თათია ნიკოლაშვილი: ოზურგეთის რაიონში 6-დან 18 წლამდე ასაკის 8 407 მოზარდი ცხოვრობს. აქედან სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია 4 449. მათგან მხოლოდ 2 006 იღებს შემწეობას. ეს არის 2023 წლის მონაცემები

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თათია ნიკოლაშვილის განცხადება არის სიმართლე

რეზიუმე: სოციალური მომსახურების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში, 2023 წლის იანვრის მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (ქალაქ ოზურგეთის გამოკლებით) რეგისტრირებულია 6-18 წლის 4 414 პირი. აქედან შემწეობას იმავე ასაკის 2 006 მოზარდი იღებს. მუნიციპალიტეტში სულ 62 863 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 8 407 პირი 6-18 წლისაა. ეს ნიშნავს, რომ მოზარდების ნახევარზე მეტი, 52.5%, ბაზაშია რეგისტრირებული, ხოლო 23.9% შემწეობის მიმღებია.

პოლიტიკოსი შემწეობის მიმღები ბავშვების რაოდენობას მიმდინარე წლის იანვრის თვის სტატისტიკის მიხედვით გვაცნობს, ხოლო რეგისტრირებულთა რაოდენობას - თებერვლის მიხედვით. ვინაიდან ის ამბობს, რომ 2023 წლის მონაცემებზე საუბრობს, ორივე შემთხვევაში, ციფრი სწორია. ამასთანავე, ის ზუსტად ასახელებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების რაოდენობასაც და ამ შემთხვევაშიც, ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა.

გასათვალისწინებელია, რომ 2020-2021 წლებში, პანდემიის გამო, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების შესწავლის პროცესი შეჩერებული იყო და 2022 წლიდან განახლდა. ამიტომ რეგისტრირებული ოჯახების გარკვეული რაოდენობისთვის შემწეობის დანიშვნის პროცედურა მიმდინარეობს. აქედან რამდენიმეს შემწეობის დანიშვნის უფლება მომდევნო თვიდან წარმოეშვება. ბუნებრივია, აღნიშნული გარემოება მონაცემთა ცვლილებას გამოიწვევს.

„ფაქტ-მეტრის“ დასკვნით. პოლიტიკოსის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თათია ნიკოლაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობს. კერძოდ, პოლიტიკოსი სიღარიბეში მყოფი არასრულწლოვნების შესახებ წერს: „ოზურგეთის რაიონში 6-დან 18 წლამდე ასაკის 8 407 მოზარდი ცხოვრობს. აქედან სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია 4 449. მათგან მხოლოდ 2 006 იღებს შემწეობას. ეს არის 2023 წლის მონაცემები“.

პოლიტიკოსი საკითხს სკოლებში უფასო კვების ასპექტში განავრცობს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოზარდებისთვის, რომლებიც ბაზაში რეგისტრირებული არიან, მაგრამ შემწეობას ვერ იღებენ.

„ფაქტ-მეტრმა“სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მაჩვენებლები შეისწავლა, რომლებიც ადასტურებს, რომ მიმდინარე წლის იანვარში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შემწეობას იღებდა 6-18 წლის 2 006 პირი, ხოლო მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ამავე ასაკის მოზარდების რაოდენობა 4 414-ს შეადგენდა. 4 449 რეგისტრირებული კი თებერვლის თვეში დაფიქსირდა. მაღალია ბაზაში რეგისტრირებულთა 0-დან 6 წლის ასაკის ბავშვების რაოდენობაც. პოლიტიკოსი ამბობს, რომ 2023 წლის მონაცემებზე საუბრობს და კონკრეტულ თვეებს არ ასახელებს.

ამიტომ ჩვენ 2022-2023 წლს იანვარ-მარტის პერიოდი შევისწავლეთ და მონაცემები ერთმანეთს შევადარეთ.

გრაფიკი 1. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ბენეფიციარები 0-6 და 6-18 წლის მიხედვით, 2022-2023 წლის იანვარი, თებერვალი, მარტი (ოზურგეთის რაიონი, ქალაქ ოზურგეთის გარეშე)

0-6 წლის 6-18 წლის

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

გრაფიკი 1 ადასტურებს, რომ რეგისტრირებულთა რაოდენობა, ორივე ასაკობრივ ჯგუფში, იზრდება. როგორც ჩანს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბებსა და სოფლებში მცხოვრები სულ უფრო მეტი ოჯახი მიიჩნევს, რომ ღარიბია და სახელმწიფო შემწეობის გარეშე, შვილების გამოკვების შესაძლებლობა არ აქვს. თუმცა შემწეობას მხოლოდ რეგისტრირებულთა ნაწილი იღებს.

გრაფიკი 2. შემწეობის მიმღები მოსახლეობა 0-6 და 6-18 წლის მიხედვით, 2022-2023 წლის იანვარი, თებერვალი, მარტი (ოზურგეთის რაიონი, ქალაქ ოზურგეთის გარეშე)

0-6 წლის 6-18 წლის

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

როგორც ვხედავთ, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის მიხედვით, წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორივე ასაკობრივ ჯგუფში, მიმღებთა რაოდენობა იკლებს. აქ გასათვალისწინებელია, რომ 2020-2021 წლებში, პანდემიის გამო, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების შესწავლის პროცესი შეჩერებული იყო და 2022 წლიდან განახლდა. ამიტომ ბაზაში რეგისტრირებული არაერთი ოჯახის შემთხვევაში, შემწეობის დანიშვნის პროცედურა მიმდინარეობს. კერძოდ, ოზურგეთის რაიონში, ქალაქ ოზურგეთის გამოკლებით, მარტში საარსებო შემწეობის თანხა არ გადაერიცხა 374 პირს, რადგან მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ზღვრულ ქულას არ აღემატებოდა. აქედან: შეუჩერდა 106 პირს, შეუწყდა 3 პირს, დამატებით შესწავლას საჭიროებს ორი პირი, უარი განაცხადა 8 პირმა, შემწეობის დანიშვნის უფლება წარმოეშვება მომდევნო თვიდან 125 პირს, ხოლო დანიშვნის პროცედურა მიმდინარეობს 130 პირის შემთხვევაში. რამდენით გაიზრდება, ან შემცირდება შემწეობის მიმღები ბავშვების რიცხვი, ამ ეტაპზე უცნობია. ბუნებრივია, აღნიშნული გარემოება მონაცემთა ცვლილებას გამოიწვევს.

რაც შეეხება ოზურგეთში მცხოვრები ბავშვების რაოდენობას, ამის შესახებ საუბარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022-2025 წლის პრიორიტეტების დოკუმენტში, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტში სულ 62 863 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდების რაოდენობა 8 407-ს შეადგენს, ხოლო 4 420 ბავშვი 0-6 წლისაა. შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსის მიერ დასახელებული ციფრები მოიცავს ოზურგეთის რაიონს, ქალაქ ოზურგეთის გარეშე. ამიტომ, განცხადების გადამოწმებისას, ჩვენ ამ მონაცემებს მივყევით. თუ 2023 წლის მარტის მიხედვით ვიმსჯელებთ, 0-18 წლის ბენეფიციარების ის რაოდენობა, რომელიც ბაზაშია რეგისტრირებული, ამავე ასაკის მოსახლეობის ჯამური რაოდენობის (12 827) 46%-ს შეადგენს, ხოლო შემწეობას მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 21.2% იღებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი