საქართველოს მთავრობა: „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსით საქართველომ 10- წლიანი პროგრესით მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა და პოზიცია 31 ადგილით გაიუმჯობესა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადება არის მანიპულირება.
რეზიუმე: „The Heritage Foundation“ წლის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს“ აქვეყნებს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი არის „მთავრობის კეთილსინდისიერება“.
2023 წლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით საქართველომ „მთავრობის კეთილსინდისიერების“ კომპონენტში გაიუარესა როგორც შეფასების ქულა, ასევე პოზიცია. 2022 წელს საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 64.4 ქულით 35-ე ადგილს იკავებდა, 2023 წელს კი 62.9 ქულით მსოფლიოში 38-ე ადგილზეა. ამასთან, ბოლო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში „მთავრობის კეთილსინდისიერების“ შეფასების ქულა ყოველწლიურად უარესდება.
2012 წელს აღნიშნულ რეიტინგში [„მთავრობის კეთილსინდისიერება“] საქართველო 38 ქულით 69-ე ადგილს იკავებდა. საქართველოს მთავრობა გავრცელებულ განცხადებაში მონაცემების 2012 წელთან შედარებით, ცდილობს, რომ ის უკუსვლა, რაც საქართველოს აღნიშნულ რეიტინგში ბოლო წლებში აქვს, პოზიტიურად წარმოაჩინოს.
ანალიზი
საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის კვლევის მიხედვით, „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა... „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდიკატორში შეფასების 100%-იანი სკალიდან საქართველომ 62.9%-ი აიღო, რითაც 10 წლიანი პროგრესით მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა და პოზიცია 31 ადგილით გაიუმჯობესა. შედარებისათვის, 2012 წლის კვლევაში საქართველოს მთავრობის კეთილსინდისიერება 38%-ით იყო აღნიშნული და მსოფლიოში 69-ე ადგილი დაიკავა“.
„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
„The Heritage Foundation“ ავტორიტეტული კვლევითი ინსტიტუტია. ორგანიზაცია ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს ზომავს [ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი], რომელიც 12 კომპონენტის შეფასებით დგინდება. აღნიშნული კომპონენტები 4 ძირითად ჯგუფშია გაერთიანებული:
- კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, მთავრობის კეთილსინდისიერება);
- მთავრობის ზომა (ფისკალური სიჯანსაღე, საბიუჯეტო დანახარჯები, საგადასახადო ტვირთი);
- რეგულირების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება);
- ბაზრის ღიაობა (ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).
თითოეული პარამეტრი 100-ქულიანი სკალით ფასდება (0 - ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე დაბალი დონე, 100 - ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე მაღალი დონე). აღსანიშნავია, რომ საერთო ქულის მისაღებად, თითოეულ კომპონენტს თუ ქვე-კომპონენტს, თანაბარი წონა გააჩნია და არცერთი მათგანი არ არის უპირატესი.
„The Heritage Foundation“-ის 2023 წლის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 68.7-ია. ამ მაჩვენებლით საქართველო ზომიერად თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებშია და მსოფლიოში 35-ე ადგილს იკავებს. „ეკონომიკურ თავისუფლების ინდექსში“ წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 9 ადგილით, ხოლო შეფასება 3.1-ქულით გაუარესდა. ამასთან, 2012-2023 წლებში ყველაზე დაბალი შეფასება საქართველომ სწორედ 2023 წელს მიიღო. „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს ყველაზე მაღალი შეფასება 2021 წელს (77.2 ქულა) ჰქონდა.
„მთავრობის კეთილსინდისიერების“ 2023 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო 62.9 ქულით მსოფლიოში 38-ე ადგილს იკავებს, წინა წელთან შედარებით საქართველომ ამ შემთხვევაშიც როგორც შეფასების ქულა, ასევე პოზიცია გაიუარესა. 2022 წელს საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 64.4 ქულით 35-ე ადგილს იკავებდა. ბოლო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში „მთავრობის კეთილსინდისიერების“ შეფასების ქულა ყოველწლიურად უარესდება.
საქართველოს მთავრობა გავრცელებულ განცხადებაში მონაცემებს 2012 წელთან ადარებს და ცდილობს, რომ ის უკუსვლა, რაც საქართველოს ბოლო წლებში აქვს, პოზიტიურად წარმოაჩინოს. 2012 წელს აღნიშნულ რეიტინგში [„მთავრობის კეთილსინდისიერება“] საქართველო 38 ქულით 69-ე ადგილს იკავებდა. ამ მიმართულებით, 2013-2017 წლებში, ქვეყანას მნიშვნელოვანი პროგრესი ნამდვილად ჰქონდა, რასაც შემდგომ წლებზე ვერ ვიტყვით.
გრაფიკი 1: „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ და „მთავრობის კეთილსინდისიერება“ საქართველოს სარეიტინგო ქულა (2012-2023 წლებში)
წყარო: The Heritage Foundation
აქვე, აღსანიშნავია, „The Heritage Foundation“-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ 2023 წელს საქართველოს შეფასების ქულა 12 კომპონენტიდან უმეტესობაში გაუარესდა (ესენია: საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, მთავრობის კეთილსინდისიერება, ფისკალური სიჯანსაღე, საბიუჯეტო დანახარჯები, ბიზნესის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება). შეფასების ქულა იგივე დარჩა შემდეგ კომპონენტებში: საგადასახადო ტვირთი, ინვესტირების თავისუფლება. შეფასება გაუმჯობესდა მხოლოდ ორი კომპონენტში: შრომის თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება.