სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ნინოწმინდის ბავშთა სახლის დახურვის სანაცვლოდ, საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და ტელევიზია „ფორმულამ“ სომხური ორგანიზაციებისგან - „პეტერსონ ბელქნაფისგან“, ფრანგულ ფონდ „ხაგანისა“ და „ჯავახკის რუსული დიასპორისგან“ 580 000 ევრო მიიღეს.
სოციალურ ქსელებში მომხმარებლისგან გავრცელებული ინფორმაცია თავდაპირველად საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შესულმა დეპუტატმა ემზარ კვიციანმაც გააზიარა.
ინფორმაცია გავრცელდა ე.წ. ფოტოანაბეჭდის სახით, რომელშიც ვკითხულობთ: „გაირკვა - ნინოწმინდაში ქართული ბავშვთა სახლის დახურვისთვის ნინო ლომჯარიამ და ფორმულა ტვ ხელმძღვანელობამ აშშ სომხური ორგანიზაცია „პეტერსონ ბელქნაფისგან“, ფრანგული ფონდი „ხაგანის“ და „ჯავახკის რუსული დიასპორისგან 580 000 ევრო მიიღო“. ფოტოზე პირველწყარო მითითებული არ არის.
პუბლიკაციას, 7 ივნისის მდგომარეობით, 453 გაზიარება აქვს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ბრალდება სომხების მიმართ არმენოფობიური განწყობების გაღვივების მიზნით ვრცელდება.
ნინოწმინდის პანსიონი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს (ომბუდსმენი ამ საკითხზე 2015 წელსაც წერდა). პანსიონში აღსაზრდელი ბავშვების მიმართ ისეთი ძალადობის ფაქტები გამოიკვეთა, როგორებიცაა ჭამის აკრძალვა, საკვების თავზე დასხმა, სკამის თავში ჩარტყმა.
ნინოწმინდის ბავშვთან სახლიდან აღსაზრდელების გაყვანის მოთხოვნით, სასამართლოს არა სახალხო დამცველმა, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართა.
სახალხო დამცველის აპარატის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ომბუდსმენმა შეისწავლა პანსიონის აღსაზრდელთა ოთხი სისხლის სამართლის საქმე, რომელთაგან ორზე გამოძიება - თავად ომბუდსმენის, ორზე კი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ომბუდსმენის განცხადებით, არასრულწლოვანთა გამოკითხვის ოქმებში საუბარია მათი დასჯის დამამცირებელ, ღირსების შემლახავ და, ხშირად, წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ ქმედებებზე.
2021 წლის 5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა შშმ პირი უნდა გაიყვანონ. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, გავრცელდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს განცხადება, რომლის თანახმადაც, ნინოწმინდის პანსიონიდან ოცი არასრულწლოვანი გაიყვანეს და არასრულწლოვანთა ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში (ბიოლოგიური ოჯახი, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და მინდობით აღზრდა) განათავსეს.
კოალიცია “თანასწორობისათვის” წევრი ორგანიზაციების შეფასებით, ნინოწმინდის პანსიონის კრიზისის შემდეგ, სახელმწიფომ არ დაიწყო რელიგიური პანსიონების დეინსტიტუციონალიზების რეფორმა.
დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის შემცველი პოსტი ნინო ლომჯარიასა და ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ
სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის მიხედვით, ნინო ლომჯარიამ და ტელეკომპანია „ფორმულამ“ ნინოწმინდაში „ქართული“ ბავშვთა სახლის დასახურად „სომხური“ ფული აიღეს.
ნინო ლომჯარიასა და ტელეკომპანია „ფორმულას“ შემოსავლები საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. ნინო ლომჯარია, როგორც სახალხო დამცველი, ყოველწლიურად ავსებდა დეკლარაციებს, ხოლო ტელეკომპანია „ფორმულა“ საკუთარ ფინანსურ შემოსავლებს კომუნიკაციების კომისიას წარუდგენდა. ზემოაღნიშნული ორგანიზაციების მიერ „ფორმულასთვის“ ან ნინო ლომჯარიასთვის ფულის მიცემა არც ერთი ჩანაწერით არ დასტურდება.
გამომდინარე იქიდან, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლის მოვლენები ვითარდებოდა 2021 წელს, გადავამოწმეთ ტელეკომპანია „ფორმულას“ შემოსავლები 2021-2023 წლებში, თუმცა არც ერთ ჩანაწერში არ აისახა პუბლიკაციაში ხსენებული „პეტერსონ ბელქნაფი“, ფონდი „ხაგანი“ ან „ჯავახკის რუსული დიასპორა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, მაუწყელბლების შემოსავლები ღიაა ნებისმიერი პირისთვის, შესაბამისად, ტვ „ფორმულას“ შემოსავლების წყაროები და მიღებული შემოსავლის ოდენობა ასახულია საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე.
რაც შეეხება საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, აღსანიშნავია, რომ მისი, როგორც თანამდებობის პირის შემოსავლები ასევე ხელმისაწვდომია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე, შევსებული დეკლარაციების სახით. ჩვენ შევისწავლეთ ნინო ლომჯარიას მიერ 2020, 2021, 2022 წლებში შევსებული დეკლარაციები და პუბლიკაციაში ხსენებული არც ერთი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
„პეტერსონ ბელქნაფი“ (Patterson Belknap Webb & Tyler LLP) არის საადვოკატო ორგანიზაცია, რომლის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, დაფუძნდა ჯერ კიდევ 1919 წელს და აერთიანებს 200 ადვოკატს. საადვოკატო კომპანიას, 1997 წლის მდგომარეობით, ოფისი სომხეთში ჰქონდა. წლების წინ, აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი იყო ვან ზ კრიკორიანი, რომელიც ამერიკაში სომხური ასამბლეის თანათავმჯდომარეა. ინფორმაცია ვერ მოიძებნა ფრანგულ ფონდ „ხაგანთან“ დაკავშირებით.
რაც შეეხება ორგანიზაცია „რუსეთის ჯავახკურ დიასპორას“, ბევრი ინფორმაცია არც მის შესახებ იძებნება. ცნობილია, რომ ორგანიზაცია არაერთხელ ჩაერია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად სომხური თემის საკითხებში და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომხების სახელით, არაერთი უსაფუძვლო და სეპარატისტული შინაარსის განცხადება გაავრცელა, მიუხედავად იმისა, რომ მას თემის სახელით საუბრის ლეგიტიმაცია არ ჰქონია.
აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაცია, თითქოს ნინოწმინდის ბავშვთა სახლის დახურვისთვის სახალხო დამცველმა და ტელეკომპანია „ფორმულამ“ „სომხური“ ფული აიღეს, ჯერ კიდევ 2021 წელს გავრცელდა. ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია „მითების დეტექტორი“ ამ საკითხზე ტელეკომპანია „ფორმულასა“ და სახალხო დამცველის ოფისს დაუკავშირდა. მათ გავრცელებული ცნობები და რაიმე კავშირი დასახელებულ ორგანიზაციებთან უარყვეს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფეისბუქპუბლიკაცია ნინო ლომჯარიასა და ტელეკომპანია „ფორმულას“ მიმართ დაუდასტურებელ და ყალბ ინფორმაციას შეიცავს. არ არსებობს ამ ინფორმაციის არანაირი ფაქტობრივი საფუძველი, შინაარსით ეს ინფორმაცია კონსპირაციულია და მიზნად ეთნიკური შუღლის გაღვივებას ისახავს.
აქედან გამომდინარე, ფაქტ-მეტრი პოსტში მოცემულ მტკიცებას აფასებს ვერდიქტით ყალბი ამბავი.
--------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.