ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში ყველა წისქვილკომბინატი დაიხურა. ამის შესახებ მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, არსებული მდგომარეობა რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადით და ფქვილზე არსებული ნულოვანი ბარჟით არის განპირობებული.
მან ასევე განაცხადა, რომ წისქვილკომბინატების გაჩერებამ განაპირობა ის, რომ ადგილობრივი ფერმერები გასული წლის დაგროვებულ ხორბლის მოსავალს ვერ ყიდიან, რაც ჯაჭვურ რეაქციას იწვევს და ფერმერები ახალი მოსავლის მიღებისთვის მზადებას ვერ იწყებენ.
„თუ ისინი ვერ გაყიდიან თავის ხორბალს, არ ექნებათ იმის რესურსი, რომ ხორბლის მოსაყვანად საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყონ და ქვეყანაში ხორბლის მოსავლის რაოდენობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“,- განაცხადა ლევან სილაგავამ.
მისი ინფორმაციითვე, რამდენიმე ხნის წინ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია შეიქმნა, რომელმაც არსებული პრობლემის შესახებ საქართველოს მთავრობა საქმის კურსში ჩააყენა.
პრობლემის გადაჭრის მიზნით, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია საქართველოს მთავრობას გარკვეულ გეგმას სთავაზობს, რომლის განხორციელების შემთხვევაში, მთავრობის მთავარი მიზანი პურის ფასის შენარჩუნება, გარანტირებული იქნება.
შეთავაზების არსი იმაში მდგომარეობს, რომ დაწესებულ იქნას დამაბალანსებელი საიმპორტო მოსაკრებელი იმპორტირებულ ფქვილზე, რაც გაათანაბრებს ფქვილისა და ხორბლის იმპორტის საგადასახადო რეჟიმს და ასეთ შემთხვევაში, წისქვილკომბინატები მუშაობის აღდგენას შეძლებენ და ისინი ვალდებულებას იღებენ, რომ „მასობრივი მოხმარების პურზე ფასებს შეინარჩუნებენ, ადგილობრივი ფერმერებისაგან 2022 წლიდან დარჩენილი ჩაუბარებელ ხორბლის მოსავალს გარანტირებულად შეისყიდიან, რაც შეჩერებულ საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას უზრუნველყოფს და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა (ხორბლის 2-თვიანია გარდამავალი მარაგების შექმნით).
წისქვილკომბინატები ანალოგიური პრობლემის წინაშე შარშანაც იყვნენ. მდგომარეობა შედარებით ზაფხულში, ხორბლის ახალი მოსავლის აღების შემდეგ, დასტაბილურდა.
როგორც გვახსოვს, 2021 წლის სექტემბრიდან რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცურავი საბაჟო მექანიზმი აამოქმედა, რამაც საქართველოში ხორბლის იმპორტიორებისთვის ხორბლის შემოტანა არარენტაბელური გახადა, რადგან ფქვილის იმპორტზე ნულოვანი საბაჟო გადასახადის გამო, ადგილობრივი ფქვილი შემოტანილს - გაცილებით მცირე ფასის გამო, კონკურენციას ვერ გაუწევდა. აღნიშნულმა ხორბლის იმპორტი შეამცირა და შესაბამისად, ადგილობრივი წისქვილკომბინატების გაჩერებაც განაპირობა (დაწვრილებით, იხ. სტატია).
ცხრილი1: ხორბლის იმპორტი, 2021-2023 წლებში
წყარო: საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალი
როგორც მონაცემებიდან ჩანს, მიმდინარე წლის ორ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხორბლის იმპორტი 28.8%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით ხორბლის იმპორტი ჯამში 30.6%-ით არის შემცირებული. მთლიანი იმპორტის უდიდესი წილი ყველა წლის შემთხვევაში რუსეთზე მოდის.
რაც შეეხება ხორბლის ფქვილის იმპორტს, 2021-2023 წლებში შემდეგნაირი იყო:
ცხრილი 2: ხორბლის ფქვილის იმპორტი, 2021-2023 წლებში
წყარო: საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალი
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის ორ თვეში წინა წელთან შედარებით ხორბლის ფქვილის იმპორტის ზრდა ფიქსირდება და ზრდა 7.7%-ია, ხოლო გასულ წელს 2021 წელთან შედარებით ხორბლის ფქვილი იმპორტის ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა და ზრდამ 477%-ს მიაღწია, რაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხორბლის ფქვილზე ნულოვანი საბაჟო გადასახადით იყო განპირობებული. ხორბლის ფქვილის შემთხვევაშიც პირველი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია.
აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც, რომ ქვეყნის სასურსათო პოლიტიკა, როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმაც გააჟღერა, ადგილობრივი ხორბლის წარმოების ზრდას ითვალისწინებს (იხ: სტატია). ამ ფონზე წისქვილკომბინატების გაჩერება, არათუ ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხორბლის მოსავლიანობის ზრდას (თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის ზრდა), პირიქით ამ სტრატეგიის გასავითარებლად შესაძლოა შემაფერხებელი ფაქტორიც კი აღმოჩნდეს, რის დასტურიც უკვე არის ის, რომ ფერმერები გასული წლის მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ და საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ვერ ემზადებიან. ამასთანავე ხორბალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტია და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. აქედან გამომდინარე, იმედია, შექმნილი მდგომარეობიდან გარკვეული გამოსავალი მოიძებნება და წისქვილკომბინატებს წარმოების შეჩერება არ მოუწევთ.