რეზიუმე: ექსპორტსა და იმპორტს შორის დეფიციტი, ანუ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ნიშნავს, რომ უფრო მეტი გადავიხადეთ საზღვარგარეთიდან შემოტანილ პროდუქციაში, ვიდრე უცხოელებმა გადაიხადეს საქართველოდან გატანილ პროდუქციაში. ვაჭრობიდან შემოვიდა ნაკლები ვალუტა, ვიდრე გავიდა ქვეყნიდან, რაც უარყოფითად აისახება ლარის კურსზეც, თუ მისი დაბალანსება არ მოხდება სხვა წყაროებიდან.
2017 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 777 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 12%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რაც შეეხება იმპორტს, 2017 წელს საქართველოში იმპორტირებულია 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 10%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2017 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტსა და იმპორტს შორის არსებულმა უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა -395 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 6.6%-ით არის გაზრდილი. 2013 წლიდან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ძირითადად, კლების ტენდენციით ხასიათდება. გამონაკლისი იყო 2015 და 2017 წლები.
2004-2012 წლების პერიოდში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტს შორის დეფიციტი მუდმივად იზრდებოდა, გარდა 2009 წლისა. თუმცა, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტს შორის -900 მილიონი აშშ დოლარის დეფიციტი არასდროს დაფიქსირებულა. ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა მაქსიმუმ 754 მილიონი აშშ დოლარი იყო. 2017 წელს ეს სხვაობა 395 მილიონ აშშ დოლარამდე დავიდა.
ანალიზი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტს და იმპორტს შორის სხვაობის შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება. „დარგში არსებულ შედეგებზე მეტყველებს ქართული პროდუქციის და ბრენდების რაოდენობის ზრდა სუპერმარკეტებში. ამას რიცხვებიც ადასტურებს. ჩვენ გვქონდა დაახლოებით 900 მილიონი დოლარის დეფიციტი აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტსა და იმპორტს შორის, ანუ ფაქტობრივად დამოკიდებული ვიყავით იმპორტულ პროდუქტებზე. დღეს ჩვენ ეს დეფიციტი 300 მილიონ დოლარამდე დავიყვანეთ“ - განაცხადა დავითაშვილმა.
უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ნიშნავს, რომ საქონლის იმპორტი აღემატება ექსპორტს, ე.ი. ცალკეული ქვეყანა იხდის უფრო მეტს საზღვარგარეთიდან შემოტანილ პროდუქციაში, ვიდრე უცხოელები იხდიან ამავე ქვეყნიდან გატანილი პროდუქციის შესაძენად. მსგავს შემთხვევაში საქონლით ვაჭრობიდან შემოდის ნაკლები ვალუტა, ვიდრე გადის ქვეყნიდან, რაც უარყოფითად აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე, თუ მისი დაბალანსება არ მოხდება სხვა წყაროებიდან. როცა უარყოფით სალდოს შემცირების ტენდენცია აქვს ე.ი მცირდება ვალუტის ის დანაკლისი რისი დაბალანსებაც ქვეყანას უწევს სხვა წყაროებიდან, რაც დადებითი ტენდენციაა. წყაროები საიდანაც ხდება დეფიციტის დაბალანსება შესაძლებელია იყოს მომსახურების ექსპორტი (ტურიზმი, სატრანსპორტო მომსახურება) და უცხოური კაპიტალის მოზიდვა, მათ შორის საგარეო ვალის აღება. საგარეო ვალის ხარჯზე დეფიციტის დაბალანსება ყველაზე ნაკლებად სასურველი ალტერნატივაა.
2017 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 777 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 12%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ქვეყნის მთლიან ექსპორტში აგროსასურსათო პროდუქციის ხვედრითი წილი 28%-ს შეადგენს. ძირითადად ექსპორტირებულია: ღვინო (22%), სპირტიანი სასმელები (16%), მინერალური და მტკნარი წყლები (12%), თხილი (11%), მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (5%), ცხვრის ხორცი (3%), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (2%) და სხვა.
რაც შეეხება იმპორტს, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებულია 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 10%-ით აღემატება წინ წლის მაჩვენებელს. 2017 წელს ქვეყნის მთლიან იმპორტში აგროსასურსათო პროდუქციის ხვედრითი წილი 14.7%-ს შეადგენს. ძირითადად იმპორტირებულია თამბაქო (9%), ხორბალი (8%), შაქარი (6%), შინაური ფრინველის ხორცი (5%), შოკოლადის ნაწარმი (5%), მცენარეული ზეთი (3%) და სხვა.
გრაფიკი 1: აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტი (მილიონი აშშ დოლარი) და სავაჭრო ბალანსი (2011-2017 წლები)
წყარო:სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2012 წელს („ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წელს) აგროსასურსათი პროდუქციის ექსპორტ-იმპორტს შორის სხვაობა უარყოფითი იყო და 753 მილიონ დოლარს შეადგენდა და არა 900 მილიონს, როგორც მინისტრი აღნიშნავს.
2013 წლიდან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. აღნიშნული, დიდწილად რუსეთის ბაზრის გახსნის შედეგად ექსპორტის მოცულობის ზრდით შეიძლება აიხსნას. თუმცა, აქვე აღსანიშნავია არასტაბილურ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების მატების შედეგად გაზრდილია რისკები. მეორე მხრივ, 2015-2016 წლებში შენელებული ეკონომიკური ზრდა და ვალუტის კურსის შემცირება (გაუფასურება) ხელს უწყობდა იმპორტის ზრდის შეზღუდვას, ცალკეულ წლებში კი შემცირებას. ვინაიდან ლარის კურსის შემცირება იმპორტული საქონლის გაძვირებასთან ერთად უცხოელთათვის აიაფებს ქართულ პროდუქციას, კურსის ეფექტიც ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორი იყო. ზრდის ტენდენციის შემდგომ, უშუალოდ 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, უარყოფითი სავაჭრო სალდო 6.6%-ით არის გაზრდილი, რისი ძირითადი მიზეზიც, სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, თხილის ექსპორტის შემცირებაა. 2018 წლის სასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკური მონაცემი ჯერ არ გამოქვეყნებულა.
მინისტრი აღნიშნულ განცხადებაში არ აკონკრეტებს, რომელ წელს იყო აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტს შორის 900 მილიონიანი სხვაობა. რადგან მისი საუბრის ზოგადი კონტექსტი აგროსასურსათო სექტორის არსებული მდგომარეობის „ნაციონალური ხელისუფლების“ პერიოდთან შედარებას გულისხმობს, ჩვენ 2004-2012 წლის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკაც განვიხილეთ.
ცხრილი 1: აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტი 2004-2012 წლებში (მლნ აშშ დოლარი)
წელი |
ექსპორტი |
იმპორტი |
სავაჭრო ბალანსი |
2004 |
202.4 |
390.6 |
-188.2 |
2005 |
303.9 |
437.5 |
-133.6 |
2006 |
234.9 |
606.3 |
-371.4 |
2007 |
298.6 |
832.5 |
-533.9 |
2008 |
249.9 |
942.1 |
-694.2 |
2009 |
316.5 |
795.2 |
-478.7 |
2010 |
349.3 |
959.6 |
-610.3 |
2011 |
436.6 |
1,183.8 |
-747.2 |
2012 |
510.6 |
1,263.7 |
-753.1 |
წყარო:სტატისტიკის ეროვნული სამსახური
გრაფიკის მიხედვით, 2004-2012 წლებში სავაჭრო ბალანსი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. გამონაკლისი არის 2009 წელი. თუმცა, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტს შორის სხვაობა 900 მილიონი დოლარი ამ წლების განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
გრაფიკი 2: აგროსასურსათო პროდუქციის განაწილება ძირითადი საექსპორტო ბაზრის და იმპორტიორი ქვეყნების მიხედვით 2017 წელს
როგორც გრაფიკიდან ჩანს, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის ყველაზე დიდ ბაზრად კვლავ რუსეთი რჩება (ექსპორტის 27%, იმპორტის -25%) მეორე ადგილზე ევროკავშირის ქვეყნებია (ექსპორტის - 18%, იმპორტის - 23%).