პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ეროვნული ბანკის საბჭოს ხელმძღვანელის კანდიდატურის წარდგენა დღესვე შეუძლია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: 2023 წლის მარტში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, რის შემდეგაც მოვალეობის შესრულებას ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი შეუდგა. ეროვნული ბანკის შესახებ კანონის თანახმად, უწყების პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან, ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს.
2023 წლის ივნისის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის საბჭოს 9 წევრიდან 2 ადგილი ვაკანტურია. კანდიდატები საქართველოს პრეზიდენტმა დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა წარუდგინოს. მმართველი გუნდი და პრეზიდენტი ზურაბიშვილი აღნიშნულ საკითხზე ვერ თანხმდებიან. „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით კი, საბჭოს წევრების არსებული რაოდენობა ხელმძღვანელის წარსადგენად საკმარისია.
„ქართული ოცნების“ განცხადების ფორმულირება ქმნის აღქმას, რომ დღეის მდგომარეობით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგენა და დანიშვნა შეუძლებელია, რაც რეალობას არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში 2 ადგილი ვაკანტურია, საბჭო ლეგიტიმურად ითვლება იქამდე, სანამ წევრთა რაოდენობა 5-ს არ ჩამოსცდება და შესაბამისად, აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება, მათ შორის ხელმძღვანელის კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადება არის სიმართლე. კერძოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევა დღესაც შესაძლებელია და ამისთვის საბჭოს წევრების რაოდენობის მყისიერი შევსების საჭიროება არ დგას.
ანალიზი:
7 ივნისს, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საბოტაჟში დაადანაშაულა, მიზეზად კი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად მოქმედი ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის არ წარდგენა დაასახელა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპასუხო განცხადება საღამოს გაკეთდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან გიორგი მსხილაძის თქმით, ლაშა ხუციშვილის კომპეტენცია ეჭვს არ იწვევდა, თუმცა კითხვებს კანდიდატის დამოუკიდებლობა აჩენდა. მანვე უარყო საბოტაჟის მცდელობა და განაცხადა: „ბანკის [ეროვნული ბანკის] საბჭოს დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა. პრეზიდენტის მიერ დაწყებული საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ამ წარდგინებასთან კავშირში არაა და არც რაიმეს შემაფერხებელია“.
კანონით გათვალისწინებული 7 წლიანი ვადის შემდეგ, 2023 წლის მარტში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. 3 თვის თავზე უწყებას ხელმძღვანელი ჯერ კიდევ არ ჰყავს, ვაკანტურია საბჭოს 2 წევრის თანამდებობაც. მიზეზი საქართველოს პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის უთანხმოებაა.
ეროვნული ბანკის საბჭო სულ 9 წევრისგან შედგება (მუხლი 7). ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს. დასაშვებია, რომ საბჭოს წევრი იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეც. რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან, ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის ეროვნული ბანკის შესახებ უთანხმოება წლებია გრძელდება. 2019 წლის მაისში, სალომე ზურაბიშვილმა საბჭოს წევრებად გიორგი ხიშტოვანი და გიორგი მიროტაძე წარადგინა, იმავე წლის ოქტომბერში გიორგი მიროტაძემ კანდიდატურა მოხსნა, 2020 წლის ივნისში პარლამენტმა გიორგი ხიშტოვანი საბჭოს წევრად არ დაამტკიცა.
გიორგი ხიშტოვანისგან განსხვავებით, პრობლემა არ შეჰქმნია ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, ნათია თურნავას, რომელიც პარლამენტის თანხმობით, ეროვნული ბანკის საბჭოს 2022 წლის ივნისში შეუერთდა. უფრო ადრე, 2021 წლის ივლისში, პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ნიკოლოზ გაგუა, ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა დაამტკიცა.
ეროვნული ბანკის შესახებ უთანხმოებამ პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის 2023 წელს კიდევ ერთხელ იჩინა თავი, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო. საკითხი ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელი წევრების რაოდენობას ეხებოდა. ცვლილებების მიხედვით, აღმასრულებელი წევრების რაოდენობას არააღმასრულებელი წევრების რაოდენობისთვის უნდა გადაეჭარბებინა, რითაც სავალუტო ფონდის შეფასებით, ქმედითი კონტროლი იკარგებოდა. სავალუტო ფონდის შეფასებას ეროვნული ბანკი ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილიც ეთანხმებოდა.
„ქართული ოცნება“ გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით [ეროვნული ბანკი საბჭოს წევრად ლაშა ხუციშვილის არ წარდგენით] ეროვნული ბანკის საქმიანობას საფრთხეს უქმნიდა, საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე ერთი წევრით შევსების შემდეგ კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც გახდებოდა შესაძლებელი. განცხადების თანახმად, აღნიშნული საფუძვლით საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს.
„ქართული ოცნების“ განცხადების ფორმულირება („საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე ერთი წევრით შევსების შემდეგ კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც გახდებოდა შესაძლებელი“) ქმნის აღქმას, რომ დღეის მდგომარეობით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგენა და დანიშვნა შეუძლებელია, რაც რეალობას არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში 2 ადგილი ვაკანტურია, საბჭო ლეგიტიმურია იქამდე, სანამ წევრთა რაოდენობა 5-ს არ ჩამოსცდება. ის ლეგიტიმურად ითვლება და აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება, მათ შორის ხელმძღვანელის კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობა. შესაბამისად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადება არის სიმართლე. კერძოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევა დღესაც შესაძლებელია და ამისათვის საბჭოს წევრების რაოდენობის მყისიერი შევსების საჭიროება არ დგას.