ტარიელ ნაკაიძე: ბათუმი-ხელვაჩაურის 12-კილომეტრიანი მაგისტრალი კეთდება, თითქმის, მეორე წელია. უნდა დასრულებულიყო შვიდი თვის განმავლობაში, ხელშეკრულების შესაბამისად. ეს ვადები გრძელდება. ბოლო ერთი თვეა, საერთოდ გადაკეტილია ეს გზა და ადგილობრივები ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. პრაქტიკულად, ოთხი მუნიციპალიტეტი: ხულო, ქედა, შუახევი და ხელვაჩაური, მოწყვეტილია ქალაქს
ვერდიქტი: ტარიელ ნაკაიძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: ფრიდონ ხალვაშის გამზირის ნაწილი, რომელიც ხელვაჩაურის, ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებს ბათუმთან აკავშირებს, დღემდე გადათხრილია. მისი რეაბილიტაცია 2022 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს. ხელშეკრულების თანახმად, რომელიც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „ერ ტე დეს“ შორის გაფორმდა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-1) ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის კმ0+000 - კმ4+100 მონაკვეთის რეაბილიტირება 19 399 999 ლარი დაჯდება. სამუშაოები მართლაც შვიდ თვეში ანუ იანვარში უნდა დასრულებულიყო. მიმდინარე წლის 10 მარტს კი მხარეებმა ახალი გეგმა-გრაფიკი შეათანხმეს და პროექტის დასრულების ვადად 31 მაისი განსაზღვრეს. თუმცა, ვადა კიდევ გახანგრძლივდა. დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სარეაბილიტაციო გზა ავტოტრანსპორტისთვის 2 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით ჩაიკეტა. თუმცა დათქმულ ვადაში არ გაიხსნა და ავტოტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმი 4 ივნისის ჩათვლით გაგრძელდა. უწყებამ განაცხადა, რომ სამუშაოების დასრულებაში ხელი უამინდობამ შეუშალა.
მოსახლეობა, მძღოლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრები, შექმნილი ვითარების გამო, უკმაყოფილებას მუდმივად გამოხატავენ. მათი ნაწილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ამ პროექტს 2024 წლის არჩევნების წინ ჩაიბარებს. მანამდე კი ისინი შემოვლითი გზით გადაადგილდებიან, რაც დამატებით რესურსს მოითხოვს. გარდა ამისა, გზის მიმდებარედ დასახლებული ადამიანებს მზიან ამინდში მტვერი აწუხებთ, ავდარში კი - ტალახი. მათი შეფასებით, სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს, ზოგჯერ კი ტერიტორიაზე არავინ მუშაობს. არსებული მდგომარეობით, კომპანიისთვის უკვე გადახდილია მთლიანი ღირებულების 50%, რაც 9 778 106 ლარს შეადგენს.
ანალიზი: საქართველოს პარლამენტის წევრმა ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა: „ბათუმი-ხელვაჩაურის 12-კილომეტრიანი მაგისტრალი კეთდება, თითქმის, მეორე წელია. უნდა დასრულებულიყო შვიდი თვის განმავლობაში, ხელშეკრულების შესაბამისად. ეს ვადები გრძელდება. ბოლო ერთი თვეა, საერთოდ გადაკეტილია ეს გზა და ადგილობრივები ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. პრაქტიკულად, ოთხი მუნიციპალიტეტი: ხულო, ქედა, შუახევი და ხელვაჩაური, მოწყვეტილია ქალაქს.“
ჩვენ აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე წლის მარტში ვიმუშავეთ. ამიტომ ტენდერის დეტალებზე ყურადღებას აღარ გავამახვილებთ, რადგან მათი ნახვა “ფაქტ-მეტრის” ამ სტატიაში შეგიძლიათ. მხოლოდ შეგახსენებთ, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-1) ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის კმ0+000 - კმ4+100 მონაკვეთის რეაბილიტირების მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „ერ ტე დეს“ შორის 19 399 999 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები 2022 წლის ივნისში დაიწყო და 2023 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. თუმცა შვიდი თვე კომპანიისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და მხარეებმა ვადა 31 მაისის ჩათვლით გაახანგრძლივეს.
ირკვევა, რომ კომპანია პროექტს ვერც ახალი გეგმა-გრაფიკის მიხედვით დაასრულებს. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის 2 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სამუშაოები, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობდა. უწყების ინფორმაციით, ამის მიზეზი უამინდობა იყო, რის გამოც დაგეგმილი სამუშაოები ვადაში ვერ შესრულდა. აქედან გამომდინარე, ავტოტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმი 4 ივნისის ჩათვლით გააგრძელა.
სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიისთვის უკვე გადახდილია მთლიანი ღირებულების 50%, რაც 9 778 106 ლარს შეადგენს.
ადგილობრივი მოსახლეობა, მძღოლები, მგზავრები - შექმნილი დისკომფორტის გამო ყველა უკმაყოფილოა. ნაწილი მიიჩნევს, რომ პროექტი კიდევ დიდხანს არ დასრულდება და ხელისუფლება აღნიშნულ გზას მომავალი წლის არჩევნების წინ გახსნის. მანამდე კი ხელვაჩაურის, ხულოს, ქედის, შუახევის მუნიციპალიტეტებიდან ბათუმისკენ და პირიქით მგზავრობა გართულებულია. მოქალაქეები შემოვლითი გზით სარგებლობენ, რაც, მათივე თქმით, დამატებით რესურსს მოითხოვს.