ლევან დავითაშვილი: სურსათზე ფასები იკლებს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ ლევან დავითაშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

რეზიუმე: თებერვლის თვის მონაცემებით, ფასები რამდენიმე სასურსათო პროდუქტზე მართლაც შემცირებულია, თუმცა უმნიშვნელოდ. წლიურ ჭრილში ფასის კლება მხოლოდ მზესუმზირას ზეთზე, წიწიბურაზე, ვაშლსა და კომბოსტოზე ფიქსირდება. ტენდენციის დასანახად, მხოლოდ ერთი თვის მონაცემი საკმარისი არ არის. თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ რითეილ სექტორის განცხადებით, კლება აქციების ხარჯზეა მიღწეული და იმდენად უმნიშვნელოა, რომ მოსახლეობა ჯერ ვერ იგრძნობს. ეკონომიკის მინისტრი აღნიშნულ განცხადებაში ფასდაკლების პროცესის ინტენსიურ მიმდინარეობას უსვამს ხაზს, რაც არასწორია და ფასების უმნიშვნელო კლების გაზვიადებულად წარმოჩენას ისახავს მიზნად. აქედან გამომდინარე, რადგან საკვლევი პერიოდის სიმცირის გამო, სასურსათო პროდუქტების ფასების კლების ტენდენციას ვერ დავაკვირდებით, ამ ეტაპისთვის მინისტრის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.

ანალიზი

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სასურსათო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით განაცხადა: „თქვენ დაინახეთ ტენდენცია, რომ ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ დაიწყო კლება სასურსათო პროდუქტებზე. ეს პროცესი მიმდინარეობს ინტენსიურად. პროცესში ჩართულია როგორც დარგობრივი ასოციაციები, იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაციები, ისე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც კვების ჯაჭვში მონაწილე კომპანიების მხარდაჭერას ახორციელებს“.

ბოლო პერიოდში სასურსათო პროდუქტებზე ფასები თითქმის ყოველთვიურად იზრდება. მიმდინარე წლის თებერვალში პრემიერმა განაცხადა, რომ „კონკურენციის სააგენტოს მიერ სურსათის ფასების პირველადი მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსახლეობას, საერთო ჯამში, სურსათის პროდუქტების შეძენა ასპროცენტიანი ფასნამატით უწევს“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრებს სამუშაო ჯგუფის შექმნა და საკითხში გარკვევა დაავალა. საბოლოოდ, ეკონომიკის სამინისტრომ ახალი კანონპროექტის შემუშავება დაიწყო, რომლის მიზანი სურსათის ფასების ხელოვნური დარეგულირებაა.

რეალურად, პრემიერის განცხადებამ სურსათის ფასებზე რა გავლენა მოახდინა და, დაიკლო თუ, არა - მათმა ღირებულებამ, ჩვენ ამის გარკვევას შევეცადეთ.

ამ დროისთვის მხოლოდ თებერვლის შედეგებია ცნობილი. შესაბამისად, საკითხზე მსჯელობისას ამ მონაცემს დავეყრდნობით.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის თებერვალში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 8.1% შეადგინა, უშუალოდ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფის ინფლაცია 14% იყო. ყოველწლიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ჯგუფის წილმა 33.7% შეადგინა. რაც შეეხება თებერვლის თვის ინფლაციას, წინა თვესთან შედარებით დეფლაციაა - 0.7%-ი, ხოლო სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფის ინფლაციის დონე 1.2%-ით განისაზღვრა.

რაც შეეხება ცალკეული სასურსათო პროდუქტების ფასებს, ფასის ცვლილებას წინა თვესთან შედარებით და წლიურ ჭრილში შემოგთავაზებთ (გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით).

ცხრილი 1: სამომხმარებლო ფასების ინდექსი

წყარო: საქსტატი

როგორც მონაცემებიდან ჩანს, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, უმნიშვნელოდ - ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, ხორბლის ფქვილი, რძის ნაწარმი, მზესუმზირას ზეთი, შაქარი, ხმელი ლობიო, ხსნადი ყავა, კომბოსტო გაიაფდა. თუმცა, თუ სასურსათო პროდუქტების ფასებს წლიურ ჭრილში განვიხილავთ, მხოლოდ წიწიბურას, მზესუმზირას ზეთის, ვაშლის და კომბოსტოს ღირებულება არის შემცირებული. როგორც აღვნიშნეთ, ამ დროისთვის ფასების მხოლოდ უმნიშვნელო კლება ფიქსირდება. ამ ფონზე მინისტრის განცხადება, რომ პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს, გადაჭარბებულია და სასურსათო პროდუქტებზე ფასების უმნიშვნელო კლების აღმატებულად წარმოჩენას ისახავს მიზნად. თანაც, როგორც რითეილ სექტორის ასოციაციის თავმჯდომარე სოფიო ქაშაკაშვილი მედიასთან კომუნიკაციისას აღნიშნავს, ამ ეტაპისთვის პროდუქტებზე ფასდაკლებები აქციების ხარჯზეა, თუმცა ეს იმდენად მინიმალურია, რომ მომხმარებლები ამას ვერ იგრძნობენ თუ პროდუქტების გაიაფება დისტრიბუტორებმაც არ დაიწყეს.

ასევე ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროდუქტების მაღალ ფასებზე ყურადღება პრემიერმა გაამახვილა და შესაბამის სამსახურებს ფაქტობრივად ფასების ხელოვნური რეგულირება დაავალა. როგორც ვიცით, საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი ის არის, რომ პროდუქციის ფასს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის თანაფარდობა განსაზღვრავს. ფასების რეგულირებას შეიძლება გამართლება ჰქონდეს მონოპოლიების არსებობის შემთხვევაში, კონკურენტუნარიან ბაზრების პირობებში, რომელსაც სასურსათო ბაზარი მიეკუთვნება, სასურსათო პროდუქტებზე ზედა ჭერის დაწესება შესაძლოა უარყოფითი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს, რაც რომელიმე პროდუქტის დეფიციტში და ხარისხის გაუარესებაში პოვებს გამოხატულებას. გრძელვადიან პერსპექტივაში რეგულირებული ბაზარი უარყოფით ზეგავლენას მთლიან ეკონომიკაზე მოახდენს.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპისთვის (თებერვლის თვეში) ფასების კლება მხოლოდ ზოგიერთ სასურსათო პროდუქტზე ფიქსირდება, ისიც მხოლოდ წინა თვესთან შედარებით, წლიურ ჭრილში ასეთი პროდუქტების ჩამონათვალი უმნიშვნელოა - ფასის მნიშვნელობანი კლება მხოლოდ მზესუმზირას ზეთის, წიწიბურასა და კომბოსტოს შემთხვევაში გვაქვს. თანაც ფასების კლების ტენდენციის დასანახად მხოლოდ ერთი თვის მონაცემი საკმარისი არ არის. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის, „ფაქტ-მეტრი“ მინისტრის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს. ჩვენ სასურსათო პროდუქტების ფასების მონიტორინგს გავაგრძელებთ და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია