კანონპროექტის „გაწვევის“ პროცედურების მიმოხილვა

დღეს, 9 მარტს, ,,ქართული ოცნების’’ პოლიტიკური საბჭოსა და ,,ხალხის ძალის’’ საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობამ მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო - ,,საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი’’ ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, უმრავლესობის წარმომადგენლები საზოგადოებას განუმარტავენ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში.

შეგახსენებთ რომ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით’’ პარლამენტში ორი კანონპროექტი დაინიციირდა. პირველი კანონპროექტი 7 მარტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, ხოლო მეორე მათგანის განხილვა ჯერ არ დაწყებულა. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოება, მედია და ჩვენი პარტნიორები ამ კანონპროექტებს რუსულ კანონპროექტებად მოიხსენიებდნენ, ამის მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გვარწმუნებდნენ, რომ კანონპროექტები მთლიანად არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან.

უფრო ვრცლად იხ. ფაქტ-მეტრის სტატია.

რა არის საჭირო იმისთვის რომ არცერთი კანონპროექტის განხილვას არ მიეცეს მსვლელობა?

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ტერმინი ,,გაწვევა’’ კანონპროექტებთან მიმართებით საერთოდ არ გვხვდება. ეს ტერმინი მხოლოდ პარლამენტის წევრების პარლამენტიდან ან ამა თუ იმ ორგანოდან გაწვევას, ან მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას მიემართება.

რაც შეეხება კანონპროექტებს, პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე.’’

ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე კანონპროექტი, (ცნობილი, როგორც ამერკული კანონის ანალოგი) რომლის განხილვაც პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა კანონპროექტის ინიციატორებმა სათანადო მოტივირებით უნდა გამოითხოვონ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ამისთვის ნება კანონპროექტის ყველა ინიციატორმა უნდა გამოავლინოს, რადგან ზემოთ დასახელებული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,კანონპროექტის ორი ან ორზე მეტი პარლამენტის წევრის მიერ ინიციირების შემთხვევაში კანონპროექტი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება კანონპროექტის ინიციატორი ყველა პარლამენტის წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.’’

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად პირველი კანონპროექტის გამოთხოვა შეუძლებელია, რადგან, როგორც აღვნიშეთ, ეს კანონპროექტი უკვე პირველი მოსმენის შედეგად მხარდაჭერილია. იმისათვის რომ ამ კანონპროექტის განხილვა შეჩერდეს, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით უნდა დაიწყოს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მისი მეორე მოსმენით განხილვა და კენჭისყრა.

მას შემდეგ რაც კანონპროექტი კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის დადგენილ ხმათა საჭირო რაოდენობას ის ჩავარდნილად ჩაითვლება და გაფორმდება დადგენილება კანონპროექტის მეორე მოსმენით მიუღებლობის შესახებ. ამასთან, კანონპროექტის საბოლოოდ უარყოფისთვის მნიშვნელოვანია კანონპროექტი სასესიო პერიოდში 1 თვის განმავლობაში კვლავ არ იქნას წარდგენილი მისი ინიციატორის მიერ.

რეგლამენტის თანახმად, თუ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო პერიოდში 1 თვის განმავლობაში მისი ინიციატორის მოთხოვნით არ დადგება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, იგი უარყოფილად ჩაითვლება. ასევე უარყოფილად ჩაითვლება კანონპროექტი, რომელიც განმეორებით ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას. (იხ.112-ე მუხლის მე-17 ნაწილი)

შენიშვნა:

დღეს, ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განმარტა თუ რა მსვლელობა მიეცემა პროცესებს. მდინარაძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტი, რომელიც ჯერ არ არის განხილული პარლამენტის მიერ უკვე ,,გაწვეულია’’. რაც შეეხება კანონპროექტს, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, მისი ,,გაწვევა’’ და დაჩქარებულად განხილვა შეუძლებელია, ამიტომ ,,კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებს’’.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიაში შალვა პაპუაშვილმა შესაბამისი წერილები უკვე გაგზავნა, რათა აღარ განიხილონ აღნიშნული კანონპროექტები.


მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია