საქართველოს მთავრობა: საქართველოში უმუშევართა რაოდენობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, საქართველოს მთავრობის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: 2022 წელს, პანდემიურ წლებთან [2020-2021] შედარებით, ქვეყანაში უმუშევრობისა და დასაქმების მაჩვენებლები მკვეთრად გაუმჯობესდა.

გასულ წელს სამუშაო ძალა და დასაქმებულთა რაოდენობა პანდემიური წლების (2020-2021) მაჩვენებლებთან შედარებით გაიზარდა, თუმცა 2015-2019 წლებთან შედარებით, გაუარესებულია.

2022 წლის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა და დასაქმების დონე არაა ისტორიულ მაქსიმუმზე, ქვეყანაში რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობა და უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ უმუშევართა დიდი ნაწილი სამუშაო ძალის გარეთ აღმოჩნდა - შეწყვიტეს სამსახურის ძიება ან დატოვეს ქვეყანა.

სიმართლეა, რომ 2022 წელს დასაქმებისა და სამუშაო ძალის პარამეტრები მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა მტკიცება, რომ უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, ობიექტურ რეალობას არ ასახავს.

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დასახელებული უმუშევრობისა და დასაქმების მაჩვენებლები ზუსტია, თუმცა არსებულ რეალობას გადაჭარბებულად წარმოაჩენს და უგულებელყოფს იმ გარემოებას, რომ სამუშაო ძალის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, სამუშაო ძალის კლებით არის განპირობებული. ამრიგად, საქართველოს მთავრობის განცხადებას ვაფასებთ, ვერდიქტით - ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

საქართველოს მთავრობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია - „2022 წელს უმუშევრობის დონე ისტორიული მინიმუმს 17.3%-ს გაუტოლდა. დასაქმების დონე კი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 42.9%-ს გაუტოლდა“. გავრცელებულ ინფორმაციაშია ასევე ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში სამუშაო ძალა იზრდება.

„ფაქტ-მეტრმა“, მკითხველის თხოვნით, საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადება გადაამოწმა.

ქვეყანაში სამუშაო ძალის სტატისტიკას საქსტატი აწარმოებს, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მეთოდოლოგიას ეფუძნება. უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის [სამუშაო ძალის] შეფარდების შედეგად გამოითვლება. სამუშაო ძალა არის დასაქმებული და სამსახურის მაძიებელი უმუშევარი ადამიანების ერთობლიობა. საქსტატის მეთოდოლოგიით, პირი, რომელიც უმუშევარია, მაგრამ არ არის სამუშაოს მაძიებელი (გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდა სამუშაოს), სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად არ მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში, უმუშევრობის დონე შესაძლოა ტექნიკურად - სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე, დასაქმების ზრდის გარეშე შემცირდეს. შესაბამისად, ქვეყანაში უმუშევრობის დონის სწორად შესაფასებლად სამუშაო ძალის და დასაქმების პარამეტრებიც უნდა გავაანალიზოთ.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2021 წელთან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.3% შეადგინა. ერთწლიან პერიოდში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა დაახლოებით 1.1%-ით (18 ათასით) გაიზარდა და 1,551.6 ათასი გახდა. 2022 წელს დასაქმების დონე 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.9% შეადგინა. 2021 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში დაახლოებით 66.3 ათასით (5.5%-ით) გაიზარდა და 1,283.7 ათასი ადამიანით განისაზღვრა. აქვე აღსანიშნავია, რომ დასაქმების საერთო მაჩვენებელში დაქირავებით დასაქმებულთა წილი 67.9%-ს შეადგენს. 2022 წელს დაქირავებულთა წილი მცირედით, 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო თვითდასაქმებულთა წილი შესაბამისად (0.3 პროცენტული პუნქტით) გაიზარდა.

გასულ წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობის ზრდით იყო განპირობებული, რაც ცალსახად დადებითი მოვლენაა. თუმცა დასაქმება/უმუშევრობის პარამეტრების შთამბეჭდავი გაუმჯობესება იმ ფაქტით არის გამოწვეული, რომ მონაცემები 2021 წელთან არის შედარებული, როდესაც პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური შეზღუდვების გამო ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, ხოლო უმუშევრობის დონე გაიზარდა.

2022 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე შემცირებულია პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც. თუმცა დასაქმებისა და სამუშაო ძალის მაჩვენებლები მხოლოდ პანდემიური წლების (2020-2021) მაჩვენებლებს აღემატება, 2015-2019 წლებთან შედარებით კი გაუარესებულია (იხილეთ გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: დასაქმება და უმუშევრობა, 2015-2022 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2022 წელს უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მართლაც დაფიქსირდა, რაც განპირობებულია იმ ფაქტით, რომ გრძელვადიან პერიოდში ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა სამსახურის ძიება შეწყვიტა ან ქვეყანა დატოვა.

2015 წლის შემდეგ, ქვეყანაში სამუშაო ძალა (დასაქმებულთა და სამუშაოს მაძიებელთა ჯამური რაოდენობა) ყოველწლიურად მცირდებოდა. 2022 წელს სამუშაო ძალა მხოლოდ 2020-2021 წლებთან შედარებით გაიზარდა, ხოლო 2015-2019 წლების მაჩვენებლებზე კვლავ ნაკლებია. 2015-2022 წლებში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა ჯამში 124 ათასით (7.4%-ით) არის შემცირებული.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, 2015-2019 წლებში ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, ვიდრე 2022 წელს. 2022 წელს დასაქმების დონე (დასაქმებულთა პროცენტული წილი შესაბამისი ასაკის (15+) მოსახლეობაში) 2020-2021 წლებთან შედარებით გაიზარდა. ასევე მცირედით (0.2 პროცენტული პუნქტით) აღემატება პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელს, რაც ქვეყანაში 15+ ასაკის მოსახლეობის შემცირებით არის განპირობებული, რაც ბუნებრივია დადებით მოვლენად ვერ ჩაითვლება. ქვეყანაში დასაქმების დონის ყველაზე კარგი მაჩვენებელი 2015-2016 წლებში დაფიქსირდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5522 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი