სოციალურ ქსელში პროსახელისუფლებო გვერდებზე ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, „რუსეთმა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაფინანსება შეუწყვიტა“.
აღსანიშნავია ისიც, რომ Facebook-პოსტში ინფორმაციის წყარო მითითებული არაა.
ინფორმაციის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ ე.წ. 2023 წლის აფხაზეთის ბიუჯეტი უკვე დამტკიცდა, მისი შეუსრულებლობის ან დაფინანსებაში შეფერხებების თაობაზე კი ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნება. აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2023 წელს 14,2 მლრდ. რუბლს შეადგენს, ხოლო რუსეთის ფინანსური დახმარება 5,1 მლრდ. რუბლია.
რუსეთის მიერ ე.წ. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გარკვეული ცნობა 2023 წელს მართლაც გავრცელდა - კერძოდ, აფხაზი ეკონომისტი ახრა არისთავამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც წუხდა, რომ რუსეთი „აფხაზეთის საჯარო მოსამსახურეებისთვის ხელფასების გადახდას 2025 წლიდან შეწყვეტს“. თუმცა, სინამდვილეში, ეს განცხადებაც ბოლომდე ზუსტი არაა, რადგან, რეალურად საუბარი არა დახმარების სრულად შეწყვეტაზე, არამედ შემცირებაზეა.
კერძოდ, რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დმიტრი ვოლვაჩმა 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ 2025 წლიდან ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „საჯარო სტრუქტურების თანამშრომელთა ხელფასების გადახდაში რუსეთის წილი შემცირდება 85%-დან 15%-მდე“. თუმცა, ეს ეხება მხოლოდ ხელფასებს, დანარჩენი დაფინანსების შემცირებაზე საუბარი არ მიდის.
რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთის 2023 წლის ბიუჯეტს, მისი ხარჯვითი ნაწილი 8,8 მილიარდი რუბლია, საიდანაც რუსეთის ფინანსური დახმარება, დაახლოებით, 7 მილიარდ რუბლს შეადგენს. ისევე როგორც ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო ბიუჯეტის შემთხვევაში, არც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის შეუსრულებლობის ან დაფინანსებაში შეფერხებების თაობაზე ვრცელდება რაიმე სახის ინფორმაცია.
რუსეთისთვის ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დახმარება პრიორიტეტად კვლავ რჩება. აღნიშნულის თაობაზე ნათქვამია რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალ კონცეფციაშიც, რომელსაც 2023 წლის მარტში ხელი თავად ვლადიმერ პუტინმა მოაწერა: „რუსეთი ხელს შეუწყობს აფხაზეთის რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთის, ევრაზიული კავშირის, დსთ-ს ქვეყნების, ასევე იმ სახელმწიფოების საერთაშორისო განვითარებას, რომლებიც რუსეთის მიმართ კონსტრუქციულ პოლიტიკას ატარებენ“.
ამდენად, მტკიცება, რომ რუსეთმა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაფინანსება შეუწყვიტა, არ დასტურდება.
------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.