აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი საჯარო სკოლების ადაპტაციის საკითხსაც შეეხო, რა დროსაც მან განაცხადა, რომ [წლების წინ] სკოლების მშენებლობის დროს, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა გათვალისწინებული არ იყო. მინისტრის თქმით, ბოლო რამდენიმე წელია, სკოლების შენობების რეაბილიტაციისა და მშენებლობის პარალელურად, ადაპტირებაც გათვალისწინებულია.
აღნიშნული განცხადების შემდეგ, ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა, გაგაცნოთ ინფორმაცია, რამდენი საჯარო სკოლაა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადაპტირებული და რა ტიპის ადაპტაციაა თითოეულ მათგანში. ამავდროულად, დავინტერესდით, რამდენი შშმ პირი სწავლობს, ასევე რამდენი შშმ პირია დასაქმებული აღნიშნულ სკოლებში.
როგორც სამინისტროს მიერ „ფაქტ-მეტრისთვის“ მოწოდებული პასუხიდან ირკვევა (დანართი 1), აჭარის ა/რ ტერიტორიაზე სულ 200 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, აქედან ბათუმში - 27, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - 35, ქედის მუნიციპალიტეტში - 29, შუახევის მუნიციპალიტეტში - 14, ხულოს მუნიციპალიტეტში - 49 და ქობულეთის მუნიციპალიტეტში - 46. შენობების უმეტესობა არაადაპტირებულია, ხოლო მცირე რაოდენობა ადაპტირებულია ნაწილობრივ. რაც შეეხება სკოლაში პანდუსის, სველი წერტილების, ლიფტის, მოაჯირებისა და ავეჯის არსებობას, ასეთი მხოლოდ ბათუმის №26 საჯარო სკოლაა. გარდა ამისა, ბათუმის კიდევ რვა სკოლაში მოწყობილია პანდუსი, სველი წერტილი, ხოლო ზოგიერთ მათგანში - ლიფტიც.
საერთოდ, საჯარო სკოლების შენობებში ადაპტაციის გავრცელებული სახეა პანდუსი და სველი წერტილი.
გრაფიკი 1. აჭარის ა/რ არსებული საჯარო სკოლები ადაპტაციის ტიპის მიხედვით
წყარო: აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
გრაფიკი 1 აჩვენებს, რომ ორასი საჯარო სკოლიდან, პანდუსი და სველი წერტილი მოწყობილია ორმოცდაცხრამეტ შენობაში, ხოლო ორმოცდათერთმეტ სკოლაში დამონტაჟებულია მხოლოდ პანდუსი. ლიფტი, სველი წერტილი და პანდუსი რვა საჯარო სკოლაშია მოწყობილი.
აღსანიშნავია ბათუმის №26 საჯარო სკოლა, რომელიც, 2015 წლიდან, თითქმის, სრულად ადაპტირებულია, რაც გულისხმობს, რომ შენობაში მოწყობილია პანდუსი, სველი წერტილები, ლიფტი, რომელიც 2019 წელს დამონტაჟდა, მოაჯირები. ამასთანავე, სკოლა აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით. ასევე გამოირჩევა ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლა, რომელიც 2019 წელს ადაპტირდა. კერძოდ, სკოლის მთავარ და სათადარიგო შესასვლელთან დამაგრებულია პანდუსი, გოგონათა საპირფარეშო ადაპტირებულია, პირველი სართულის დერეფნის ერთი ნაწილი უზრუნველყოფილია მოაჯირებითა და სენსორული ხალიჩით.
საჯარო სკოლების ნაწილი პანდუსით 2012 წლამდე აღიჭურვა. ამავე პერიოდში რამდენიმე შენობაში სველი წერტილებიც მოეწყო. უმეტეს შემთხვევაში, სკოლების ადაპტირება 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო ლიფტების დამონტაჟება 2017 წლიდან დაიწყო. ამ ეტაპზე აჭარაში არაერთი სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა მიმდინარეობს. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია. პარალელურად, გათვალისწინებულია მათი ადაპტირება. კერძოდ, ამ ეტაპზე ბათუმში №16 საჯარო სკოლისთვის შენდება თანამედროვე რეგულაციების შესაბამისი შენობა, რომელიც სრულად იქნება მორგებული შშმ პირების საჭიროებებზე. ასევე ადაპტირებული იქნება ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლები, რომლებიც ახლა შენდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტში კაპიტალურად რემონტდება №5 საჯარო სკოლა და სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლა. აქაც გათვალისწინებულია შშმ პირების საჭიროებები.
აჭარაში ჯერ კიდევ არაერთი საჯარო სკოლაა, რომლებიც ელემენტარულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. მაგალითად, სოფელ კონდიდისა და სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლები მეწყერსაშიშ ზონაშია და ისინი ალტერნატიულ ფართში განათავსეს.
ამდენად, აჭარაში საჯარო სკოლების უმეტესობა ჯერ კიდევ არ არის მორგებული შშმ პირების საჭიროებებს, თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია, რაც სკოლების ადაპტირების პროცესი მიმდინარეობს და ადაპტირებული სკოლების რიცხვიც იზრდება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მათგანში შშმ პირები სწავლობენ, ასევე არიან სტატუსის მქონე დასაქმებულებიც. კონკრეტულად კი, ორას სკოლაში, შშმ პირის სტატუსი აქვს ჯამში, ას სამოცდაათზე მეტ მოსწავლეს. მათი უმეტესობა, ას ოცდაათზე მეტი მოსწავლე, ბათუმის საჯარო სკოლებში სწავლობს. აქედან ყველაზე მეტი, ოცდასამი ბავშვი, №10 საჯარო სკოლაშია. ბათუმის მუნიციპალიტეტის სკოლებში დასაქმებულია ხუთი შშმ პირი. ოთხი მათგანი მასწავლებელია.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში შშმ პირის სტატუსი აქვს ოცდასამ მოსწავლეს და ერთ დასაქმებულს. ქედის მუნიციპალიტეტში სტატუსის მქონეა რვა მოსწავლე და შვიდი დასაქმებული, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლებში შშმ პირია სამი მოსწავლე, დასაქმებულთა შორის კი - არც ერთი. ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სტატუსის მქონე ოთხი მოსწავლე და ამდენივე დასაქმებულია. რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტს, შშმ პირია, ჯამში, ორმოცდაშვიდი მოსწავლე და სამი დასაქმებული.
შშმ პირის სტატუსის მქონე დასაქმებულთა შორის, ცამეტი მასწავლებელია.
ფოტო: Education.ge