Facebook მომხმარებელი Дженни Бурджанадзе, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია, (1;2;3) მორიგ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. ამჯერად, მან პოსტი გამოაქვეყნა ფოტოსურათებთან ერთად, რომლებზეც უკრაინული ტანკებია აღბეჭდილი. პოსტის აღწერაში ნათქვამია, რომ „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო ტექნიკასა და აღჭურვილობას ნაცისტური გერმანიის საიდენტიფიკაციო ნიშნები გაუკეთეს“.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის პოსტები და დეზინფორმაცია რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ხშირად ვრცელდება. უფრო მეტიც, რუსეთი სამხედრო ტექნიკაზე ნაცისტურ სიმბოლოებთან დაკავშირებით ყალბ ინფორმაციას 2014 წლიდან ავრცელებს. ამ გზით ის ცდილობს უკრაინელებსა და ნაცისტებს შორის პარალელები გაავლოს, რათა მისი უკრაინის ტერიტორიაზე უკანონო შეჭრა და დანაშაულები გაამართლოს.
რეალურად, ჯვრის სიმბოლოებს ნაცისტებამდე ბევრად ადრე, მაგალითად პრუსიაში იყენებდნენ. კერძოდ, ისინი ნაპოლეონის არმიისგან 1813 წელს სახელმწიფოს გათავისუფლებისთვის ჯილდოდ გამოიყენებოდა.
პრუსიული ჯვრები:
თეთრი ჯვარი უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის სიმბოლოდ მას შემდეგ იქცა, რაც სხვადასხვა ფოტო და ვიდეო მასალებში ხარკოვში მიმდინარე ოპერაციის დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობაზე გამოჩნდა. ეს სიმბოლო იმდენად პოპულარული გახდა, რომ ზოგიერთმა უკრაინელმა საჯარო პირმაც სოციალურ ქსელებში კონტრშეტევის მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის მისი გამოყენება დაიწყო. კონტრშეტევაში გამოყენებული უკრაინული სამხედრო აღჭურვილობის აღმნიშვნელი ნიშანი არის ტოლგვერდა კატაკომბური ჯვარი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "გამარჯვების ნიშანი".
უკრაინელებისთვის ტოლგვერდა ჯვრის გამოყენება კაზაკთა ტრადიციების პატივისცემის სიმბოლოა, ვინაიდან უკრაინული სახელმწიფოებრიობისათვის კაზაკებსა და მათ ბრძოლას დიდი მნიშვნელობა აქვს [1]. ეს ნიშანი კაზაკთა ჰერალდიკასა და დროშებში ხშირად გვხვდება.
ამასთან, მე-16 საუკუნეში თეთრი ჯვარი ზაპოროჟიეს სეჩის [2] დამფუძნებლის, დიმიტრი ვიშნევეცკის გერბის ერთ-ერთი ელემენტი იყო.
მსგავსი ფორმის ჯვარი უკრაინელი სამხედროსა და კაზაკთა ცნობილი ლიდერის, ბოგდან ხმელნიცკის დროშაზეცაა გამოსახული. აღსანიშნავია, რომ ეს მცირე ჩამონათვალია იმ ისტორიული მაგალითებიდან, როდესაც ჯვრის სიმბოლოს უკრაინელი სამხედროები იყენებდნენ. აღნიშნული სიმბოლო ასევე გამოიყენებოდა „რკინის ჯვრის“ ორდენში, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის ომის დროს 1917-1921 წლებში ჯილდოდ გაიცემოდა.
გარდა ამისა საგულისხმოა, რომ უკრაინელი სასულიერო პირები ხაზს უსვამენ ამ ნიშნის გამოყენების რელიგიურ მნიშვნელობას. მართლმადიდებელი მღვდლის გეორგი კოვალენკოს თქმით, ეს ჯვარი სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების სიმბოლოა.
ინფორმაციის დასაზუსტებლად „ფაქტ-მეტრი“ უკრაინულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს Stopfake-სა და VoxUkraine-ს დაუკავშირდა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებზე არსებული სიმბოლო „არის იმავე თეთრი ჯვრის ვარიაცია, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინულ მანქანებზე გამოიყენება, როგორც ტაქტიკური ნიშანი.“
უკრაინულ ტანკებსა და სხვა სამხედრო აღჭურვილობაზე გამოსახული თეთრი ჯვრებისაგან გერმანული ნაცისტური ჯვრები განსხვავებულია. ზოგადად სხვადასხვა ფორმისა და კონტურის ჯვრები მსოფლიოს ქრისტიანულ ქვეყნებში საკმაოდ გავრცელებული სიმბოლოა. მათ ვხვდებით რელიგიური ცერემონიების დროს, ეროვნულ დროშებსა და გერბებზე, ასევე ცხოვრების სხვა სფეროებში. გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთი ჯვარი შეიძლება ერთმანეთის მსგავსი იყოს.
ამგვარად, მტკიცება, რომ უკრაინელები ტანკებზე ფაშისტურ სიმბოლოებს გამოსახავენ, ყალბია.
[1]ისტორიკოსები ზაპოროჟიელ კაზაკებს პირველ წმინდა უკრაინულ საზოგადოებად მიიჩნევენ. როგორც პროტო-სახელმწიფო ერი, ის იბრძოდა არსებობისა და განვითარებისთვის. კაზაკთა არმიამ შექმნა საკუთარი, ცალსახად განვითარებული სახელმწიფო-ადმინისტრაციული სტრუქტურა, რომელიც ძირეულად განსხვავდებოდა მეზობელი სახელმწიფოების მსგავსი სტრუქტურებისგან. ისინი იღებდნენ უცხოელ ელჩებს, დებდნენ საერთაშორისო შეთანხმებებს და სხვ.
[2]კაზაკებმა მე-16 საუკუნის შუა ხანებში შექმნეს დემოკრატიული ტიპის სამხედრო ორგანიზაცია გენერალური ასამბლეით (რადა), როგორც უმაღლესი ხელისუფლება და არჩეული თანამდებობის პირებით, მათ შორის მთავარსარდალი. მათი ცენტრი იყო სეჩი - შეიარაღებული ბანაკი დნეპრის ქვედა მიწებზე, დღევანდელი ზაპოროჟიეს მახლობლად.
------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.