სოციალურ ქსელში მორიგი მანიპულაციური პოსტი ვრცელდება, რომელსაც თან ფოტოსურათი ერთვის. ფოტოზე მცირეწლოვანი ბავშვი ჩანს, რომელიც ნაგვის კონტეინერში დგას, მის გვერდით აბრაზე კი შემდეგ წარწერას ვკითხულობთ: „აქ დატოვეთ თქვენი მახინჯი ბავშვები“. როგორც ზოგიერთი Facebook-მომხმარებელი ამტკიცებს (1,2), გამოქვეყნებული ფოტოები მე-19 საუკუნეში შეერთებულ შტატებში მიღებულ დისკრიმინაციულ კანონს ასახავს, რომლის მიხედვითაც, ანომალიის მქონე ადამიანების საჯაროდ გამოჩენა იკრძალებოდა.

აღნიშნულ ფოტოსურათს ჯერ კიდევ 2007 წელს აქტიურად აქვეყნებდნენ, 2015 წელს კი კადრები ინტერნეტს ვირუსულად მოედო, რომელიც Twitter-ის ანგარიშმა „History in Pictures“-მა გაავრცელა. თუმცა, რეალურად, წარწერა გავრცელებულ ფოტოსურათზე შეცვლილია და მის ორიგინალ ვერსიას არ შეესაბამება. სინამდვილეში, ორიგინალი ფოტო 1928 წლით თარიღდება. ის Getty Images-ის "საუკეთესო ამბების" არქივის ნაწილია და იუმორისტული მიზნით არის შექმნილი. ავთენტურ ფოტოსურათზე შემდეგი წარწერა იკითხება: „გთხოვთ, გაზონზე ნუ გადახვალთ“. ხოლო ბავშვი, რომელიც აბრის გვერდით დგას, აბრაზე დატანილი მოთხოვნის შესრულებას ადევნებს თვალყურს. აღნიშნულ ფოტოს Getty Images-ის ვებგვერდზე ახლავს აღწერა, სადაც ვკითხულობთ: "ბავშვი, რომელიც პარკში ნაგვის ურნაში დგას". ფოტოსურათი 1928 წლის 1 ოქტომბრით არის დათარიღებული. აღსანიშნავია ისიც, რომ გავრცელებულ ფოტოსთან ამერიკაში მე-19 საუკუნეში მიღებული კანონი არაფერ კავშირშია.

რაც შეეხება კანონს, რომელიც „ugly laws”-ს სახელით არის ცნობილი, ამერიკაში მართლაც არსებობდა. კანონში ჩაწერილი იყო, რომ „დასახიჩრებულებს, განუვითარებლებს, დაავადებულებს ან რაიმე სახით დეფორმირებულებს, რომელთა გარეგნობაც მხოლოდ ზიზღს იწვევდა“, საზოგადოებაში გამოჩენა ეკრძალებოდათ.

აღნიშნული კანონით დაწესებული შეზღუდვები შეერთებულ შტატებში 60-იან წლებამდე მოქმედებდა. კანონის თანახმად, ანომალიის ან ფიზიკური დეფორმაციის მქონე ადამიანების საჯაროდ გამოჩენა იკრძალებოდა. პირველად აღნიშნული კანონი 1867 წელს სან ფრანცისკოში, ხოლო მოგვიანებით, მათ შორის, ჩიკაგოში, ომაჰაში, კოლუმბუსში, კლივლენდსა და პორტლენდში მიიღეს. კანონის დარღვევისთვის ჯარიმა 1-დან 50-დოლარამდე იყო განსაზღვრული.

კანონის მიღება პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში შეწყდა და არსებული წესდების აღსრულებაც შემცირდა, თუმცა ფორმალურად 1974 წლამდე მაინც არსებობდა. ბოლო ქალაქი, სადაც კანონით დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა, ჩიკაგო იყო.

1990 წელს კონგრესმა მიიღო კანონი შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ („Americans with Disabilities Act“ (ADA), რომელსაც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოაწერა ხელი. “ADA” გულისხმობდა ფსიქიკური ან ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების უფლებების დაცვას. ამერიკაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მოპყრობასა და აღქმაზე აღნიშნულმა კანონმა პოზიტიური გავლენა მოახდინა და მდგომარეობა მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

--------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი