არჩილ ჩიქოვანი:შვიდი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს ამ ეტაპისათვის ქალაქ ბათუმში. ნაწილი მათგანი არის გარდამავალი პროექტები, სამი მათგანი შედარებით ადრე დასრულდებ
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არჩილ ჩიქოვანის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
რეზიუმე: ამ ეტაპზე, ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში, რვა საბავშვო ბაღის მშენებლობა -რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აქედან სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო და იმავე წლის ოქტომბერ-დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის დანართი 1-ის თანახმად, გარდამავალ პროექტში ეს ობიექტებიც იგულისხმება, რადგან მათი მშენებლობის ხარჯი გათვალისწინებული იყო ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტშიც. თუმცა შარშან სამივე ობიექტის მშენებლობა შეწყდა. იმ დროისთვის შემსრულებელი კომპანიებისთვის თანხის ნაწილი უკვე გადარიცხული იყო. ხელშეკრულებები შეუსრულებელია, ხოლო საბავშვო ბაღების მშენებლობის შესყიდვის მიზნით, 2022 წლის დეკემბერში, ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ახალი ტენდერი გამოაცხადა. ხელშეკრულების ღირებულება 6 175 831 ლარია. პროექტის ჩაბარების საბოლოო ვადა 2023 წლის აგვისტოა. ქალაქის მერმა აღნიშნული გარემოება არ ახსენა და საკითხი ისე წარმოაჩინა, თითქოს არანაირი პრობლემა არ არსებობს. ამიტომ „ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს, რომ არჩილ ჩიქოვანის განცხადება ნახევრად სიმართლეა.
გარდა ამისა, ბათუმის ტერიტორიაზე კიდევ ხუთი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული ტენდერიც 2022 წელს გამოცხადდა. პროექტი გარდამავალია და მისი საერთო ღირებულება 4 896 996 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 2023 წლის 30 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.
ანალიზი:მიმდინარე წლის თებერვალში ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა: „შვიდი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს ამ ეტაპისათვის ქალაქ ბათუმში. ნაწილი მათგანი არის გარდამავალი პროექტები, სამი მათგანი შედარებით ადრე დასრულდება“.
ბათუმის მერიის მიერ შექმნილმა ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, 2021 წლის ზაფხულში, სამი საბავშვო ბაღის მშენებლობის მიზნით, სახელმწიფო ტენდერები გამოაცხადა. ორი პროექტის ფარგლებში, სამუშაოებს შპს „დამბა“ ახორციელებდა, ხოლო ერთ ობიექტს შპს „ინსტალი“ აშენებდა. 2022 წლის ბოლოს შემსყიდველმა სამივე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებები შეწყვიტა. ამის მიზეზად სახელშეკრულებო პირობების დარღვევა სახელდება. სამუშაოების ღირებულება იყო, ერთი პროექტის ფარგლებში, 2 574 000 ლარი, საიდანაც კომპანიისთვის გადახდილია 980 668 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული აქვს 252 024 ლარი. მეორე ტენდერით გათვალისწინებული პროექტის ღირებულებაც, ასევე, 2 574 000 ლარი იყო, ხოლო გადახდილი თანხის მოცულობა 782 558 ლარს შეადგენს. ამ შემთხვევაში, კომპანიას 268 716 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო დაეკისრა. რაც შეეხება მესამე პროექტს, სახელშეკრულებო ღირებულება 3 475 000 ლარით განისაზღვრა, კომპანიისთვის გადახდილი თანხის ოდენობამ 840 438 ლარი შეადგინა, ხოლო დაკისრებულმა პირგასამტეხლომ - 173 477 ლარი. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
ვინაიდან ბათუმის მერიამ ვერ უზრუნველყო, რომ დაინტერესებულ მოქალაქეებს სამი ახალი საბავშვო ბაღი დათქმულ ვადებში მიეღოთ, კიდევ არაერთი აღსაზრდელი აუცილებელი სერვისის მიღმა დარჩა. თუმცა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტუმრობისას ქალაქის მერმა ამის შესახებ არაფერი თქვა და სიტუაცია ისე წარმოაჩინა, თითქოს შვიდივე საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია ახალი გეგმის ნაწილია. მერმა თქვა, რომ სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა უფრო ადრე დასრულდება. სავარაუდოდ, მან სწორედ ის ობიექტები იგულისხმა, რომელთა მშენებლობის ნაწილი უვე წინა ტენდერების ფარგლებში განხორციელდა. სამივე ზემოთ ხსენებული საბავშვო ბაღის მშენებლობის ბოლომდე მიყვანის მიზნით, ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 2022 წლის 9 დეკემბერს გამოაცხადა. 2023 წლის 2 თებერვალს კი ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანია შპს „დს კონსტრაქშენთან“ 6 175 831-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. სამი საბავშვო ბაღის გარდა, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიამ ერთი საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები უნდა შეასრულოს. პროექტის საბოლოო ვადა მიმდინარე წლის 30 აგვისტოს ჩათვლით განისაზღვრა. ახალი კონტრაქტით, ბაგრატიონის ქუჩაზე ბაღის მშენებლობა 1 541 618 ლარით განისაზღვრა, ქათამაძის ქუჩაზე - 1 750 217 ლარით, ხოლო დაბა ჩაქვში ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარედ (მეზღვაურის ქუჩა) – 2 584 870 ლარი. საინტერესოა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე, ტენდერის მონაცემების ქვემოთ, შპს „დამბას“ წარმომადგენელი საკუთარ პრეტენზიას აფიქსირებს. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელთანაც შემსყიდველმა კონტრაქტი გაწყვიტა. „დამბას“ წარმომადგენელი წერს, რომ ობიექტები უკანონოდაა წართმეული და შესრულებული სამუშაოების თანხები კომპანიისთვის არ გადაუხდიათ, რის გამოც მუშა-მოსამსახურეების მიმართ ვალდებულებები დაგროვდა. ამავე მინაწერით, ის მიმართავს ტენდერში მონაწილეებს, არ გაეხვიონ გაუგებრობაში, რადგან საქმე სასამართლოშია. როგორც ჩანს, შპს „დს კონსტრაქშენისთვის“ ეს გარემოება შემაკავებელი არ აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიის 40-40%-ს ფლობენ შპს „ჯიდი ჯგუფი“ და შპს „სტრუქტიფორმი“. აქედან პირველს ხუთი მესაკუთრე ჰყავს, საიდანაც ორი ორმაგი მოქალაქეა, საქართველოსი და რუსეთის ფედერაციის, ხოლო ერთი - რუსეთის ფედერაციის. მეორე კომპანია კი მთლიანად რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ანზორ აშკაშიძეს ეკუთვნის. შპს „დს კონსტრაქშენის“ 50%-ს, ჯერ კიდევ 2018 წელს ფლობდა შპს „დს გრუპი“, რომელიც ასევე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ბენია დავიდოვის საკუთრებაა.
დანარჩენი ხუთი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „სამშენებლო-საპროექტო ჯგუფი“ ახორციელებს. კომპანიამ სამ პრეტენდენტს შორის, ერთი კონკურენტის დისკვალიფიკაციის შედეგად, გაიმარჯვა. ხელშეკრულების ღირებულება 4 896 996 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულების ვადაა 2023 წლის 30 ოქტომბერი. არსებული მდგომარეობით, კომპანიისთვის უკვე გადახდილია 1 717 814 ლარი, მთლიანი ღირებულების 35%. სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტებია: გ. ტაბიძის ქ. №14-ში მდებარე №31 საბავშვო ბაღი; მ. ვარშანიძის I ჩიხში მდებარე №33 საბავშვო ბაღი, ვაჟა-ფშაველას ქ. №83-ში მდებარე №14 საბავშვო ბაღი; ანდრონიკაშვილის ქ. №44-ში მდებარე №13 საბავშვო ბაღი და თამარ მეფის გამზირის I შესახვევის №4-ში მდებარე №22 საბავშვო ბაღი.
ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დანართი 1-ის თანახმად, პროექტები მრავალწლიანია. ბაგრატიონის ქუჩაზე, ქათამაძის ქუჩასა და დაბა ჩაქვში ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობებისთვის, რომლებიც 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, მთლიანი ღირებულების ნაწილი 2022 წლის ბიუჯეტიდან ანაზღაურდა, ხოლო ახალი ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯი მიმდინარე წლის ბიუჯეტშია გაწერილი.