სოციალურ ქსელებში პრორუსულ გვერდებზე, დონეცკის ოლქში მდებარე „ქართული ლეგიონის“ შტაბის დაბომბვის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის იგორ კონაშენკოვის განცხადება ვრცელდება (1, 2, 3). კონაშენკოვის მტკიცებით, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია „ქართული ლეგიონის“ 60, ხოლო დაჭრილია 20-ზე მეტი მებრძოლი.

აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - ის უკვე უარყო „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა, რომელმაც კონაშენკოვის განცხადება ყალბ ამბად შეაფასა: „ეს კიდევ ერთი ფეიკია, ალბათ საკუთარი მებრძოლების მოტივირებას ცდილობენ. ჩვენ მათთვის ნომერ პირველი სამიზნე ვართ. ცდილობენ თუნდაც ერთი ჩვენი ქვედანაყოფის განადგურებას“.

გარდა ამისა, უკრაინაში ერთდროულად 60 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვა ყურადღების მიღმა ვერანაირად ვერ დარჩებოდა, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს საქართველოში ასაფლავებენ, ხოლო ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი ხდება ასობით ადამიანისთვის - ნათესავებისთვის, მეგობრებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ა.შ.

ამასთან, უკრაინაში დაღუპულ მეომრებს საქართველოში განსაკუთრებული პატივით აცილებენ და ქართველი მებრძოლების გარდაცვალების შემთხვევების მიჩქმალვას არავინ ცდილობს.

აპრილის თვეში უკრაინაში 3 ქართველი მოხალისე დაიღუპა - დავით ქუჩუკიანი, ვახტანგ ბარაბაძე და არსენ ქეცბაია.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული პროპაგანდა ათობით მოკლულ ქართველ ჯარისკაცზე საუბრობს - კერძოდ, 2022 წლის ივლისში კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინაში 166 პოლონელი, 50 ქართველი, 23 ბრიტანელი, 21 რუმინელი და 15 კანადელი დაქირავებული ჯარისკაცი გაანადგურეს.

ამასთან, 27 ივნისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც, რუსულმა ძალებმა, თითქოს, 14 უცხოელი მებრძოლის, მათ შორის, რამდენიმე ქართველის, ლიკვიდირება მოახდინეს.

გარდა ამისა, 19 ივნისს სამთავრობო მედიაში რუს სამხედრო ჟურნალისტებზე დაყრდნობით, ქართული ქვედანაყოფის განადგურების თაობაზე ინფორმაცია გავრცელდა. თუმცა, იმ დღეს ბრძოლაში მხოლოდ ერთი ქართველი მოხალისე - ალუდა ზვიადაური დაიღუპა, თანაც ის არა ქართული ლეგიონის, არამედ უკრაინულ-ჩეჩნური ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა.

საბოლოო ჯამში, რუსული წყაროების მიერ გავრცელებული ყველა ეს ცნობა ყალბი აღმოჩნდა.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში ჯამში 43 ქართველი მოხალისე დაიღუპა.

-------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.