5 ივნისს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმუშევრობისა და სიღარიბის მხრივ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. „ფაქტ-მეტრმა“ პრემიერის განცხადებების სიზუსტე გადაამოწმა.
სამუშაო ადგილები ბიზნეს სექტორში
ირაკლი ღარიბაშვილი: სამუშაო ადგილების რაოდენობა პირველ კვარტალში გაიზარდა, 42 ათასით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა პირველ კვარტალში და 716 ათასი შეადგინა,რაც პირველ კვარტლებში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
საქსტატი ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობას საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით ითვლის. აღნიშნული სტატისტიკა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საწარმოში დასაქმებულ პირთა (დაქირავებულები, დასაქმებული დამფუძნებლები და საოჯახო საწარმოს შემთხვევაში – დასაქმებული ოჯახის წევრები) საშუალო რაოდენობას მოიცავს.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 716.1 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.3%-ით (42.5 ათასით) მეტია. პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით სამუშაო ადგილების რაოდენობა 31.7 ათასით (4.6%-ით) არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების ტენდენცია 2009 წლიდან მზარდია და დადებითი დინამიკა 2023 წელსაც გაგრძელდა. 2008-2022 წლების მონაცემებით, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა. ამ მხრივ გამონაკლისი იყო მხოლოდ 2020 წელი და 2021 წლის I კვარტალი, როდესაც ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, რაც პანდემიით და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული.
თუ პირველ კვარტალში შექმნილი ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობას წინა წლების ანალოგიური კვარტლის მაჩვენებლებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ 2022 და 2015 წლების პირველ კვარტალში უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ვიდრე მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში.
2022 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამუშაო ადგილების რაოდენობა 50.9 ათასით გაიზარდა, თუმცა ამ შემთხვევაში მონაცემები შედარებულია პანდემიურ პერიოდთან, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური შეზღუდვები მოქმედებდა და შესაბამისად, აღნიშნული ზრდაც უნდა განვიხილოთ, როგორც პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა.
2015 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ასევე უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი (49.7) შეიქმნა, ვიდრე 2023 წლის I კვარტალში.
გრაფიკი 1: I კვარტალში ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა, 2012-2023 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; კვარტალური ბიულეტენები
ამრიგად, 2023 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა არაა ისტორიულ მაქსიმუმზე, თუმცა ჯამში, სამუშაო ადგილები რეკორდულ ნიშნულზეა. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების ამ ნაწილს აფასებს ვერდიქტით - მეტწილად სიმართლე.
დასაქმება და უმუშევრობა
ირაკლი ღარიბაშვილი: დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მცდარი.
ანალიზი
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს დასაქმების დონე (დასაქმებულთა პროცენტული წილი შესაბამისი ასაკის (15+) მოსახლეობაში) 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.9% შეადგინა. დასაქმების დონე მცირედით (0.2 პროცენტული პუნქტით) აღემატება პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელს, რაც ქვეყანაში 15+ ასაკის მოსახლეობის შემცირებით არის განპირობებული, აღნიშნული კი ბუნებრივია, დადებით მოვლენად ვერ ჩაითვლება. ქვეყანაში დასაქმების დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2015-2016 წლებში დაფიქსირდა.
2022 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში დაახლოებით 66.3 ათასით (5.5%-ით) გაიზარდა და 1,283.7 ათასი ადამიანით განისაზღვრა. თუმცა პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლები ჯერჯერობით არ არის სრულად აღდგენილი, 2015-2019 წლებში ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, ვიდრე 2022 წელს (იხილეთ: ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
გრაფიკი 2: დასაქმების მაჩვენებლები, 2015-2022 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ანალოგიური სურათია მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც. 2023 წლის I კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა 70.8 ათასით გაიზარდა და 1271.9 ათასი შეადგინა, თუმცა პანდემიამდე პერიოდის დასაქმების მაჩვენებელი ჯერ კიდევ არ არის სრულად აღდგენილი. 2019 წლის I კვარტალში 1279.8 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული.
შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცება, რომ დასაქმების მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა, მცდარია.
ირაკლი ღარიბაშვილი: უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებული. უმუშევრობის დონე 2010 წელს 27% იყო, ახლა კი 17%-ზეა ჩამოსული. 10 წელიწადში ამხელა პროგრესი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
ანალიზი
უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის [სამუშაო ძალის] შეფარდების შედეგად გამოითვლება. სამუშაო ძალა არის დასაქმებული და სამსახურის მაძიებელი უმუშევარი ადამიანების ერთობლიობა. საქსტატის მეთოდოლოგიით, პირი, რომელიც უმუშევარია, მაგრამ არ არის სამუშაოს მაძიებელი (გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდა სამუშაოს), სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად არ მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში, უმუშევრობის დონე შესაძლოა ტექნიკურად - სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე, შემცირდეს.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 17.3% შეადგინა, 2012 წელს უმუშევრობის დონე 26.7% იყო.
2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სამუშაო ძალა და დასაქმებულთა რაოდენობა პანდემიური წლების (2020-2021) მაჩვენებლებთან შედარებით გაიზარდა, თუმცა 2015-2019 წლებთან შედარებით, გაუარესებულია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა და დასაქმების დონე არაა ისტორიულ მაქსიმუმზე, ქვეყანაში რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობა და უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ უმუშევართა დიდი ნაწილი სამუშაო ძალის გარეთ აღმოჩნდა - შეწყვიტეს სამსახურის ძიება ან დატოვეს ქვეყანა. (იხილეთ: „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
ამრიგად, მართალია 2022 წელს დასაქმებისა და სამუშაო ძალის პარამეტრები მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა 2015-2019 წლების მაჩვენებლები ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი. მტკიცება, რომ უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, არსებულ რეალობას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, სამუშაო ძალის კლებით არის განპირობებული. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების ეს ნაწილი შეფასდა ვერდიქტით - ნახევრად სიმართლე.
სიღარიბე
ირაკლი ღარიბაშვილი: სიღარიბის მაჩვენებელი, თუ არ ვცდები, 37-38%-ზე იყო 2010-2012 წლებში... სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე. 15.6%-ს მიაღწია სიღარიბის დონემ, რაც, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არის დიდი პრობლემა, მაგრამ ისტორიული მინიმუმია. თითქმის ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა, 2012 წელთან შედარებით, დააღწია თავი სიღარიბეს. 1 100 000 ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 2012 წელს, როცა ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება და განახევრებულია ეს მაჩვენებელი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
პრემიერ-მინისტრი განცხადებისას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს ეყრდნობა. უნდა განვმარტოთ, რომ აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ, ანუ უკიდურეს გაჭირვებაში.
საქსტატის 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 15.6% (582.9 ათასი ადამიანი) ცხოვრობს. სიღარიბის დონე წინა წელთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2004-2022 წლებში, რაც აღნიშნული სტატისტიკა იწარმოება, აბსოლუტური სიღარიბის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა. აქვე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის დონე ჯამში 30%-დან 15.6%-მდე შემცირდა. 2012 წელთან შედარებით, აბსოლუტურ სიღარიბეს 532 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი (იხილეთ: „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
გრაფიკი 3: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობასთან
წყარო: საქსტატი; ავტორის გამოთვლები
როდესაც მმართველმა გუნდმა ხელისუფლება გადაიბარა, ქვეყანაში სიღარიბის შემცირების დადებითი ტენდენცია იყო, 2011-2012 წლებში აბსოლუტური სიღარიბე 7.3 პროცენტული პუნქტით, 37.3%-დან 30%-მდე, შემცირდა (იხილეთ გრაფიკი 3). დადებითი ტენდენცია 2013-2015 წლებშიც გაგრძელდა. 2016 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი მცირედით გაიზარდა, ხოლო 2017 წელს სიღარიბის დონე თითქმის იგივე ნიშნულზე დარჩა. 2018-2019 წლებში სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი კვლავ შემცირდა. 2020 წელს აბსოლუტური სიღარიბის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც პანდემიით და მასთან დაკავშირებული მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო გამოწვეული. 2021-2022 წლებში კი ქვეყანაში სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა.
ამრიგად, აბსოლუტური სიღარიბის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მართლაც 2022 დაფიქსირდა. 2012 წლის შემდეგ სიღარიბის შემცირების მხრივ მიღწეულ პროგრესზე პრემიერის განცხადება სიმართლეს შეესაბამება. თუმცა წინა ხელისუფლების პერიოდზე საუბრისას, სიღარიბის მხრივ არსებულ მდგომარეობას გადაჭარბებულად წარმოაჩენს და უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში სიღარიბის შემცირების დადებითი ტენდენცია ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო. ამრიგად, პრემიერის განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით - მეტწილად სიმართლე.