არჩილ მესტვირიშვილი: ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელი წევრების უმრავლესობაში ყოფნა სავალუტო ფონდის რეკომენდაციას ეწინააღმდეგება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არჩილ მესტვირიშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ქმედითი კონტროლისთვის ეროვნული ბანკის საბჭოში არააღმასრულებელი წევრების რაოდენობა აღმასრულებელ წევრების რაოდენობას უნდა აჭარბებდეს, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციაც ითვალისწინებს. პარლამენტში ინიციირებული კანონი კი სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულს რეკომენდაციას ეწინააღმდეგება.

ეროვნული ბანკის საბჭო კანონმდებლობის თანახმად 9 წევრისგან შედგება, საიდანაც 4 აღმასრულებელი, 5 კი არააღმასრულებელი წევრი უნდა იყოს. თუმცა 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით, არააღმასრულებელი წევრის 1 პოზიცია ვაკანტურია და პრაქტიკაში აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა რაოდენობა თანაბარია. 2022 წლის 23 დეკემბერს გამოქვეყნებულ შეფასებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის უსაფრთხოების მისიამ აღნიშნული საბჭოს მხრიდან დამოუკიდებელი ზედამხედველობის შემასუსტებელ ფაქტორად მიიჩნია და მსგავსი ხარვეზის აღმოსაფხვრელად საკანონმდებლო ცვლილების საჭიროებაზე მიუთითა (გვ. 16). თავის მხრივ, პარლამენტში ინიციირებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საბჭოში აღმასრულებელ წევრთა რაოდენობას ზრდიდა და შესაბამისად, IMF-ის რეკომენდაციასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არჩილ მესტვირიშვილის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი:

8 თებერვალს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკის საბჭოში დამატებით პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ჩნდება. განხილვაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა: „ეროვნული ბანკის საბჭო არის უმაღლესი საზედამხედველო ორგანო ეროვნული ბანკის და ამიტომ იქ მნიშვნელოვანი არის, რომ არააღმასრულებელი წევრების რაოდენობა უფრო მეტი იყოს, ვიდრე აღმასრულებელი წევრების და ეს არის აღიარებული პრინციპი. ამ ცვლილებით [აღმასრულებელი წევრების რაოდენობის ზრდით]... გამოდის, რომ 5 არის აღმასრულებელი და 4 არააღმასრულებელი და ამით უკვე ეროვნული ბანკის საბჭო, როგორც ზედამხედველი ორგანო, ზედამხედველის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს. ასევე... ეროვნულ ბანკში იყო სავალუტო ფონდის უსაფრთხოების მისია, რომელმაც ამ პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა, იმიტომ რომ დღეს ერთი ვაკანსია გვაქვს, დღეს არის, 4 აღმასრულებელი, 4 არააღმასრულებელი და ამიტომ მათი რეკომენდაცია იყო, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და ეს უნდა შეიცვალოს და უზრუნველყოფილი უნდა იყოს კანონში, რომ არააღმასრულებელი წევრი ყოველთვის მეტი იქნება, ვიდრე აღმასრულებელი და ეს ცვლილება სავალუტო ფონდთან და ტექნიკური დახმარების ფარგლებში მზადდება და დღეს შემოთავაზებული ვერსია ამისი საწინააღმდეგოა“.

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს პარლამენტს 2023 წლის 1-ელ თებერვალს წარედგინა. ცვლილების თანახმად, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღება იყო გათვალისწინებული. კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებები იმ გარემოებით აიხსნებოდა, რომ მოქმედი კანონი არ აკონკრეტებდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ფუნქციებს - მისი არ ყოფნის შემთხვევაში, სამიდან რომელი ვიცე-პრეზიდენტი შეითავსებდა.

მოქმედი კანონის თანახმად, ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის საზედამხედველო ორგანოა და მის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებს საფინანსო სისტემის სტაბილურობასთან ერთად, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაც წარმოადგენს. ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მიხედვით (მუხლი 4), ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სხვა ორგანოებს უფლება არა აქვთ, ჩაერიონ მის საქმიანობაში ან განახორციელონ მონიტორინგი, გარდა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბჭოს წევრთა დანიშვნის წესსა და ფუნქცია-მოვალეობებს კი იმავე კანონის მე-7 მუხლი არეგულირებს. საბჭო 9 წევრისგან შედგება, საიდანაც 4 აღმასრულებელი წევრია, მ.შ 1 პრეზიდენტი და 3 ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 5 არააღმასრულებელი წევრი. კანონის განხილვის დროს (2023 წლის თებერვალი), საბჭოში ერთი არააღმასრულებელი წევრის პოზიცია ვაკანტური და აღმასრულებელი და არააღმასრულებელი წევრების რაოდენობა თანაბარი იყო (4-4).

პარლამენტს წარდგენილი კანონპროექტის ინიციირებული ვერსია რომ დაემტკიცებინა, აღმასრულებელი წევრების რაოდენობა 5-მდე იზრდებოდა (პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 3 ვიცე-პრეზიდენტი), მაშინ როცა არააღმასრულებელი წევრების რაოდენობა მხოლოდ ოთხია. ეს კი არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, საბჭოს ქმედითი კონტროლის მექანიზმს უკარგავდა.

რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციას, IMF-ის მიერ 2022 წლის 23 დეკემბერს გამოქვეყნებულ რეპორტში (გვ. 16) საერთაშორისო სავალუტო ფონდის უსაფრთხოების მისიამ, ეროვნულ ბანკის საბჭოში აღმასრულებელი წევრებისა და არააღმასრულებელი წევრების რაოდენობის თანაფარდობა (4-4-ზე), საბჭოს მხრიდან დამოუკიდებელი ზედამხედველობის განხორციელებაში ხელის შემშლელი ფაქტორად შეაფასა და მსგავსი ხარვეზის აღმოსაფხვრელად საკანონმდებლო ცვლილების საჭიროებაზე მიუთითა[Legal amendments are necessary to address this gap].

საბოლოოდ, კანონპროექტში ცვლილებები შევიდა და ბოლო რედაქციით, რასაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა, საბჭოს აღმასრულებელ წევრთა რაოდენობა აღარ გაიზრდება. კერძოდ, 3 ვიცე-პრეზიდენტის ნაცვლად 2 ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია დარჩება, მესამე ვიცე-პრეზიდენტს კი პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია ჩაანაცვლებს. შედეგად, საბჭოში არააღმასრულებელ წევრთა რაოდენობა კანონმდებლობის დონეზე აღმასრულებელ წევრთა ოდენობას აჭარბებს. აქვე აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს 2022 წლის 23 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, როგორც მისი შეფასებით - „არც საჭიროს, არც საჩქაროს და არც არგუმენტირებულს“.

ცხრილი 1. სებ-ის საბჭოს აღმასრულებელი წევრები

განხილულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, არჩილ მესტვირიშვილის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია