მარიამ ქვრივიშვილი: ტურისტული ვიზიტები პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 95%-ით აღდგა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მარიამ ქვრივიშვილის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 1.208 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, საიდანაც 1.066 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი იყო, მათგან 845 ათასი ტურისტი. აღდგენის მაჩვენებელმა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯამურად საერთაშორისო მოგზაურების შემთხვევაში - 74.7%-ს, ვიზიტორების შემთხვევაში - 79.9%-სა და ტურისტების შემთხვევაში 95.8%-ს მიაღწია.
პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 795 მლნ დოლარი შეადგინა, რაც თავის მხრივ 2019 წლის მაჩვენებელს 37.5%-ით აღემატება. კურსის ცვლილებისა და ინფლაციის გათვალისწინებით შემოსავლების ზრდის ტემპი ბუნებრივია ნაკლებია, თუმცა პანდემიამდელ მაჩვენებელთან მაინც შესადარისია. ტურისტების რაოდენობისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ მარიამ ქვრივიშვილის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.
ანალიზი:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმზე საუბრისას განაცხადა: „ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია ძალიან დადებითი დინამიკით, ფაქტობრივად, უკვე სრულად დაუბრუნდა პოსტპანდემიურ მაჩვენებელს. პირველი კვარტლის მონაცემებით, ჩვენმა ქვეყანამ 1 200 000-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, რაც ნიშნავს იმას, რომ ტურისტული ვიზიტები პირველი კვარტლის მონაცემებით, 95%-ით უკვე სრულად აღდგა, თუკი შევადარებთ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“.
პანდემიამდე ტურისტების, ასევე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ნომინალური რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. 2019 წელს საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 9.358 მლნ-ს მიაღწია, საიდანაც 5.080 მლნ ტურისტული ვიზიტი იყო, 2.645 მლნ - ერთდღიანი ვიზიტი და 1.632 მლნ სხვა არატურისტული მიზნის მქონე.
2020 წელს სახელმწიფო 10 მლნ-ზე მეტ მოგზაურს და მათგან შემოსავლის სახით 3.5 მლრდ-ზე მეტს ელოდა, თუმცა პანდემიამ და საზღვრების ჩაკეტვამ ყველაფერი შეცვალა და ტურისტების რაოდენობა 80%-ით შეამცირა. რეალურად, მარტის მეორე ნახევრიდან საზღვარს მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლებიღა კვეთდნენ.
პანდემია და კოვიდრეგულაციები 2021 წელსაც გაგრძელდა. ამ წელს ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელმა რაოდენობრივად მხოლოდ 31%-ს, შემოსავლების კუთხით კი 38%-ს მიაღწია. რეალური აღდგენა სფეროში 2022 წელს დაიწყო, რა დროსაც საქართველოს ტურისტული მიზნით 3.653 მლნ ადამიანი ეწვია. ეს 72%-იან აღდგენას ნიშნავდა. გაცილებით დიდი იყო ზრდა შემოსავლების მიმართულებით. თანხობრივად 2022 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.517 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია - 7.6%-ით მეტს ვიდრე 2019 წელს.
2023 წლის პირველ კვარტალში ტურისტული მიზნით საქართველოს 845 ათასი ვიზიტორი ეწვია, ეს პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 95.8%-იანი აღდგენის მაჩვენებელია. კიდევ უფრო მაღალია ზრდა შემოსავლების მიმართულებით. 2023 წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 795 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37.5%-ით მეტია.
ცხრილი 1: ტურიზმის სტატისტიკა
წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
თუ შემოსავალს ლარში დავაკონვენტირებთ და ინფლაციასაც გავითვალისწინებთ, ზრდის ტემპი ბუნებრივია, შემცირდება. 2019 წლის პირველ კვარტალში ლარის გასაშუალოებული გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2.68-ს შეადგენდა, 2023 წლის პირველ კვარტალში 2.61-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნულ ვალუტაში დათვლით 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან შემოსავლის სახით დაახლოებით 1.550 მლრდ ლარი მიიღო, 2023 წლის პირველ კვარტალში 34%-ით მეტი - 2.076 მლრდ ლარი. სამომხმარებლო ფასები იმავე პერიოდში საშუალოდ 35%-ით გაიზარდა. უხეში გაანგარიშებით, კურსის ცვლილებითა და ინფლაციის გათვალისწინებით, ლარში გამოსახული შემოსავალი ტურიზმიდან თითქმის არ გაზრდილა, თუმცა პრეპანდემიურ ნიშნულთან შესადარის სიდიდეს მიაღწია. თუ დოლარის ინფლაციით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ ვნახავთ, რომ დოლარი ბოლო 4 წელიწადში 18%-ით გაუფასურდა, ანუ ზრდის ტემპი ამ შემთხვევაშიც დადებითია.
ჯამური რიცხვების გარდა, ასევე საინტერესოა თუ რომელი სახელმწიფოებიდან შემოდიან საქართველოში ტურისტები და ვინ რამდენს ხარჯავს.
2019 წლის პირველ კვარტალში 293 ათასი ვიზიტორით პირველ ადგილს აზერბაიჯანი იკავებდა და მისი წილი ვიზიტორთა საერთო რაოდენობაში 22%-ს აღწევდა. 254 ათასი ვიზიტორითა და 19%-იანი წილით მეორე ადგილს რუსეთი იკავებდა. თურქეთი და სომხეთი მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებდნენ.
აზერბაიჯანს პანდემიის დროს ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრები 2023 წლის მაისის მდგომარეობით ჯერ კიდევ არ გაუხსნია. ეს ფაქტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი გახდა იმისა, რომ ტურიზმის საერთო აღდგენის ფონზე, აზერბაიჯანიდან ვიზიტორების რაოდენობა 86%-ით ნაკლები რჩება, ხოლო მისი წილი ვიზიტორების საერთო რაოდენობაში 3.8%-მდეა შემცირებული.
2022 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში შემოსულ ვიზიტორების რაოდენობაში პირველ ადგილს თურქეთი იკავებდა, თუმცა დარჩენილ სამ კვარტალში რუსეთმა გადაასწრო და წლიურ ჭრილში პირველი ადგილიც სწორედ ამ უკანასკნელმა დაიკავა. ტენდენცია 2023 წლის იანვარ-მარტშიც შენარჩუნდა. 257 ათასი ვიზიტორით რუსეთის წილი 24.1%-მდე გაიზარდა. თურქეთი მეორეზეა, სომხეთი მესამეზე. ოთხეულში აზერბაიჯანი ისრაელმა ჩაანაცვლა.
აზერბაიჯანი პრაქტიკულად ერთადერთი სახელმწიფოა, რომლიდანაც შემოსულ ტურისტთა რაოდენობა პანდემიამდელ ნიშნულს არ მიახლოებია. ტოპ ქვეყნების გარდა, ვიზიტორთა რაოდენობა, 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ევროკავშირიდან 2.5%-ით - 55 ათასამდეა გაზრდილი, შეერთებული შტატებიდან 13.9%-ით - 6800-მდე.
რუსეთი, ვიზიტორების რაოდენობის მსგავსად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხითაც პირველ ადგილზეა და კიდევ უფრო დიდი - 33.5%-იანი, წილი უკავია. ეროვნული ბანკის განმარტების თანახმად, 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 35.5% შეფასებულია, როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფ პირებად ან პირებად ვინც აპირებს საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენას, რის გამოც ისინი მოცემული მიზნებისათვის ჩაითვალნენ რეზიდენტებად. შესაბამისად, მათ მიერ გაწეული ხარჯები ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლების სტატისტიკაში აღარ ასახულა. რუსეთის მსგავსი მიდგომა საქართველოში მყოფი ბელარუსის მოქალაქეების 44.1%-სა და უკრაინის მოქალაქეების 23.7%-ზეც გავრცელდა.
გრაფიკი 1: შემოსავალი ტურიზმიდან
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებაში სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ სამ თვეში საქართველოს 1.2 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია და ის ფაქტიც, რომ ტურისტული დანიშნულების ვიზიტები პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 95%-ით აღდგა. მართალია, რუსეთის გარეშე აღდგენის ტემპი შედარებით დაბალი იქნებოდა, მაგრამ გასათვალისწინებელია აზერბაიჯანის ფაქტორიც. ბაქოს მიერ სახმელეთო საზღვრების არგახსნის პოლიტიკა თბილისის ბრალეულობით ვერ იქნება ახსნილი. აზერბაიჯანის გარდა, ვიზიტორთა რაოდენობამ სახელმწიფოთა უმრავლესობის შემთხვევაში პანდემიამდელ მაჩვენებელს მიაღწია ან გადააჭარბა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს შემოსავლები არ უხსენებია, რომელიც ნომინალურად 37.5%-ით გაიზარდა. დოლარის ინფლაციის გათვალისწინებით, აღნიშნული ზრდის ტემპი ნახევრდება და ადგილობრივი ინფლაციის გათვალისწინებით, პრაქტიკულად ნულდება, მაგრამ პანდემიამდელ დონეს უახლოვდება. რიცხობრივი სიზუსტისა და დადებითი დინამიკის გათვალისწინებით, მარიამ ქვრივიშვილის განცხადება „ფაქტ-მეტრმა“ შეაფასა როგორც სიმართლე.