სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ რომის პაპისათვის გადაცემულ საჩუქართან დაკავშირებით. მომხმარებლები ამბობენ, რომ ზელენსკიმ პაპს ღვთისმშობლის ხატი აჩუქა, რომელზეც ყრმა იესო წაშლილია. რეალურად, აღნიშნული საჩუქარი არის არა რელიგიური ხატი, არამედ უკრაინელი მხატვრის ოლექსი რევიკას ნახატი, სახელწოდებით „დანაკარგი“ (Втрата) და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში უკრაინელი ბავშვების მკვლელობას გამოხატავს.
13 მაისს რომის პაპსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პირველი პირისპირი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოგვიანებით, ზელენსკიმ Twitter-ზე აღნიშნა, „მე პაპს ვთხოვე დაეგმო რუსული დანაშაულები უკრაინაში, რადგან არ შეიძლება იყოს თანასწორობა მსხვერპლსა და აგრესორს შორის“.
საუბრის შემდეგ, მხარეებმა საჩუქრები გაცვალეს. რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის პრეზიდენტს ზეთისხილის რტოს სკულპტურა აჩუქა, რომელიც მშვიდობის სიმბოლოს წარმოადგენს. მან ასევე პრეზიდენტს არაერთი პუბლიკაცია გადასცა, მათ შორის ენციკლიკა-უკრაინაში მშვიდობის შესახებ, რომელიც მიმდინარე ომზე პაპის მოსაზრებებისა და ქადაგებების კრებულს წარმოადგენს.
უკრაინის პრეზიდენტმა რომის პაპს ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ნაშთებზე დახატული ღვთისმშობლის ხატთან ერთად ოლექსი რევიკას ნახატი გადასცა, რომელიც მხატვარმა ერთი წლის წინ შექმნა (იხილეთ ფოტოზე).
აღნიშნულ ფაქტს მხატვარი ოლექსი რევიკა თავის Facebook-გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა: „ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი „დანაკარგი“, წითელი ხაზის სერიიდან, ახლა ვატიკანის კოლექციაშია! ეს ნაშრომი ეხება უკრაინელი ბავშვების მკვლელობას, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიულ ომში. დიდება უკრაინას!“.
Facebook- პოსტს ავტორმა ნახატის ორიგინალი ვერსიაც დაურთო:
ამდენად, სოციალურ ქსელში ზელენსკის საჩუქართან დაკავშირებით გავრცელებული პოსტები შეცდომაში შემყვანი და მანიპულაციურია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.