თამაზ დათუნაშვილი: საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 2022 წელს 52%-ით - 2.5 მლრდ-მდე გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თამაზ დათუნაშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2021 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ რუსეთთან 1.639 მლრდ დოლარი შეადგინა (610 მლნ ექსპორტი და 1.029 მლრდ იმპორტი), 2022 წელს მთლიანი ბრუნვა 51.7%-ით - 2.487 მლრდ დოლარამდე გაიზარდა (ექსპორტი 652 მლნ და იმპორტი 1.835 მლრდ). როგორც სავაჭრო ბრუნვის მოცულობის, ასევე ზრდის ტემპის ნაწილში თამაზ დათუნაშვილის განცხადება სიმართლეს შეესაბამება.

ანალიზი: პარტია „ლელოს“ წევრმა თამაზ დათუნაშვილმა სოციალურ ქსელში მოკლე ვიდეო ე.წ. reels ატვირთა სადაც რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდაზე ისაუბრა, კერძოდ, მან აღნიშნა: „საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ამბობს რომ რუსეთთან 2022 წლის სავაჭრო ბრუნვას 1 მლრდ დოლარისთვის არ გადაუჭარბებია, სიმართლე კი აბსოლუტურად სხვანაირია, ამ რიცხვმა 2.5 მილიარდი დოლარი შეადგინა და წინა წლის იგივე მონაცემთან 52%-ით მეტი იყო“.

1995 წლიდან 2006 წლის ემბარგომდე, 11-დან 9 შემთხვევაში რუსეთი საქართველოს საექსპორტო ბაზარზე პირველ ადგილს იკავებდა (2000 და 2004 წლებში თურქეთმა გაუსწრო). ექსპორტის მსგავსად, იმპორტშიც მოწინავე პოზიციებზე იმყოფებოდა, მთლიან ბრუნვაში კი რუსეთის წილი სტაბილურად 15%-ს აჭარბებდა, რომელიც რუსეთის მიერვე გამოცხადებული ემბარგოს შემდეგ 5%-მდე შემცირდა.

2013 წლიდან ემბარგო ეტაპობრივად მოიხსნა. პირველივე წელს, რუსეთში ექსპორტი 307%-ით - 47 მლნ-დან 191 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 2013-2021 წლებში მთლიანი ექსპორტი 46%-ით - 2.910 მლრდ-დან 4.243 მლრდ-მდე გაიზარდა, ხოლო რუსეთში ექსპორტი ბევრად უფრო სწრაფად, 220%-ით - 191 მლნ-დან 610 მლნ-მდე, რაც საწყის ეტაპზე ბუნებრივია საბაზო ეფექტით აიხსნებოდა და ჩაკეტილი ბაზრის გახსნით იყო განპირობებული.

2022 წელს, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა ისევ ნახტომისებურად გაიზარდა, ოღონდ ამჯერად იმპორტის ხარჯზე. ექსპორტი მხოლოდ 6.8%-ით გაიზარდა, იმპორტი კი - 79.4%-ით, რამაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვა 52%-ით გაზარდა. თუ 2021 წელს რუსეთის წილი სავაჭრო ბრუნვაში 11.4%-ს შეადგენდა, 2022 წელს 13.1%-ს გაუტოლდა.

გრაფიკი 1: სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

უკრაინაში ომის დაწყებამდე, 2022 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტი 38%-ით იყო გაზრდილი, ომის დაწყების შემდეგ 10 თვეში 86%-ით გაიზარდა.

მთლიანი წლის განმავლობაში რუსეთიდან იმპორტი 812 მლნ დოლარით გაიზარდა, ამ 812 მლნ-დან 488 მლნ ნავთობპროდუქტებზე, ძირითადად საავტომობილო საწვავზე მოდის.

საერთაშორისო სანქციების გამო, რუსეთი იძულებული გახდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები მნიშვნელოვანი ფასდათმობით გაეყიდა, რაც ქართველი იმპორტიორებისთვის უფრო მაღალი მოგების მიღების შესაძლებლობა გახდა. თუ 2021 წელს რუსეთის წილი ნავთობპროდუქტების იმპორტში 16%-ს შეადგენდა, 2022 წელს ის 47%-მდე გაიზარდა, 2023 წლის იანვარ-მაისში - 66%-მდე.

2022 წელს, რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობპროდუქტების საშუალო ღირებულება ტონაზე 948 დოლარს შეადგენდა, დანარჩენი მსოფლიოდან 1059 დოლარს. რუსეთიდან საწვავის იმპორტის ზრდა ძირითადად ამ ფაქტმა განაპირობა.

სხვა პროდუქციის იმპორტი 2022 წელს მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, მაგრამ ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე კვლავ თითქმის 100%-იან დამოკიდებულება ნარჩუნდება. 2023 წლის იანვარ-მაისში რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი 112%-ით - 39 მლნ-დან 82 მლნ-მდე გაიზარდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარ მომწოდებლად მაინც აზერბაიჯანი რჩება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოსთვის ცალკეულ პროდუქციაზე რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. უმთავრესად ეს ღვინოა. 2021 წელს რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 55%-ს შეადგენდა, (131 მლნ დოლარი 239 მლნ დოლარიდან), 2022 წელს დამოკიდებულება 64%-მდე გაიზარდა (161 მლნ დოლარი 253 მლნ დოლარიდან), 2023 წლის იანვარ-მაისში კი 66%-მდე (69 მლნ დოლარი 104 მლნ დოლარიდან).

წილობრივად მაღალი დამოკიდებულების გარდა, მეორე პრობლემა ფასია. ქართული ღვინის საექსპორტო ღირებულება ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რუსეთშია. 2022 წლის მდგომარეობით, რუსეთში 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ღირებულება 2.26 დოლარს შეადგენდა, ევროკავშირში - 2.67 დოლარს, ჩინეთში - 3.25 დოლარს და შეერთებულ შტატებში - 5.32 დოლარს.

ღვინის მსგავსად, მინერალური წყლებისა და სპირტიანი სასმელების შემთხვევაშიც რუსეთზე ექსპორტდამოკიდებულება ასევე ძალიან მაღალია. 2023 წლის 23 იანვრიდან რუსეთის მიერ ქართულ ფეროშენადნობზე ამოქმედებულმა დამატებით 21.5%-24.5%-იანმა გადასახადმა, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ინდუსტრიას დამატებითი პრობლემები გაუჩინა.

სრულ ვიდეოში, თამაზ დათუნაშვილი რამდენიმე საკითხს ეხება, მათ შორის იმას, რომ ევროკავშირმა ომის დაწყების შემდეგ, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა შეამცირა, რაც სიმართლეა (ზოგიერთი რიცხვი აბსოლუტურად ზუსტი არაა, მაგრამ სწორია ტენდენცია) და ასევე იმას რომ საქართველო რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება. თუმცა, თავის მხრივ სანქციები, მათი აღსრულება/დარღვევა, განსაკუთრებით კი რა სახის ქმედება შეიძლება იქნას შეფასებული სანქციებისთვის თავის არიდებად, თუ არიდებაში ხელშეწყობად, ცალსახა არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლიტიკურ და არა სამართლებრივ შეფასებაზეა საუბარი. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა კი მოცემული სტატიის ფარგლებს სცდება. შესაბამისად, განცხადების მოცემულ ნაწილზე „ფაქტ-მეტრი“ არ გამოთქვამს შეფასებას. ამავდროულად, მტკიცებაზე, რომ საქართველოს მხრიდან სანქციების დარღვევის ფაქტი ამ ეტაპზე არ დასტურდება, „ფაქტ-მეტრმა“ თებერვალში უკვე მოამზადა სტატია და მოცემულ საკითხზე დაკვირვებას აქტიურად განაგრძობს.

რაც შეეხება თამაზ დათუნაშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც რუსეთთან სავაჭრო ბრუნვაზე საუბრობს, პოლიტიკოსის განცხადება სიმართლეს შეესაბამება, 2022 წელს - 2021 წელთან შედარებით, რუსეთთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვა ნამდვილად 52%-ით - 1.639 მლრდ დოლარიდან 2.487 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი