ჰონორარი. ამ ჰონორარის გადახდაზე ვალდებულ პირად კანონი იმპორტიორებსა და მწარმოებლებს ასახელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მწარმოებლები და იმპორტიორები მესამე პირების მიერ ნაწარმოების შესაძლო რეპროდუცირების გამო საავტორო უფლებების მფლობელთა წინაშე პასუხისმგებელნი არიან.
მეტიც, მწარმოებლებსა და იმპორტიორებს ჰონორარის გადახდა/პროდუქციის ფასის გაზრდა იმ საქონელზეც უწევთ, რომელიც მომავალში შესაძლოა, საერთოდ ვერ რეალიზდეს ან სახეზე არ იყოს ნაწარმოების რეპროდუცირება. იაგო ხვიჩიას სიტყვები რომ მოვიხმოთ, შესაძლოა ჩვენ ვიყიდოთ მეხსიერების ბარათი საკუთარი შვილის ფოტოების შესანახად, თუმცა მის ფასში გათვალისწინებული იქნება საავტორო ჰონორარი, რომელიც შემდეგ საავტორო უფლებების მფლობელებზე გადანაწილდება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ,,იმპორტიორებისა და მწარმოებლებისათვის ფინანსური ტვირთის დაწესება მათ მიერ სარეალიზაციო პროდუქციაზე, გარკვეულწილად, იძლევა ტვირთის მომხმარებელზე გადანაწილების შესაძლებლობას. კერძოდ, ეკონომიკური აგენტებისათვის ამა თუ იმ პროდუქციის რეალიზაციაზე დამატებითი ფინანსური ტვირთის დაწესებისას მაღალი ალბათობით ივარაუდება, რომ ეს ტვირთი აისახება პროდუქციის საბაზრო ფასზე. შესაბამისად, იმპორტიორებისა და მწარმოებლების მიერ ჰონორარის გადახდა, გადახდილი ჰონორარის ფარგლებში იწვევს პროდუქციის (შესაბამისი მოწყობილობებისა და ინფორმაციის მატარებლების) ფასის ზრდას. შედეგად, არაპირდაპირ ტვირთი უწესდებათ იმპორტიორებისა და მწარმოებლების მიერ რეალიზებული პროდუქციის მომხმარებლებს“.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველა იმგვარი მოწყობილობის იმპორტიორი თუ მწარმოებელი, რომელ მოწყობილობაზეც შეიძლება პირმა ფილმი, მუსიკა, ფოტო და ა.შ. ჩაწეროს, ვალდებული იქნება გადაიხადოს ფასნამატი. ეს კი, ბუნებრივია, შემდგომში აისახება ასეთი მოწყობილობების ფასზე, რომლის გადახდაც, საბოლოო ჯამში მომხმარებლებს მოუწევთ მათი შეძენისას, მიუხედავად იმისა, ისინი შესაბამის მოწყობილობას რისთვის გამოიყენებენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოთ აღწერილ პრაქტიკაზე იმპორტიორთა საკუთრების უფლების ჭრილში იმსჯელა და დაასკვნა, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. მსჯელობის თანახმად, იმპორტიორებისა და მწარმოებლების მიმართ ფაქტობრივად რჩება მხოლოდ ჰონორარის გადახდის ადმინისტრირების, მისი ფასში შეყვანის ეკონომიკური ტვირთი, ამავე დროს, ჰონორარის გადახდის შედეგად პროდუქციის ფასი იმდენად არ იზრდება, რომ ფაქტობრივად შეუძლებელი გახდეს ან/და არსებითად გართულდეს მისი რეალიზება, რაც შეუსაბამოდ მძიმე ტვირთად დააწვებოდა მოსარჩელეთა სამეწარმეო საქმიანობას.
ვინაიდან, საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ მწარმოებელთა და იმპორტიორთა უფლებებზე იმსჯელა, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება მომხმარებელთა უფლებების საკითხი. კერძოდ, რამდენად კონსტიტუციურია მომხმარებელმა ხარჯი გასწიოს (საავტორო ჰონორარისთვის განკუთვნილი ფასნამატი) იმ პროდუქციაზე, რომელსაც არა თუ აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების რეპროდუცირებისთვის, არამედ პირადი სარგებლობისთვის იყენებს. აღნიშნულ კითხვაზე პასუხის არარსებობის მიუხედავად, იაგო ხვიჩიას განცხადების ის პათოსი, რომ ამგვარი პრაქტიკა მომხმარებლის ჯიბეზე აისახება, ,,ფაქტ-მეტრი’’ აფასებს ვერდიქტით - სიმართლე.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N2/1/877 გადაწყვეტილება, საქმეზე „შპს ალტა“, „შპს ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და „შპს სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ იხ. 25 პარაგრაფი.