ლაშა ხუციშვილი: 2022 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა, თავად ტურიზმი 70%-ით აღდგა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლაშა ხუციშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, რომელიც თავის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მონაცემებს ეყრდნობა, 2019 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან შემოსავლის სახით 3.269 მლრდ აშშ დოლარი მიიღო, 2022 წელს 7.6%-ით მეტი - 3.517 მლრდ.
ნომინალური შემოსავლების ზრდის პარალელურად, იმავე პერიოდში ინფლაციამ (დოლარი) 14.5%-ს მიაღწია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნომინალურისგან განსხვავებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების (დოლარში გამოსახული) რეალური აღდგენის მაჩვენებელი პანდემიამდელ დონეს გარკვეულწილად ჩამორჩება, რადგან შემოსავალი უფრო დაბალი ტემპით გაიზარდა, ვიდრე დოლარმა მსყიდველუნარიანობა დაკარგა.
დოლარის მსყიდველუნარიანობის კლების გარდა, რადგან საქართველოში ანგარიშსწორება ლარში ხდება, გასათვალისწინებელია ადგილობრივი ინფლაციაც - სამომხმარებლო ფასები საქართველოში 2020-2022 წლებში 29%-ით გაიზარდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გაცვლითი კურსია, 2019 წელს დოლარი საშუალოდ 2.82 ლარი ღირდა, 2022 წელს კი 3.5%-ით მეტი - 2.92 ლარი. შესაბამისად, ლარში გამოსახული შემოსავლის შემთხვევაშიც, ნომინალური ზრდის მიუხედავად, რეალური მაჩვენებელი 2022 წელს ნაკლები გამოვა 2019 წლის ნიშნულთან შედარებით.
რაც შეეხება ტურისტული მიზნით განხორციელებულ ვიზიტებს, მან 2019 წელს 5.080 მლნ შეადგინა, 2022 წელს 3.653 მლნ. აღდგენის მაჩვენებელმა ამ მიმართულებით 71.9%-ს მიაღწია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლაშა ხუციშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
23 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ტურიზმის აღდგენაზე ისაუბრა, სადაც განაცხადა (14:32-დან): „ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს [2022 წელს] 3.5 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, 2019 წელთან შედარებით ეს არის 107.6%-იანი აღდგენის მაჩვენებელი. თუ ტურიზმის შემოსავლებიდან გამოვრიცხავთ რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ტურისტების თანხას, 2019 წელთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი გამოდის 91%, რაც ასევე მნიშვნელოვან ზრდას წარმოადგენს. როგორც იცით, 2021 წელს აღდგენის მაჩვენებელი მხოლოდ 38.1% იყო, ხოლო გასულ წელს 70%-ის ფარგლებში...“
პანდემიამდე ტურისტების, ასევე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ნომინალური რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. 2019 წელს საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 9.358 მლნ-ს მიაღწია, საიდანაც 5.080 მლნ ტურისტული ვიზიტი იყო, 2.645 მლნ - ერთდღიანი ვიზიტი და 1.632 მლნ სხვა არატურისტული მიზნის მქონე.
2020 წელს სახელმწიფო 10 მლნ-ზე მეტ მოგზაურს და მათგან შემოსავლის სახით 3.5 მლრდ-ზე მეტს ელოდა, თუმცა პანდემიამ და საზღვრების ჩაკეტვამ ყველაფერი შეცვალა და ტურისტების რაოდენობა 80%-ით შეამცირა. რეალურად, მარტის მეორე ნახევრიდან საზღვარს მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლებიღა კვეთდნენ.
ცხრილი 1: ტურიზმის სტატისტიკა
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გრაფიკი 1: შემოსავალი ტურიზმიდან (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
პანდემიამდე, პირველი კვარტლის წილი შემოსავლებში დაახლოებით 17%-ს უდრიდა, 2020 წელს 79%-მდე გაიზარდა. დარჩენილი 21%-იც რეალურად, უფრო საერთაშორისო გადამზიდავების მიერ დახარჯული ფული იყო და არა ტურისტების. 2021 წლის პირველ კვარტალში მკაცრი რეგულაციები, მათ შორის - კომენდანტის საათი, ჯერ ისევ მოქმედებდა, მისი წილი ამიტომაა უმნიშვნელო - 4%. ტრენდს აცდენილია 2022 წლის პირველი კვარტალიც, რა დროსაც ქვეყანამ წლიური შემოსავლის 11% მიიღო, რაც შეიძლება ორი მიზეზით აიხსნას: 1) გარკვეული კოვიდრეგულაციები ჯერ ისევ მოქმედებდა, ფართოდ იყო გავრცელებული ომიკრონის შტამი; 2) რუსეთის მოქალაქეების მიგრაცია, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ანუ მარტიდან, უფრო მეტად კი აპრილიდან გაიზარდა. საბოლოოდ, შემოსავლების კუთხით 2022 წლის მაჩვენებელმა 2019 წლის მაჩვენებელს ბოლო 2 კვარტლის ხარჯზე გადაუსწრო.
დანახარჯების მიხედვით, ყველაზე სწრაფად სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულება აღდგა და უკვე სამ კვარტალში მთლიან 2019 წლის მაჩვენებელს 14%-ით გადააჭარბა. მასზე ტურისტებმა 2019 წელს 1.099 მლრდ ლარი დახარჯეს, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 1.257 მლრდ. ეს ფაქტი მეტწილად საწვავის და შესაბამისად, ტრანსპორტით მომსახურების სარგებლობის გაძვირებით აიხსნება. მეორე ადგილზე საკვებით და სასმელით მომსახურებაა, რაზედაც 2022 წლის პირველ სამ კვარტალში 663 მლნ ლარი დაიხარჯა, 2019 წლის ოთხივე კვარტალში კი მხოლოდ 1 მლნ-ით მეტი - 664 მლნ ლარი.
ასევე მნიშვნელოვნად - 35%-ით, არის გაზრდილი უცხოური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში 3.088 მლრდ ლარის მოცულობის ტრანზაქციები განახორციელეს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2.292 მლრდ-ს უდრიდა.
გრაფიკი 2: უცხოური ბარათებით განხორციელებული ოპერაციები (მლნ ლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ტურისტების რაოდენობასა და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლების აღდგენას შორის სხვაობა საკმაოდ დიდია. როგორ მოხდა, რომ პირველი 72%-ით აღდგა, ხოლო მეორე 107%-ით და ზოგიერთ კომპონენტში უფრო მეტით?
1) ინფლაცია - 2022 წელს საქართველოში სამომხმარებლო ფასები 2019 წელთან შედარებით საშუალოდ 29%-ით იყო გაზრდილი;
2) ლარის გამყარება - მართალია, 2022 წელს 2019 წელთან შედარებით ლარი დოლართან მიმართებით 3.5%-ით იყო გაუფასურებული - 2.82-დან 2.92-მდე, მაგრამ წლის მეორე ნახევარში ის პირიქით - 5.3%-ით, 2.93-დან 2.78-მდე გამყარდა. 2022 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 68%-ის გენერირება სწორედ ბოლო ორ კვარტალში მოხდა. შესაბამისად, 2022 წლის მეორე ნახევარში, მიღებული შემოსავლის ყოველ დოლარზე ნაკლები ლარი მოდიოდა (ნაკლები შემოსავალი ლარში);
3) 2019 წელს 1 ტურისტი საქართველოში საშუალოდ 4.11 ღამეს რჩებოდა, 2022 წელს კი 52%-ით მეტ ხანს - 6.25 ღამეს. ეს კი თავის მხრივ ძირითადად რუსი მიგრანტებისა და უკრაინელი ლტოლვილების შემოსვლით იყო გამოწვეული.
მინისტრის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის გამორიცხვით, აღდგენის მაჩვენებელი 91%-ს მიაღწევდა. თუ რუსეთისა და უკრაინის მაჩვენებლებს გამოვრიცხავთ, მაშინ 2019 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2.307 მლრდ იქნება, 2022 წელს კი 1.6%-ით მეტი - 2.343 მლრდ. ანუ აღდგენის მაჩვენებელი 101.6% იქნებოდა.
გრაფიკი 3: შემოსავალი ტურიზმიდან (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ფინანსთა მინისტრმა ტურისტების რაოდენობის აღდგენის მაჩვენებლებიც დაასახელა და აღნიშნა, რომ 2021 წელს მან 38%-ს მიაღწია, ხოლო 2022 წელს 70%-ს. 2022 წლის მონაცემი სწორია, უშუალოდ ტურისტების რაოდენობის აღდგენის მაჩვენებელი 72%-ს შეადგენს, რაც შეეხება 2021 წელს, აღდგენის მაჩვენებელი რეალურად 31%-ს - 1.577 მლნ-ს შეადგენდა, 38% კი ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლების აღდგენის მაჩვენებელს ასახავდა, უზუსტობის მიზეზი სავარაუდოდ, ეს მონაცემი გახდა, მაგრამ რადგან 2021 შუალედური წელი იყო, აღნიშნულ ცდომილებას მტკიცების არსი არ შეუცვლია.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ 2022 წელს, ტურიზმიდან მიღებული ნომინალური შემოსავალი, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მართლაც 7.6%-ით გაიზარდა. ტურისტების რაოდენობამ კი პანდემიამდელი პერიოდის 72%-ს მიაღწია. თუმცა შემოსავლებზე საუბრისას მინისტრმა ფულის მსყიდველუნარიანობა ყურადღების მიღმა დატოვა. 2020-2022 წლებში დოლარის ინფლაციამ 14.5%-ს მიაღწია, ადგილობრივმა კი - 29%-ს. ინფლაციის გათვალისწინებით კი, ნომინალურისგან განსხვავებით ტურიზმიდან მიღებულ რეალურ შემოსავლებს, არც დოლარში და არც ლარში გამოსახულად პანდემიამდელი პერიოდის ნიშნულისთვის არ გადაუჭარბებია.