სოციალურ ქსელში ვრცელდება პარტია „ლელოს“ და თბილისის საკრებულოს წევრის, საბა ბუაძის (თბილისის VII მოწვევის საკრებულოს ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა თბილისისათვის“ თავმჯდომარე), ინტერვიუდან ამონარიდი, რომელიც იმგვარადაა მოჭრილი, რომ დაკარგულია რეალური კონტექსტი და მსმენელი შეცდომაში შეჰყავს.

Facebook-მომხმარებლის, შაკო კუჭაშვილის მიერ გავრცელებულ 6-წამიან მონაკვეთში ისმის, რომ საბა ბუაძე ამბობს: „აქ ბევრი ადამიანი შეაჩერეს, აი ამ ეკლესიის დამცველების პარტია“. ვიდეოს ამ მონაკვეთს თან ერთვის პოსტის ავტორის პოზიცია: „ეკლესიის დამცველების პარტია ვერ შეგვაჩერებსო, სხვა რა უნდა თქვან ამ ღორიშვილებმა რომ მიხვდეთ, რა ხალხთან გვაქვს საქმე“.

პოსტის ავტორის მიერ გავრცელებული მტკიცება, თითქოს საბა ბუაძემ განაცხადა, რომ ეკლესიის დამცველების პარტია ვერ შეგვაჩერებსო, ტყუილია და რეალობას არ შეესაბამება.

6-წამიანი მონაკვეთი აღებულია ტელეკომპანია მთავარი არხის ეთერში 7 მარტს გასული Facebook-ლაივიდან. სრულ ვერსიაში, საბა ბუაძე ამბობს (4:27:18-დან): „დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ძალიან მაგარი პროტესტი გადაიზრდება კიდევ უფრო დიდ წინააღმდეგობის მოძრაობაში. ვერანაირი, აი, ამ სამარცხვინო მეთოდებით ვერ მოახერხებენ ჩვენ გაჩერებას. აქ ბევრი ადამიანი შეაჩერეს. აი, ეს ეკლესიის დამცველების პარტია დღეს შეიჭრა ქაშვეთის ეკლესიაში და იქიდან გამოჰყავდათ ადამიანები. ამიტომაც ამ პროტესტს ვერაფერი ვერ გააჩერებს, იმიტომ, რომ ეს ეხება ჩვენს ევროპულ მომავალს და ხვალინდელ დღეს.“

სრულ ვერსიაში ჩანს, რომ საბა ბუაძეს არ უთქვამს ფრაზა „ეკლესიის დამცველების პარტია ჩვენ ვერ შეგვაჩერებს“, როგორც ამას პოსტის ავტორი ამტკიცებს. სინამდვილეში, ბუაძე აცხადებს, რომ ეკლესიის დამცველების პარტია, შეიჭრა ქაშვეთის ეკლესიაში და გამოჰყავდათ ხალხი იქიდან, რითაც ის მიანიშნებს, რომ, მისი აზრით, „ქართული ოცნების“ ეკლესიის დამცველის იმიჯი ყალბია.

შესაბამისად, გავრცელებული ამოჭრილი მონაკვეთი, და მასზე გაკეთებული კომენტარი მანიპულაციურია და მსმენელის შეცდომაში შეყვანასა და საპროტესტო აქციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, იმ ფართოდ გავრცელებული პროპაგანდისტული ნარატივის გამოყენებით, თითქოს საპროტესტო აქციის მონაწილეები ეკლესიას და რელიგიას ებრძვიან.

-----------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5365 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი