შალვა კერესელიძე: მთავრობა რთვლის სუბსიდირებაზე ყოველწლიურად არაეფექტურად ხარჯავს ასეულ მილიონობით ლარს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა კერესელიძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: საქართველოში ყურძნის ფასის სუბსიდირება 2008 წლიდან იწყება, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ეკონომიკური ემბარგო დააწესა. ვინაიდან იმჟამინდელი ქართული ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთის ფედერაცია გახლდათ, ემბარგომ იმდროინდელ ქართულ მეღვინეობას უდიდესი სოციალური და ეკონომიკური ზიანი მოუტანა. ამ ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების აღმოსაფხვრელად და იმისთვის, რომ მევენახეებისთვის საქმიანობას რენტაბელობა შეენარჩუნებინა, ყურძნის ფასის სუბსიდირება გახდა საჭირო. 2008 წლიდან მოყოლებული რთვლის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეული სახსრები გამოიყოფა. თანხის რაოდენობა განსაკუთრებით ხელისუფლების ცვლილების შემდეგ - 2013 წლიდან იზრდება. შემდგომ 2016-2018 წლებში კლების ტენდენცია იკვეთება. მთავრობამ 2018 წლიდან სუბსიდირებიდან გასვლის გადაწყვეტილებაც მიიღო, თუმცა საბოლოო ჯამში, ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძნის შეძენა მაინც განახორციელა. რთვლის სუბსიდირების თანხები განსაკუთრებით ბოლო წლებში არის გაზრდილი, რაც იმით არის განპირობებული, რომ ყურძნის ფასის სუბსიდირების გარდა, მთავრობა ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძნის შესყიდვასაც ახორციელებს. ყურძნის გაზრდილი მოსავლის გამო კი ყოველწლიურად ბაზარზე დარჩენილი სულ უფრო მეტი ჭარბი ყურძნის შესყიდვა უწევს.
ბოლო წლებში ყურძნის ფასის სუბსიდირება სოციალური დახმარება უფროა, ვიდრე დარგის განვითარების ხელშეწყობა და დარგზე ერთგვარ უარყოფით გავლენასაც კი ახდენს. საბაზრო ეკონომიკის პირობებში პროდუქტის ფასს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის თანაფარდობა განსაზღვრავს. საქართველოში სუბსიდიას მიჩვეული ფერმერთა ნაწილი ყურძნის ფასით ყოველწლიურად უკმაყოფილო რჩება. აღნიშნულის სათავე წლების განმავლობაში პოლიტიკოსების მიერ გაცემული უხვი დაპირებები და სუბსიდირების პოლიტიკაა, რაც მევენახეებს მუდმივად გადაჭარბებულ მოლოდინებს უჩენს. გარდა ამისა, იმის იმედად, რომ მთავრობა ჭარბ და უხარისხო ყურძენს მაინც შეისყიდის, ფერმერების ნაწილი ხარისხზე ნაკლებად ზრუნავს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყურძნის სუბსიდირება მევენახეობის დარგს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს და მას უფრო მიმზიდველს ხდის. აქედან გამომდინარე, ფერმერი ხშირად არჩევანს ვენახის გაშენებაზე აკეთებს, რაც თავის მხრივ ჭარბ წარმოებას იწვევს.
განხილულიდან გამომდინარე, შალვა კერესელიძის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა შალვა კერესელიძემ რთვლის სუბსიდირების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: „მთავრობა რთვლის სუბსიდირებაზე ყოველწლიურად არაეფექტურად ხარჯავს ასეულობით მილიონ ლარს და უფრო მეტიც, ჭარბ, ჩაუბარებელ ყურძენს მთლიანად ყიდულობს სასპირტე მასალის წარმოებისთვის“.
საქართველოში ყურძნის ფასის სუბსიდირება 2008 წლიდან იწყება, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ეკონომიკური ემბარგო დააწესა. ვინაიდან იმჟამინდელი ქართული ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთის ფედერაცია გახლდათ, ემბარგომ იმდროინდელ ქართულ მეღვინეობას უდიდესი სოციალური და ეკონომიკური ზიანი მოუტანა. ამ ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების აღმოსაფხვრელად და იმისთვის, რომ მევენახეებისთვის საქმიანობას რენტაბელობა შეენარჩუნებინა, ყურძნის ფასის სუბსიდირება გახდა საჭირო. 2008-2012 წლამდე ყურძნის სუბსიდირების პროგრამა მცირე მასშტაბის იყო. კერძოდ, 1 კგ რქაწითლის ჯიშის ყურძნის დასუბსიდირება საქართველოს ბიუჯეტს 0.15 ლარი უჯდებოდა, საფერავის ჯიშის - 0.25 ლარი და მუჯურეთული/ალექსანდროული კი 1 კგ -1 ლარი. ბიუჯეტიდან რთვლისთვის აღნიშნულ წლებში საშუალოდ 6-7 მილიონი ლარი იხარჯებოდა.
სიტუაცია 2013 წლიდან შეიცვალა, როდესაც ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, მუჯურეთულ/ალექსანდროულის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი 1 ლარი უცვლელი დარჩა, თუმცა რქაწითელსა და საფერავის ჯიშებზე სუბსიდირება შესაბამისად 0.4 და 0.35 ლარამდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტიდან ჯამურად გამოყოფილი თანხის მოცულობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2013 წელს 32 მილიონ ლარს მიაღწია.
სუბსიდირების სტრუქტურა 2017 წლიდან რადიკალურად შეიცვალა, რაც იმას გულისხმობდა, რომ მთავრობა ყურძნის ფასის სუბსიდირებიდან გავიდა, თუმცა ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესაძენად სახელმწიფო საწარმოებს თანხა მაინც გამოუყო. შესაბამისად, 2017 წლის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხარისხიან ყურძენზე სუბსიდია არ გაიცა. სუბსიდია მხოლოდ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე შენარჩუნდა (1 კგ. ყურძენზე - 2 ლარი). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპენსაცია იმ ღვინის კომპანიებმა მიიღეს, რომელთაც საბრენდე სპირტის და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დასამზადებლად, ერთი კილოგრამი ყურძენი (რქაწითელი და კახური მწვანე) არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდეს. საკომპენსაციო თანხა 1კგ. ყურძენზე 0.35 ლარი იყო.
2018-2019 წლებში მთავრობას ყურძნის ფასის სუბსიდირება აღარ განუხორციელებია, თუმცა ბაზარზე ჭარბი ყურძნის შესაძენად სახელმწიფო საწარმო „აკურას“ ორივე წელს 10-10 მილიონი ლარი გამოუყო, რაც, შეიძლება ითქვას, რთვლის ირიბი სუბსიდირება იყო. 2019 წელს გამოყოფილი 10 მლნ საკმარისი არ აღმოჩნდა და ჭარბი ყურძნის შესაძენად აკუმულირებულმა თანხამ ჯამში 80 მლნ ლარი შეადგინა.
2020 წელს, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ ყურძნის ფასის სუბსიდირების გადაწყვეტილება კვლავ მიიღო. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი გამოიყო. გარდა აღნიშნულისა, ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძნის შესაძენად დამატებითი თანხები გამოიყო და საბოლოო ჯამში, რთვლის სუბსიდირებამ 87.1 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულ წელს მთავრობამ 95 000 ტონა ყურძენი შეისყიდა.
2021 წელს რთვლის სუბსიდირებისთვის ჯამში 138 მლნ ლარი დაიხარჯა. სუბსიდიის ძირითადი თანხა სახელმწიფოს კუთვნილ შპს „მოსავლის მართვის“ კომპანიას ჩაერიცხა (107 მლნ ლარი). კომპანიას აღნიშნული თანხის სანაცვლოდ როგორც საღი, ასევე სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი უნდა ჩაებარებინა და ასევე მიღებული მოსავალი გადაემუშავებინა.
გასულ წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, რთვლის სუბსიდირებისთვის 150 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული (განხორციელდა როგორც თეთრი ყურძნის, ასევე რაჭის ზონაში შავი ყურძნის ფასის სუბსიდირება და ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვა).
2008 წლიდან მოყოლებული ყურძნის სუბსიდირებაზე ჯამურად დახარჯული თანხები შემდეგნაირად გამოიყურება:
ცხრილი 1: 2008-2022 წლებში ყურძნის ცალკეული ჯიშების სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხა და ჯამური ხარჯი (ლარებში)
როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, სუბსიდირების თანხები 2013 წლიდან იზრდება, შემდგომ 2016-2018 წლებში კლების ტენდენცია იკვეთება. მთავრობამ 2018 წლიდან სუბსიდირებიდან გასვლის გადაწყვეტილებაც მიიღო, თუმცა საბოლოო ჯამში ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძნის შეძენა მაინც განახორციელა. რთვლის სუბსიდირების თანხები განსაკუთრებით ბოლო წლებში არის გაზრდილი, რაც იმით არის განპირობებული, რომ ყურძნის ფასის სუბსიდირების გარდა, მთავრობა ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძნის შესყიდვასაც ახორციელებს. ყურძნის გაზრდილი მოსავლის გამო კი ყოველწლიურად ბაზარზე დარჩენილი სულ უფრო მეტი ჭარბი ყურძნის შესყიდვა უწევს.
ზოგადად სუბსიდირება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია და იგი რეალურად დარგის გადარჩენას, განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას უნდა ემსახურებოდეს. საქართველოში მდგომარეობა სხვაგვარადაა. სუბსიდირების პირველ ეტაპზე, როდესაც ქართულმა ღვინომ გასაღების ძირითადი ბაზარი დაწესებული რუსული ემბარგოს გამო დაკარგა, სუბსიდირება გამართლებული იყო. მაგრამ უკვე 2018 წლიდან აღნიშნულმა სხვა შინაარსი შეიძინა.
ბოლო წლებში ყურძნის ფასის სუბსიდირება სოციალური დახმარება უფროა, ვიდრე დარგის განვითარების ხელშეწყობა და დარგზე ერთგვარ უარყოფით გავლენასაც კი ახდენს. საბაზრო ეკონომიკის პირობებში პროდუქტის ფასს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის თანაფარდობა განსაზღვრავს. საქართველოში სუბსიდიას მიჩვეული ფერმერების ნაწილი ყურძნის ფასით ყოველწლიურად უკმაყოფილო რჩება. აღნიშნულის სათავე წლების განმავლობაში პოლიტიკოსების მიერ გაცემული უხვი დაპირებები და სუბსიდირების პოლიტიკაა, რაც მევენახეებს მუდმივად გადაჭარბებულ მოლოდინებს უჩენს. გარდა ამისა, იმის იმედად, რომ მთავრობა ჭარბ და უხარისხო ყურძენს მაინც შეისყიდის, ფერმერების ნაწილი ხარისხზე ნაკლებად ზრუნავს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყურძნის სუბსიდირება მევენახეობის დარგს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს და მას უფრო მიმზიდველს ხდის. აქედან გამომდინარე, ფერმერი ხშირად არჩევანს ვენახის გაშენებაზე აკეთებს, რაც თავის მხრივ ჭარბ წარმოებას იწვევს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხშირად სუბსიდირებას მმართველ პარტიასთან დაახლოებული მსხვილი კომპანიები იღებენ (ამის შესახებ იხილეთ „გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევა), რაც მცირე მარნებს არაკონკურენტულ გარემოში ამყოფებს.
იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყურძნის წარმოება მზარდია, ასევე ღვინის ექსპორტშიც ზრდის ტენდენცია იკვეთება, სასურველია სახელმწიფო ყურძნის და რთვლის სუბსიდირებიდან გავიდეს და დარგს დამოუკიდებლად განვითარების საშუალება მისცეს. სუბსიდირებაში დახარჯული რესურსი კი ქართული ღვინის პოპულარიზაციის ზრდას და ბაზრების დივერსიფიცირებას მოახმაროს, რაც სახელმწიფო სახსრების უფრო გონივრული და მიზნობრივი მოხმარება იქნება.
რაც შეეხება ჭარბი ყურძნის შესყიდვას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვას ჯერ სახელმწიფო საწარმო „აკურა“ ახორციელებდა, რომლის ქარხნის ბაზაზე მთავრობამ 2020 წლის 4 აგვისტოს შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ შექმნა და ჭარბი ყურძნის ჩაბარებაც აღნიშნულმა კომპანიამ გადაიბარა. ტენდერების მონიტორის მონაცემების მიხედვით, კომპანიამ დაარსების დღიდან 11 გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც რვა შემთხვევაში გამარჯვებულად გამოცხადდა. კომპანიის ანგარიშზეა ასევე 202 გამარტივებული შესყიდვა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 15 750 333 ლარი შეადგინა, გარდა ამისა „მოსავლის მართვის კომპანიამ“ 42 კონსოლიდირებული ტენდერი განახორციელა, ჯამში 333 270 ლარის ღირებულების. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური ანგარიშგების პორტალზე გამოქვეყნებული კომპანიის ანგარიშგების (2021 წლის) მიხედვით, 2021 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 65 718 670 ლარი შეადგინა, 2020 წელს იგივე მონაცემი 8 418 340 ლარი იყო (როგორც აღვნიშნეთ, კომპანია ფუნქციონირება 2020 წლის აგვისტოში დაიწყო).
განხილულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა კერესელიძის განცხადება არის სიმართლე.