თორნიკე რიჟვაძე: წელს ოთხი ახალი და ოცდარვა რეაბილიტირებული სკოლით შეხვდა აჭარა ახალ სასწავლო წელს

ვერდიქტი: თორნიკე რიჟვაძის განცხადება არის სიმართლე.

განცხადება: „წელს ოთხი ახალი და ოცდარვა რეაბილიტირებული სკოლით შეხვდა აჭარა ახალ სასწავლო წელს.“

რეზიუმე: აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ფაქტ-მეტრისთვის გამოგზავნილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ რეგიონში არსებულ სკოლებს 2022 წელს ორი ახალი სკოლა და ერთი არსებული სკოლის ახალ კორპუსი დაემატა. კერძოდ: წელს ექსპლუატაციაში შევიდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლა, ხოლო ახალი კორპუსი - ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ეზოში აშენდა.

გარდა ამისა, აჭარაში ოცდაშვიდი სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. აქედან ხულოს მუნიციპალიტეტში - 1 საჯარო სკოლა; შუახევის მუნიციპალიტეტში - 5 საჯარო სკოლა; ქედის მუნიციპალიტეტში - 3 საჯარო და 1 დაწყებითი სკოლა; ქობულეთის მუნიციპალიტეტში - 8 საჯარო სკოლა; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 1 საჯარო სკოლა და ბათუმის მუნიციპალიტეტში - 8 საჯარო სკოლა. აქედან სრული რეაბილიტაცია მხოლოდ სამ სკოლას ჩაუტარდა, დანარჩენ სკოლებს კი ნაწილობრივი რეაბილიტაცია შეეხო.

ამ ეტაპზე, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში, კიდევ თხუთმეტი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტ-მეტრი მიიჩნევს, რომ თორნიკე რიჟვაძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი:

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: „წელს ოთხი ახალი და ოცდარვა რეაბილიტირებული სკოლით შეხვდა აჭარა ახალ სასწავლო წელს.“

ფაქტ-მეტრი რეგიონის პირველი პირის განცხადებით დაინტერესდა და შესაბამისი ინფორმაცია აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ოფიციალურად გამოითხოვა.

მიღებული პასუხის თანახმად, 2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, აჭარაში ექსპლუატაციაში ორი ახალი საჯარო სკოლა და ერთი არსებული საჯარო სკოლის ახალი კორპუსი შევიდა. კერძოდ, ახალი საჯარო სკოლები აშენდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებასა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში. ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის სკოლას კი ახალი კორპუსი დაემატა.

რაც შეეხება რეაბილიტირებულ სკოლებს, ახალ სასწავლო წელს აჭარის რეგიონში 27 სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. დანართი 1

ცხრილი 1. 2022 წელს რეაბილიტირებული სკოლები, აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტების მიხედვით

წყარო: აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ცრილი 1-დან ჩანს, რომ ოცდაშვიდი სკოლიდან, სრული რეაბილიტაცია მხოლოდ სამ სკოლას ჩაუტარდა, ორ სკოლაში ღია მოედანი მოეწყო, დანარჩენი სკოლები კი ნაწილობრივ რეაბილიტაციას დაექვემდებარა.

განათლების სამინისტროსგან ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რამდენი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს ამ ეტაპზე. ირკვევა, რომ რეგიონში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები კიდევ თხუთმეტ სკოლაში ხორციელდება.

ცხრილი 2. სკოლებში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტების მიხედვით

წყარო: აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

აჭარის ა/რ ექვსივე მუნიციპალიტეტში, არსებული მდგომარეობით, ექვსი ახალი სკოლა და ერთი ახალი კორპუსი შენდება. თუმცა ბათუმის სკოლებში მოსწავლეების დიდი რაოდენობის გამო, საგანმანათლებლო პროცესი ორ ცვლაში მიმდინარეობს და არსებულ პრობლემას ვერც მშენებარე სკოლები თუ კორპუსები მოაგვარებს. 2022-2023 სასწავლო წელი ბათუმის ოცდაშვიდ საჯარო სკოლაში 32 848 მოსწავლემ დაიწყო. აქედან 3 384 პირველკლასელია, ხოლო 1 962 - მეთორმეტეკლასელი. დანართი 2 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2021-2022 სასწავლო წელი 253 სკოლაში დაიწყო ჯამში 63 645-მა მოსწავლემ. 2022-2023 სასწავლო წელს კი 66 440 მოსწავლეა. ამ რიცხვში კერძო სკოლების მოსწავლეებიც იგულისხმება. მხოლოდ სახელმწიფო საჯარო სკოლებში, რეგიონის მასშტაბით, 58 549 ბავშვი სწავლობს.