2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით - 549 მლნ დოლარიდან 591 მლნ დოლარამდე, რუსეთთან კი 70%-ით - 275 მლნ-დან 467 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

2023 წლის დასაწყისში საგარეო ვაჭრობის ბრუნვა სახელმწიფოთა უმრავლესობასთან გაიზარდა, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში თუ ქვეყანათა ჯგუფში ზრდის ტემპი სხვადასხვა აღმოჩნდა. 192%-იანი ზრდის შედეგად სომხეთმა ექსპორტში პირველი ადგილი დაიკავა. ეს პოზიცია წინა წლებში რუსეთსა და ჩინეთს ეკავათ. პარალელურად, 86%-იანი ზრდის შედეგად რუსეთმა თურქეთს იმპორტშიც და მთლიან სავაჭრო ბრუნვაშიც გაუსწრო.

გრაფიკი 1: სავაჭრო ბრუნვის ცვლილების დინამიკა 2022-2023 წლების იანვარ-თებერვალში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სავაჭრო ბრუნვის სტრუქტურა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ თითქმის მთელ მსოფლიოში მკვეთრად შეიცვალა. ენერგომატარებლების გაძვირების გამო, საწყის ეტაპზე, რუსეთიდან იმპორტი თანხობრივად ევროკავშირმაც გაზარდა, თუმცა პიკური ფასები გადავლისა და ჩამნაცვლებლის გამონახვის შემდეგ შეამცირა.

საქართველო სანქციებს არ შეერთებია, მაგრამ ვალდებულება აიღო, რომ მას არ დაარღვევდა. საერთაშორისო სანქციები ძირითადად რუსეთში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ექსპორტს ზღუდავს, რასაც საქართველო მხოლოდ მინიმალური ოდენობით აწარმოებს. ქართულ და საერთაშორისო მედიაში რამდენჯერმე გაჟღერებული ბრალდების მიუხედავად, 13 თვის განმავლობაში სანქციების დარღვევის ფაქტი არ დადასტურებულა.

2023 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ანუ ომის დაწყებამდე მონაკვეთში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 38%-ით - 93 მლნ-დან 133 მლნ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტი კი ბევრად მეტით, 86%-ით - 275 მლნ-დან 467 მლნ-მდე.

ცხრილი 1: სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ექსპორტში ყველაზე დიდი ზრდა მსუბუქ ავტომობილებში შეინიშნება. ეს რეალურად რეექსპორტია. დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობების დაძაბვის გამო, მოთხოვნა საქართველოს გავლით შესულ ავტომობილებზე გაიზარდა. 2022 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთში რეექსპორტზე სულ 209 ავტომობილი გავიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 978. სანქციების დარღვევად ვერც ეს ფაქტი შეფასდება, რადგან პირდაპირი აკრძალვა მხოლოდ 50 000 ევროზე (დაახლოებით 54 000 დოლარი) უფრო ძვირ ავტომობილებს ეხება.

მდგომარეობა განსხვავებულია იმპორტის მიმართულებით. სანქციების შედეგად, რუსეთი იძულებულია ენერგომატარებლები სხვაზე იაფად გაყიდოს. ქართველი იმპორტიორებისთვის კი ეს ფაქტი შედარებით კონკურენტუნარიანი ფასის დაწესებისა და მოგების მარჟის ზრდის შესაძლებლობა გახდა.

ქვანახშირის იმპორტის 4000%-იანი ზრდა საბაზისო პერიოდის გათვალისწინებით ბევრს არაფერს ნიშნავს. მდგომარეობა უფრო საინტერესო საავტომობილო საწვავისა და ბუნებრივი გაზის ბაზარზეა. საქსტატის ინფორმაციით, თანხობრივად რუსული ნავთობპროდუქტის იმპორტის წილმა 68%-ს გადააჭარბა (109 მლნ 158 მლნ-დან), მოცულობით კი 85%-ს (149 ათასი ტონა 174 ათასიდან). 39%-მდე (68 მლნ 176 მლნ-დან) არის გაზრდილი რუსული გაზის იმპორტის წილიც. ეს მთლიანად კომერციული გაზია, მოსახლეობა და თბოსადგურები სრულად, ხოლო ბიზნესი ნაწილობრივ აზერბაიჯანულ გაზს მოიხმარს.

ევროკავშირში ექსპორტში პირველ ადგილს 38%-იანი ვარდნის მიუხედავად სპილენძის მადნები იკავებს, იმპორტში კი ნავთობპროდუქტები მსუბუქმა ავტომობილებმა ჩაანაცვლა. ზოგიერთ შემთხვევაში ოთხნიშნა პროცენტული ზრდა საბაზისო პერიოდს უკავშირდება.

ცხრილი 2: სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება 2014 წლის 27 ივნისს გააფორმა, რის შემდეგაც ქართული პროდუქცია აშშ-ის შემდეგ სიდიდით მსოფლიოს #2 ბაზარზე დაბეგვრის გარეშე იქნა დაშვებული. ამის მიუხედავად, 2013 წლის შემდეგ ევროკავშირში ექსპორტი მხოლოდ 42%-ით გაიზარდა, თუ ბრიტანეთსაც მივამატებთ, რომელთანაც ბრექსიტის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება თავიდან ამოქმედდა 45%-ით, ეს მაშინ როცა იმავე პერიოდში ექსპორტი მთლიან მსოფლიოში 95%-ით გაიზარდა. ამის მიზეზი რუსეთის ბაზრის ხელახალი გახსნა და ჩინეთთან 2018 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედება გახდა. არც ერთს და არც მეორეს ხარისხის მიმართ ევროკავშირის მსგავსი მოთხოვნები არ გააჩნიათ, თუმცა რუსეთის შემთხვევაში პოლიტიკური რისკები შეუდარებლად უფრო მაღალია.

ზოგადად, ორი თვე დროის საკმაოდ მცირე პერიოდია და თუნდაც ნახევარწრიულ ჭრილში ცვლილებების ალბათობა მაღალია, მაგრამ ეს დრო საინტერესოა იმდენად, რამდენადაც რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა, რამაც მთელ პლანეტაზე და განსაკუთრებით რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. უკვე მარტიდან, ეკონომიკური მონაცემები ომის დაწყების შემდგომ პერიოდთან იქნება შესადარებელი.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი