Facebook-მომხმარებელი Vaso Kotashvili სოციალურ ქსელში დეზინფორმაციას ავრცელებს. მტკიცების თანახმად, უკრაინელებმა მიკოლაევში მართლმადიდებლური ეკლესია დაწვეს. პოსტს თან ერთვის ვიდეოც. აღნიშნული ყალბი მტკიცება გავრცელდა რუსულენოვანი Facebook-ანგარიშების მიერაც. მათი მტკიცებით, ვიდეო მიკოლაევის ოლქის სოფელ ნოვოპოლტავკაშია გადაღებული (1,2).
სინამდვილეში, გავრცელებული კადრები უკრაინაში მომხდარ მოვლენას არ ასახავს და ვიდეო YouTube-ზე პირველად ჯერ კიდევ 10 წლის წინ სათაურით - „ილინკაში ეკლესია იწვის“ აიტვირთა. აღნიშნული კადრები 2013 წელს რუსეთში, ასტრახანის ოლქის სოფელ ილინკაშია გადაღებული. 2013 წელს მომხდარ ინციდენტზე ერთ-ერთმა რუსულმა ტელეარხმა tvsoyuz-მა სპეციალური რეპორტაჟიც მოამზადა.
აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინაში, სოფელ ნოვოპოლტავკაში არსებული ტაძრის ფასადი რადიკალურად განსხვავდება რუსეთში, ილინკაში მდებარე ტაძრისგან (Богородице-Казанский храм, Ильинка), რომელიც 2013 წელს ხანძრის შედეგად დაიწვა.
ამდენად, მტკიცება, რომ უკრაინელებმა მიკოლაევში მდებარე მართლმადიდებლური ეკლესია დაწვეს, ყალბია. ვიდეო, რომელსაც Facebook-ანგარიში აქვეყნებს, 2013 წელს რუსეთში ასტრახანის ოლქში მომხდარ ინციდენტს ასახავს.
-----------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.