სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტომასალა, სადაც ჯარისკაცების მიერ ხატების დაწვის სურათია (ბმული 1, 2, 3, 4) ასახული. ერთ-ერთი პოსტის თანახმად, ქმედება უკრაინაში ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში განხორციელდა. მასალების მიხედვით, „ღვთის მგმობი“ დასავლეთი და „მათი მარიონეტი“ უკრაინა მართლმადიდებლურ ეკლესიას ებრძვის. „[„გლობალისტ-კაპიტალისტები“] ცდილობენ, რომ უკრაინელ ხალხს ყველაფერი დაათმობინონ და სამუდამოდ მათი მიზნების განხორციელების იარაღად აქციონ“.
სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტების უმრავლესობა აღნიშნულ ფოტომასალას მანიპულაციურად იყენებს, თითქოს ეს კადრები 2022 წელს არის გადაღებული და ისინი უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებასთან მცდარად არის დაკავშირებული, რომლის თანახმადაც, უკრაინა რელიგიურ გარემოში რუსული სპეცსამსახურების დივერსიული მოქმედებების გამოსავლენად და აღსაკვეთად საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებას გეგმავს.
Google-ის ფოტოს საძიებო სისტემით (Google reverse image search), ფოტოს წარმომავლობის ძიებას იტალიურ და რუსულ ვებგვერდებამდე მივყავართ, სადაც მოცემული ფოტო-მასალები 2015 წლის სტატიებშია გამოყენებული. ფოტოების 2015 წლით დათარიღება მათ კავშირს ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდთან და უკრაინაში რუსეთის 2022 წლის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიასთან თავისთავად გამორიცხავს. მოცემული ვებგვერდები ქმედებას აზოვის ბატალიონის ჯარისკაცებს მიაწერენ.
რაც შეეხება მტკიცებას, რომ ზელენსკის რეჟიმი მართლმადიდებლობას, როგორც რელიგიას, ებრძვის და მართლმადიდებელი ეკლესიების მოღვაწეობის აკრძალვას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება.
ზელენსკიმ 1 დეკემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც, რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შეწყვეტას ითვალისწინებს. 2 დეკემბერს სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დოკუმენტის თანახმად, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მთავრობას ევალება, უკრაინაში რუსეთის ფედერაციაში გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ კანონპროექტი მოამზადოს და პარლამენტს წარუდგინოს. პრეზიდენტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა ყველა ორგანომ - უკრაინის რელიგიურ გარემოში რუსული სპეცსამსახურების დივერსიული მოქმედებების გამოსავლენად, საქმიანობა უნდა გააძლიეროს და პერსონალური სანქციები დააწესოს. ზელენსკის თქმით, ამ და სხვა გადაწყვეტილებებით ქვეყნის სულიერი დამოუკიდებლობა გარანტირებული იქნება.
----------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.