ბექა ლილუაშვილი: 660 000 ადამიანი, თავს უკიდურესად გაჭირვებულად მიიჩნევს... ყოველწლიურად 100 ათასი ქართველი სხვა ქვეყანაში გარბის
27 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარტია „საქართველოსთვის” წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა: „660 000 ადამიანი, თავს უკიდურესად გაჭირვებულად, ღატაკად მიიჩნევს... აქ მოვისმინეთ ჩვენ სხვადასხვა ციტატები აყვავებულ ქვეყანაზე, საიდანაც ყოველწლიურად 100 ათასი ქართველი სხვა ქვეყანაში უკეთესი ცხოვრებისთვის, ოჯახის შენახვისთვის გარბის".
ბექა ლილუაშვილი: 660 000 ადამიანი, თავს უკიდურესად გაჭირვებულად, ღატაკად მიიჩნევს...
ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბექა ლილუაშვილის განცხადება არის სიმართლე.
ბექა ლილუაშვილი განცხადებაში სოციალურად დაუცველ ოჯახებზე საუბრობს. სოციალური დახმარების [საარსებო შემწეობის] სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები არიან, რომელთაც სახელმწიფო ფულადი და სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის მაისის მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა (საარსებო შემწეობის მიმღები და საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმიწფო პროგრამაში ჩართული პირები) 668,555-ია. ფაქტია, რომ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 17.8% სოციალურად დაუცველია და უკიდურესი გაჭირვების გამო, არსებობისთვის აუცილებელ მინიმუმს სახელმწიფოსგან ითხოვს.
ამრიგად, ფაქტ-მეტრი ბექა ლილუშვილის განცხადების ამ ნაწილს აფასებს ვერდიქტით - სიმართლე.
ბექა ლილუაშვილი: ყოველწლიურად 100 ათასი ქართველი სხვა ქვეყანაში გარბის
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბექა ლილუაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
ემიგრაცია, ნამდვილად არის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა (სიღარიბე, უმუშევრობა, არასათანადო ანაზღაურება და ა.შ.). თუმცა, როდესაც მიგრაციის მაჩვენებელზე ვსაუბრობთ, მართებულია, მიგრაციული სალდო განვიხილოთ, ანუ სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის. ბექა ლილუაშვილი განცხადებისას, მხოლოდ ემიგრანტების (ანუ ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელზე) საუბრობს, ხოლო ქვეყანაში შემოსულთა/დაბრუნებულთა მაჩვენებლებს უგულებელყოფს, რაც არსებულ რეალობას გადაჭარბებულად და კიდევ უფრო მწვავედ წარმოაჩენს. (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე. რიგ შემთხვევაში მიგრაციულ სალდოს ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინება აბალანსებს. მაგალითად, 2022 წელს ქვეყანაში მიგრაციული სალდო დადებითი იყო, რაც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების (რომელთა უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა) შემოსვლამ განაპირობა. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს თუ განვიხილავთ, მიგრაციული სალდო კვლავ უარყოფითია. ბექა ლილუაშვილი განცხადებაში საქართველოს მოქალაქეებზე საუბრობს.
საქსტატის მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს, ვიდრე ბრუნდება. ამ მხრივ გამონაკლისი იყო 2020 წელი, როდესაც დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა, ეს არის პანდემიური პერიოდი, როდესაც ქვეყნის საზღვრები ჩაკეტილი იყო და ადამიანები ვერ მიდიოდნენ ემიგრაციაში. ამასთან, პანდემიის პერიოდში მოქალაქეების დიდი ნაწილი დროებით დაბრუნდა ემიგრაციიდან. 2021-2022 წლებში კი საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.
2022 წელს 46.4 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია (იხილეთ: გრაფიკი 1). 2013-2022 წლებში, საქართველო ჯამში 213.8 ათასით მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა.
გრაფიკი 1: საქართველოს მოქალაქე ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის სხვაობა
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ამრიგად, ყოველწლიურად ქვეყანას უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე ტოვებს, ვიდრე ბრუნდება. ამასთან, 2022 წელს ემიგრაციის მაჩვენებლები (ემიგრანტები, ემიგრაციული სალდო) რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. თუმცა მტკიცება, რომ ყოველწლიურად 100 ათასი ქართველი მიდის ემიგრაციაში, გადაჭარბებულია. როგორც ზემოთმოცემული გრაფიკიდან ჩანს, ემიგრაციის ასეთი მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ 2022 წელს დაფიქსირდა. ამასთან, მხოლოდ ემიგრანტების (ანუ ქვეყნიდან გასვლის) მაჩვენებელზე აპელირება, ხოლო ქვეყანაში შემოსულთა/დაბრუნებულთა მაჩვენებლის უგულებელყოფა არსებულ რეალობას კიდევ უფრო მწვავედ წარმოაჩენს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ ბექა ლილუაშვილის განცხადების ამ ნაწილს აფასებს ვერდიქტით - ნახევრად სიმართლე.