10 მაისს სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა ვიდეო გაავრცელა, სადაც სალომე სამადაშვილი ამბობს „დიახ, ჩემი დიდი ბაბუა გამოაცხადეს აგენტად და ბებიაჩემი იყო აგენტების შვილი“. ვიდეოს თან ერთვის აღწერა, სადაც პოსტის ავტორი აღნიშნავს, რომ სალომე სამადაშვილი გულახდილია. ვიდეოს მონაკვეთი და აღწერა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სალომე სამადაშვილი უცხო ქვეყნის აგენტობას აღიარებს. ამაზე მეტყველებს პოსტის კომენტარებიც.
სინამდვილეში, ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება. შესაბამისად, მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის. ვიდეო 2023 წლის 2 მაისს კომიტეტების სხდომათა დარბაზშია გადაღებული, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატები ე.წ. „რუსულ კანონს“ აპროტესტებდნენ. კომიტეტების სხდომათა დარბაზში სალომე სამადაშვილმა ხალხის ძალის მხარდამჭერებს მიმართა: „სხდომა არ ტარდება დღეს! სხდომა არ ჩატარდება. წადით ახლა სახლში! ბებიაჩემი იყო ხალხის მტრის შვილად გამოცხადებული შენნაირებისგან, ჩემი დიდი ბაბუა გამოაცხადეს აგენტად და ბებიაჩემი იყო აგენტების შვილი, შენნაირებისგან".
ცნობისთვის ე.წ. „რუსული კანონი“ ეწოდა პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრებდა ყველა იმ ორგანიზაციას, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოური წარმოშობის იყო. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მსგავსი არასამეწარმეო იურიდიული პირები, ტელევიზიები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები სპეციალურად შექმნილ რეესტრში უნდა დარეგისტრირებულიყვნენ.
საკანონმდებლო პროექტი კრიტიკული ხმის გასაჩუმებელ იარაღად და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრკოლებად აღიქმებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი - კელი დეგნანი, აცხადებდა, რომ კანონის მიზანი ორგანიზაციების სტიგმატიზება, განსხვავებული აზრის და შეხედულების შეზღუდვა იყო. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით კი, კანონპროექტი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელი იყო.
საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ კრიტიკულ განწყობას ოპოზიციონერი დეპუტატებიც ავლენდნენ და მის საბჭოთა კავშირთან მეთოდურ მსგავსებაზე უსვამდნენ ხაზს.
„მინდა, ყველას ესმოდეს, ამ კანონის მიღება ნიშნავს დასრულებას ყველა ჩვენი გეგმის, რაც შეეხება ევროკავშირში ამ ქვეყნის მომავლის უზრუნველყოფას და სწორედ ამიტომ არის ეს რუსული კანონი. ეს კანონი გამოიწვევს განხეთქილებას და დაპირისპირებას საზოგადოებაში“ [...] „არ გაწიროთ საკუთარი თავი იმისთვის, რომ დაბრუნდეთ იქ, საიდანაც გამოვედით 30 წლის წინ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა“, - აცხადებდა სალომე სამადაშვილი.
სალომე სამადაშვილი ადამიანებისთვის აგენტის წოდების მიკუთვნების უარყოფით შედეგებზე თავის Facebook-პოსტშიც საუბრობდა, სადაც წინაპრების ფოტოებიც გამოაქვეყნა და საბჭოთა კავშირში აგენტობის ბრალდებით მათი რეპრესირების ისტორია გაიხსენა.
„ჩემი ბებიის, კლარას უკანასკნელი ფოტო, მშობლებთან ერთად, მათ დაპატიმრებამდე. მამა-კირილე ჩხარტიშვილი, დაუხვრიტეს. დედა - ოლგა ჟღენტი - გადაუსახლეს და ციმბირში დაიღუპა... მანამდე წერილებს წერდა შვილს და ურჩევდა, ფორტეპიანოზე დაკვრა გაეგრძელებინა… ბებიას კი, აღარც ფორტეპიანო ჰქონდა და აღარც სახლი…. აგენტის და ხალხის მტრის შვილად გამოაცხადეს, ობოლს ქონებაც ჩამოართვეს და სახლიდანაც გაასახლეს... ასეთი ქვეყანა იყო... ტერორის შიში, თაობებს გამოჰყვა... რუსეთი დღესაც ამ რეჟიმის მემკვიდრეა და იქ საქართველოს არ დავაბრუნებინებთ“.
ამდენად ცხადია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული მონაკვეთი იმგვარადაა ამოჭრილი, რომ სალომე სამადაშვილის ნათქვამს დამახინჯებული კონტექსტით წარმოაჩენს. სინამდვილეში, დეპუტატი საბჭოთა რეჟიმის მიერ მისი წინაპრებისთვის აგენტის წოდების მიკუთვნებასა და ამის შედეგად მათ წინააღმდეგ გატარებულ რეპრესიებზე საუბრობდა და ე.წ. რუსულ კანონსა და მისი საშუალებით იურიდიული პირისთვის „აგენტის“ წოდებას, საბჭოთა კავშირის მანკიერ პრაქტიკასთან აკავშირებდა.
-------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.