სოციალურ ქსელში მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია, (1; 2; 3), მორიგ მანიპულაციის შემცველ პოსტს აქვეყნებს.
ვიდეოს, რომელსაც აღნიშნული facebook- მომხმარებელი ავრცელებს, თან ერთვის შემდეგი აღწერა: „ახლა ბევრი უჩივის თავის ტკივილს, ყურებში შუილს, ნევროზს, პანიკურ შეტევებს, დეპრესიას, დემენციას... მართლა ბევრი წერს სამედიცინო ჯგუფებში ამასაც მოუსმინეთ“. საგულისხმოა, რომ პოსტში არსებული ვიდეო რეალურად რუსული ფილმიდანაა ამოჭრილი და სინამდვილეს არ ასახავს. კომენტარების მიხედვით, მაყურებელთა ნაწილი მიხვდა, რომ რეალურად ფილმიდანაა ნაწყვეტი, თუმცა ბევრისთვის, როგორც ჩანს ამის გარკვევა რთული აღმოჩნდა.
აღნიშნული ფილმი, სახელწოდებით „ბნელი პლანეტა“, რომელიც 1969 წელს გამოსული იმავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული, რუსულ კინოეკრანებზე 2008 წელს გამოვიდა. ფილმში მოვლენები 2157 წელს ხდება. ფილმის მთავარი გმირი 22-ე საუკუნის დედამიწიდან კოსმოსში მოგზაურობს, რომელიც თავისუფალია ომების, სიღარიბისა და ჩაგვრისაგან და ის უცნობ პლანეტაზე აღმოჩნდება. ეს არის დისტოპიური ისტორია, რომელიც ვითარდება პოსტ-აპოკალიფსურ პლანეტაზე. პოლიტიკურად და ეკონომიკურად ეს პლანეტა მე-20 საუკუნის ტოტალიტარული სახელმწიფოების მსგავსია, რომელშიც რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებს ტვინს ურეცხავს.
ამგვარად, ვიდეოს აღწერა მანიპულაციურია და შეიძლება მაყურებელი შეცდომაში შეიყვანოს. აღნიშნული ვიდეომასალა ნაწყვეტია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმიდან და რეალობას არ შეესაბამება.
------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.