პაატა მანჯგალაძე: ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, რომ თითქოს არეულობაა ევროპაში და ერთი ერთს გვავალებს, მეორე - მეორეს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პაატა მანჯგალაძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: ვენეციის კომისიის 12 ივნისის დასკვნის თანახმად, საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ უნდა მიიღოს. აღნიშნულ კანონპროექტს კომისია პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობისთვის საფრთხედ მიიჩნევს და ხედავს რისკს, რომ ის შეიძლება პოლიტიკური ოპონენტების შესავიწროებლად გამოიყენონ.
ვენეციის კომისიის დასკვნას იზიარებს ევროკავშირიც, რომელმაც 14 ივნისს დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი არ უნდა მიიღოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები, რომ ვენეციის კომისიასა და ევროკომისიას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით განსხვავებული პოლიზიციები აქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება.
შეცდომაში შემყვანი და მანიპულაციურია მმართველი პარტიის განცხადებები, რომ ქართული კანონპროექტი უკრაინული კანონის ანალოგიურია და ვინაიდან ევროკომისიამ უკრაინული კანონი მოიწონა, შენიშვნები მის ქართულ ანალოგთან არ უნდა არსებობდეს. ვენეციის კომისიის შეფასებით (რომელსაც ევროკავშირი იზიარებს), უკრაინაში არსებული სიტუაცია საქართველოს კონტექსტისგან განსხვავებულია და კანონის ერთი მოდელი ყველა ქვეყანას ვერ მოერგება. კომისიის თანახმად, ოლიგარქიზაციასთან საბრძოლველი ნებისმიერი „სისტემური“ ღონისძიება თითოეული ქვეყნის ისტორიულ, სამართლებრივ, პოლიტიკურ და კონტექსტუალურ მდგომარეობას უნდა შეესაბამებოდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პაატა მანჯგალაძის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვედრდიქტით სიმართლე.
ანალიზი
ვენეციის კომისიამ 12 ივნისს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით გამოაქვეყნა საბოლოო, კრიტიკული დასკვნა, რომლითაც კომისია მმართველ პარტიას მოუწოდებს, არ მიიღოს კანონპროექტი, რამდენადაც მან, შესაძლოა, „სერიოზული საფრთხე შეუქმნას კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს“.
ვენეციის კომისიის დასკვნას „ქართული ოცნებისთავმჯდომარე“, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ევროკომისია დეოლიგარქიზაციის ჩანაწერს 12 პუნქტიდან ამოიღებს და ვენეციის კომისიის დასკვნას გაიზიარებს, მმართველი პარტია კანონს აღარ მიიღებს.
„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, აქაც ძალიან მარტივად არის საქმე, არის წინააღმდეგობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციასა და ევროკომისიის რეკომენდაციას შორის. თუ ერთმანეთში შეთანხმდებიან ევროკომისია და ვენეციის კომისია, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც იტყვის ევროკომისია. მაგრამ დღეს ვენეციის კომისია გვეუბნება ერთს და ევროკომისია გვეუბნება მეორეს და რა იგულისხმება ამაში: ვენეციის კომისია ამბობს, რომ არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ამბობს, რომ სხვადასხვა სფეროში რეფორმები უნდა გატარდეს, რაც ისედაც კეთდება. რაც შეეხება ევროკომისიას, ის ამბობს, რომ ჩვენ პერსონალიზებული მიდგომით უნდა წავიდეთ, ვისაუბროთ სწორედ დეოლიგარქიზაციაზე და თვითონ სიტყვა დეოლიგარქიზაციაც ნიშნავს პერსონალურ მიდგომას“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.
მის ამ განცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე გამოეხმაურა: „ქართული ოცნების" პროპაგანდაა, რომ თითქოს არეულობაა ევროპაში, თითქოს ერთი ერთს გვავალებს, მეორე - მეორეს და ვეღარ გაიგო ირაკლი კობახიძემ, რა უნდა ქნას. სინამდვილეში გვეუბნებიან, რომ სისტემურად მოაგვარეთ ოლიგარქიის პრობლემა და არა უკრაინული კანონის კოპირებით.“
მისივე თქმით, ვენეციის კომისიის პოზიციაა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის რეკომენდაცია უნდა შესრულდეს არა იმ კანონპროექტის მიღებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, არამედ სისტემური მიდგომით, რაც სხვადასხვა სფეროში რეფორმებს გულისხმობს.
„სინამდვილეში გვეუბნებიან, რომ სისტემურად მოაგვარეთ ოლიგარქიის პრობლემა და არა უკრაინული კანონის კოპირებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში რასაც ვამბობდით, ის თქვა ვენეციის კომისიამ. კონტექსტს აქვს დიდი მნიშვნელობა, უკრაინაში ხელისუფლება თავს იცავს ოლიგარქიისგან და აქ ოლიგარქის მიერ არის ხელისუფლების სამივე შტო უზურპირებული“, - განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა.
„ფაქტ-მეტრმა“ პაატა მანჯგალაძის განცხადება გადაამოწმა.
გასული წლის 17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა 12 რეკომენდაცია, რომელთა შესრულების პირობითაც, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. ერთ-ერთი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებას ეხება, რაც ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრას გულისხმობს.
აღნიშნული რეკომენდაციის საპასუხოდ, „ქართულმა ოცნებამ“ „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა.
13 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს დეოლიგარქიზაციის შესახებ. ამავე დღეს, შესწორებული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, რაზეც საბოლოო დასკვნა კომისიამ 12 ივნისს გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიამ მანამდე, 13 მარტს, პირველი მოსმენით მიღებულ პროექტზე შუალედური მოსაზრება (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია აღნიშნულ დასკვნაზე) გამოაქვეყნა.
შუალედური მოსაზრებით კომისიამ უარყოფითად შეაფასა „ქართული ოცნების“ კანონპროექტი იმ ფორმით, როგორითაც ის მას წარედგინა. მეტიც, კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მოიძიოს „ოლიგარქიზაციის“ პრობლემის აღმოფხვრის სხვა შესაძლებლობები, რომლებიც შეესაბამება მიზანს და არ გულისხმობს, რომ გარკვეული პირები გამოცხადდნენ ოლიგარქებად გაურკვეველი კრიტერიუმების საფუძველზე, არაგამჭვირვალე პროცედურებითა და არაეფექტური საპროცესო გარანტიებით.
რა წერია ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში
დასკვნის თანახმად, ვენეციის კომისია აღიარებს, რომ საქართველოს პარლამენტმა შუალედურ მოსაზრებაში მოცემული რეკომენდაციები, ერთი შეხედვით, გაითვალისწინა და ასახა კანონპროექტის შესწორებულ ვერსიაში. მიუხედავად ამისა, კომისია მიიჩნევს, რომ კანონპროექტის დახვეწის მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა კანონის მთავარი პრობლემა მაინც ვერ აღმოფხვრა. კერძოდ, კანონპროექტი კვლავ აძლევს აღმასრულებელ ხელისუფლებას შესაძლებლობას, პოტენციური პოლიტიკური ოპონენტები, ბუნდოვან კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ყოველგვარი დანაშაულის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, საჯაროდ „შეიყვანოს შავ სიაში“.
დოკუმენტის თანახმად, ვენეციის კომისია „ქართული ოცნების“ კანონპროექტს პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობისთვის საფრთხედ მიიჩნევს.
„შესწორებული კანონპროექტის ბოროტად გამოყენების რისკმა და მისი დებულებების შესაძლო თვითნებურმა გამოყენებამ შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს და გააკეთოს ცოტა „ოლიგარქიული“ გავლენის დასაძლევად. პერსონალიზებული დეოლიგარქიზაციის კანონი, როგორადაც კანონპროექტია შეფასებული, შეიცავს რისკს, იქცეს სახიფათო იარაღად ხელისუფლებაში მყოფთა ხელში, პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების მიზნით. შესწორებული კანონპროექტის თვითნებური გამოყენების რისკი განსაკუთრებით რელევანტურია საქართველოს შემთხვევაში საჯარო განცხადებების ფონზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მიღების შემდეგ, ის ოპოზიციაზე გავრცელდება“, - წერია დასკვნაში.
კომისია თვლის, რომ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს აღნიშნული კანონპროექტი. კერძოდ, მიიჩნევს, რომ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები ვერ გამოასწორებს მის გარდაუვალ შეუთავსებლობას ევროპის საბჭოს სტანდარტებთან ადამიანის უფლებების, ასევე, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ.
ამასთან, ოლიგარქიულ ზეგავლენებთან ბრძოლის მიზნით, კომისია სახელმწიფო უწყებებს არსებული სისტემური გამოწვევების სრულფასოვანი ანალიზისა და საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისკენ მოუწოდებს, რაც ხელს შეუწყობს ოლიგარქიული გავლენების აღმოფხვრას.
კერძოდ, კომისიის რეკომენდაციაა, შემუშავდეს კორექტირებული, დამატებითი ან ურთიერთშემავსებელი კანონმდებლობა ან ზომები, რომლებიც მოიცავს:
- ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებას;
- მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებასა და პრევენციას, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების ჯგუფის (GRECO) რეკომენდაციების შესაბამისად;
- სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვას;
- მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის განმტკიცებას;
- ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკის შემდგომ გაუმჯობესებას;
- პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესებისა და კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას;
- ცვლილებებს საგადასახადო კანონმდებლობაში;
- ძირითადი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერებას;
- შეფასებას, თუ როგორ შეუძლია სხვადასხვა ინსტიტუტს (ანტიკორუფციულ ორგანოებს, ანტიმონოპოლიურ კომიტეტს, სახელმწიფო აუდიტს, საბანკო ზედამხედველობის ორგანოებს და ა.შ.) უკეთ იმუშაონ ერთად, რათა თავიდან აიცილონ და აღმოფხვრან ოლიგარქიული გავლენა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე;
ვენეციის კომისიის თანახმად, სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის, მისი რეკომენდაციების სრული დაცვით, უნდა განხორციელდეს სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მისი დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიამ დასკვნაში ყურადღება გაამახვილა და პარალელი გაავლო უკრაინისა და მოლდოვის კონტექსტთან და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებში არსებული სიტუაცია განსხვავდება საქართველოში არსებული სიტუაციისგან. კომისიის შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე აგრესიულმა ომმა ამ ქვეყანაში „ოლიგარქების“ უარყოფითი გავლენის შემცირება გამოიწვია. შესაბამისად, „ოლიგარქების“ წინააღმდეგ გასატარებელი ზომების დრო და მასშტაბები განსხვავებული იქნება საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის.
კომისია დასკვნაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოლიგარქიზაციასთან საბრძოლველად ნებისმიერი „სისტემური“ ღონისძიება უნდა შეესაბამებოდეს თითოეული ქვეყნის ისტორიულ, სამართლებრივ, პოლიტიკურ და კონტექსტუალურ მდგომარეობას.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „უკრაინული კანონის ანალოგიური“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი შეიმუშავა. პარტიის წამომადგენლებისგან არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ თუკი ევროკომისიამ კანონის უკრაინული მოდელი მოიწონა, მაშინ მის ქართულ ანალოგთანაც არ უნდა ჰქონოდათ პრობლემა არც ევროკომისიას და არც ვენეციის კომისიას. მიუხედავად ამისა, როგორც ვენეციის კომისია დასკვნაში აღნიშნავს, ერთი კონკრეტული მოდელი ყველა ქვეყანას ვერ მოერგება და უკრაინის კონტექსტი საქართველოში არსებული სიტუაციისგან განსხვავდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 14 ივნისს განცხადება გაავრცელა ევროკავშირმაც და „დეოლიგარქიზაციის კანონზე“ ვენეციის კომისიის დასკვნა გაიზიარა.
„ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული აღწერილი რისკების გათვალისწინებით. ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გამოსავლის პოვნაში, სისტემური მიდგომის გამოყენებით. წინსვლას ერთად უფრო მძლავრად შევძლებთ", - წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
მოცემული განცხადება ცხადყოფს, რომ არა მხოლოდ ვენეციის კომისია, არამედ ევროკავშირი მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ საქართველომ დეოლიგაქრიზაციის შესახებ შემუშავებული კანონპროექტი არ უნდა მიიღოს და პრობლემის აღმოფხვრაში სისტემური მიდგომა გამოიყენოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები, რომ ვენეციის კომისიას და ევროკომისიას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე, შეცდომაში შემყვანი და მანიპულაციურია მმართველი პარტიის განცხადებები, რომ ქართული კანონპროექტი უკრაინული კანონის ანალოგიურია და ვინაიდან ევროკომისიამ უკრაინული კანონი მოიწონა, შენიშვნები მის ქართულ ანალოგთანაც არ უნდა არსებობდეს. როგორც აღვნიშნეთ, ვენეციის კომისიის შეფასებით, უკრაინაში არსებული სიტუაცია საქართველოს კონტექსტისგან განსხვავებულია და კანონის ერთი მოდელი ყველა ქვეყანას ვერ მოერგება. კომისიის თანახმად, ოლიგარქიზაციასთან საბრძოლველი ნებისმიერი „სისტემური“ ღონისძიება უნდა შეესაბამებოდეს თითოეული ქვეყნის ისტორიულ, სამართლებრივ, პოლიტიკურ და კონტექსტუალურ მდგომარეობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პაატა მანჯგალაძის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვედრდიქტით სიმართლე.