სოციალურ ქსელში უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის გაყალბებული განცხადება ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, ბუდანოვმა თითქოს თქვა: „თუ მთლიანად ავაფეთქებთ კახოვკის კაშხალს, რუსები დაკარგავენ ყირიმისთვის წყლის მიწოდების თეორიულ შანსს და ამით განადგურდება ზაპოროჟიეს ატომური ელ. სადგური, რადგან ეს ორი ობიექტი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რაც რუსებს აიძულებს ყირიმში უკან დახევას, ამიტომ კაშხალი დანაღმულია ჯერ კიდევ მარტის შემდეგ“. აღნიშნულ ყალბ ციტატაზე დაყრდნობით Facebook-მომხმარებლი Levani Adeishvili საკუთარ პოსტში ამტკიცებს, რომ ბუდანოვის ეს განცხადება იმის დამადასტურებელია, რომ 6 ივნისს უკრაინის სამხრეთში, რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ნოვა კახოვკის უზარმაზარი კაშხალი, სწორედ უკრაინელებმა გაანადგურეს.

Facebook-პოსტის კომენტარებში დასმულ კითხვაზე, თუ რა წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს ის კირილ ბუდანოვის ამ განცხადებას, მომხმარებელი Levani Adeishvili პასუხობს, რომ განცხადება ახალი არაა.

სინამდვილეში, ბუდანოვის აღნიშნული ციტატა გაყალბებულია - კერძოდ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა ამ საკითხზე 2022 წლის ოქტომბერში გამოცემა Українська правда-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ინტერვიუს დროს, ჟურნალისტმა ჯერ აღნიშნა, რომ არსებული ინფორმაციით ნოვა კახოვკის კაშხალი დანაღმული იყო, ხოლო შემდეგ კი ბუდანოვს ჰკითხა, თუ რა საფრთხეს შეიცავს რუსების მიერ კაშხლის აფეთქება. კირილ ბუდანოვმა პასუხად განაცხადა, რომ ნოვა კახოვკის კაშხალი რუსების მიერ, 2022 წლის აპრილის თვიდან, მართლაც, ნაწილობრივ დანაღმული იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ კაშხლის ნაწილობრივი აფეთქების შემთხვევაში, რუსეთი კაშხლის გამოყენებით მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე უკრაინის გადასვლის შეჩერებას ეცდებოდა.

არც ამ და არც სხვა რომელიმე ინტერვიუში კირილ ბუდანოვს ნოვა კახოვკის კაშხლის უკრაინის მიერ აფეთქების შესაძლებლობაზე არ უსაუბრია. ამდენად, გავრცელებული ციტატა, სადაც ბუდანოვი ამბობს: „თუ [ჩვენ] მთლიანად ავაფეთქებთ კახოვკის კაშხალს...“ - ყალბია.

ნოვა კახოვკის კაშხალი, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, 6 ივნისს დაზიანდა. უკრაინული და რუსული მხარეები კაშხლის ნგრევის გამო ბრალს ერთმანეთს სდებენ. ის, თუ რეალურად რამ გამოიწვია კაშხლის დაზიანება, ჯერჯერობით, არ დადგენილა. ამასთან, დასავლელ ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კაშხალი აფეთქების შედეგად ჩამოინგრა, რომელიც არა კაშხლის გარე ზედაპირზე, არამედ ნაგებობის შიგნით უნდა მომხდარიყო.

----------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5365 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი