რომან გოცირიძე: 2022-ში საქართველოს მოსახლეობა ძირითადად რუსების ხარჯზე გაიზარდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.
ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებით: „შარშან, 100 000 ჩვენი მოქალაქე წავიდა ქვეყნიდან, 44 ათასი დაბრუნდა... მიგრაციული სალდო უარყოფითია, - 44 ათასი და კატასტროფაა. 2022-ში ჩვენი მოსახლეობა გაიზარდა. სიკვდილიანობა 7 ათასით უფრო მეტია, ვიდრე შობადობა. როგორ გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა? ძირითადად რუსების ხარჯზე გაიზარდა“.
2022 წელს საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 47.8 ათასით (1.3%-ით) გაიზარდა და 3 736.4 ათასი კაცი შეადგინა. მოსახლეობის რაოდენობის ზრდა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლამ განაპირობა, რომელთა უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა.
მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: ბუნებრივი მატება (სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის) და მიგრაციული სალდო (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის). 2022 წელს ქვეყანაში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითი (-6 799), ხოლო მიგრაციული სალდო დადებითი იყო, რამაც მოსახლეობის რაოდენობის ზრდა გამოიწვია. მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი სხვა ქვეყნის მოქალაქეების, უმეტესწილად რუსეთის, შემოდინებით არის განპირობებული. ამავე წელს ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების გადინება მკვეთრად გაიზარდა. 2022 წელს 46.4 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია (ამ თემაზე „ფაქტ-მეტრი“ ადრეც წერდა, იხილეთ: ვრცლად).
„ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.