ოთარ შამუგია: ბოლო 10 წელიწადში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 147%-ით არის გაზრდილი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ოთარ შამუგიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2012 წელს საქართველოდან 511 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, 2022 წელს იმავე მონაცემმა 1. 262 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 10-წლიან პერიოდში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი მართლაც 147%-ით არის გაზრდილი. 2021 წელთან შედარებით ზრდამ 10.5% შეადგინა. შესაბამისად, მინისტრის განცხადებაში მოყვანილი მონაცემები სიმართლეს შეესაბამება.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მინისტრი განცხადებაში მხოლოდ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტზე ამახვილებს ყურადღებას და აგროსასურსათო პროდუქციის სავაჭრო ბალანსზე არაფერს ამბობს. წინა წლებში, როდესაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსი მცირდებოდა, მინისტრი და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ყოველთვის აღნიშნულზე ამახვილებდნენ ყურადღებას და ფაქტს დადებით კონტექსტში წარმოაჩენდნენ. ამ შემთხვევაში, რადგან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი მკვეთრად გაზრდილია, მინისტრი მონაცემს ყურადღების მიღმა ტოვებს და ამით ექსპორტის ზრდის დადებითი ეფექტის გაზვიადებულად წარმოჩენას ცდილობს. აქედან გამომდინარე, ოთარ შამუგიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში „სამთავრობო საათის“ ფორმატში სტუმრობისას აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ბოლო 10 წელიწადში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 147%-ით არის გაზრდილი. 2022 წელს მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული 1.3 მლრდ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, წინა წელთან შედარებით გვაქვს ექსპორტის 10.5%-იანი ზრდა“.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2022 წელს საქართველოდან 96 ქვეყანაში 1. 262 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციაა ექსპორტირებული.
გრაფიკი 1: აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტი 2012-2022 წლებში (მილიონი აშშ დოლარი)
წყარო: საქსტატი
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2012 წელს საქართველოდან 511 მლნ აშშ დოლარის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, 2022 წელს იმავე მონაცემმა 1. 262 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 10-წლიან პერიოდში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 147%-ით არის გაზრდილი. 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს ექსპორტი 10.5%-ით გაიზარდა. გასულ წელს საქართველოდან მართლაც რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განხორციელდა. ძირითადად ექსპორტირებულია ღვინო (20%), სპირტიანი სასმელები (12%), მინერალური და მტკნარი წყლები (9%), კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი (8%) და უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (7%).
საანგარიშო წელს, ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი (მთლიანი ექსპორტის 33% - 419 მლნ ), ევროკავშირი ( 14% - 173 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (11% - 141 მლნ აშშ დოლარი), სომხეთი (10% - 122 მლნ აშშ დოლარი) და ყაზახეთი (7% - 91 მლნ აშშ დოლარი).
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წინა წელთან შედარებით, 2022 წელს რუსეთში ექსპორტი 9%-ით არის გაზრდილი, რაც ძირითადად ღვინის, სპირტიანი სასმელების და უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ზრდამ განაპირობა.
აზერბაიჯანში ექსპორტის 31%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც გადამუშავებული ბურღულეულის, სოიას შროტის, ცოცხალი ცხვრის, ცოცხალი მრპ-ს, ცოცხალი ფრინველის და ფრინველის ხორცის ექსპორტის ზრდით არის განპირობებული. აღნიშნულ პროდუქტებზე - გარდა ცოცხალი ცხვრის, მრპ-ს და ფრინველისა, რეექსპორტი ხორციელდება.
სომხეთში ექსპორტი 38%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად უალკოჰოლო გაზიანი სასმელების, ცხოველების საკვების, ფრინველის ხორცის და ღორის ხორცის ექსპორტის ზრდამ გამოიწვია. ღორის ხორცის და ფრინველის ხორცის შემთხვევაში ძირითადად რეექსპორტი ხორციელდება.
რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, როგორც აღვნიშნეთ, ევროკავშირის ქვეყნებში 173 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქტია ექსპორტირებული, რაც მთლიანი ექსპორტის 14%-ს შეადგენს, წინა წელთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებში 4%-ით უფრო ნაკლები აგროსასურსათო პროდუქტი გავიდა. ძირითადად ექსპორტირებულია: თხილი (პირველადი და გადამუშავებული) - 49%, ღვინო - 18%, სპირტიანი სასმელები - 14%, მინერალური და მტკნარი წყლები - 5%.
მინისტრი განცხადებაში მხოლოდ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტზე ამახვილებს ყურადღებას და აგროსასურსათო პროდუქციის სავაჭრო ბალანსზე არაფერს ამბობს. 10-წლიან პერიოდში სავაჭრო ბალანსი სულ უარყოფითი იყო (იმპორტი აჭარბებდა ექსპორტს), 2013-2014 წლებში კლების ტენდენცია დაფიქსირდება, შემდგომ 2015-2017 წლებში ზრდა გვაქვს, 2018-2021 წლებში უარყოფითი ბალანსი ისევ მცირდება, 2022 წელს კი უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 590 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 185%-იანი ზრდაა, წინა წელს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 207 მლნ აშშ დოლარი იყო.
გრაფიკი2: საგარეო ვაჭრობა წლების მიხედვით (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: საქსტატი
წინა წლებში, როდესაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსი მცირდებოდა, მინისტრი და მმართველი პარტიის წარმომადგენლები (იხილეთ: სტატია1, სტატია2, სტატია 3) ყოველთვის აღნიშნულზე ამახვილებდნენ ყურადღებას და ფაქტს დადებით კონტექსტში წარმოაჩენდნენ. 2022 წელს, რადგან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი მკვეთრად გაზრდილია, მინისტრი მონაცემს ყურადღების მიღმა ტოვებს და ამით ექსპორტის ზრდის დადებითი ეფექტის გაზვიადებულად წარმოჩენას ცდილობს. აქედან გამომდინარე, ოთარ შამუგიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.