სოციალურ ქსელში პრორუსული და ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავრცელებით ცნობილმა Facebook-მომხმარებელმა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის ციტატა, სადაც ის ამბობს, რომ „იყო აშშ-ს მტერი შეიძლება საშიში იყოს, მაგრამ აშშ-სთან მეგობრობა – გარანტირებული სიკვდილია“, კონტექსტის გარეშე გაავრცელა.
აღნიშნული დეზინფორმაციული გზავნილები ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორულ ურთიერთობებს სახელმწიფოსთვის საფრთხისშემცველად წარმოადგენს, მისი გავრცელების მიზანი კი აშშ-ის დისკრედიტაციაა.
ციტატა, რომელიც არასრული ფორმით მანიპულაციურად ვრცელდება და მცდარი შთაბეჭდილებას ქმნის, უილიამ ბაკლის (William F. Buckley Jr.) წიგნში - „გაეროს ჟურნალი:დელეგატის ოდისეა“ (United Nations Journal: A delegate’s Odyssey) გვხვდება. უილიამ ბაკლი აშშ-ის პრეზიდენტ ნიქსონის ადმინისტრაციის პერიოდში გაეროში აშშ-ის წარმომადგენლად დაინიშნა, რის შემდეგაც მან წიგნი დაწერა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად მისი და ჰენრი კისინჯერის ურთიერთობა მიმოიხილა.
წიგნში ციტატა სრული სახით გვხვდება: „ნიქსონს უნდა ეცნობოს – თქვა კისინჯერმა, – რომ შესაძლოა კლიფორდის მიზანია ტიუს [Nguyen Van Thieu] გადაყენება ნიქსონის ინაუგურაციამდე. ნიქსონს უნდა მიაწოდოს ცნობა, რომ თუ ტიუს იგივე ბედი ეწევა, როგორც დიემს [Ngo Dinh Diem], მსოფლიოს ხალხებთან მივა გზავნილი, რომ შესაძლოა საშიშია ამერიკის მტრობა, მაგრამ ამერიკის მეგობრობა დამღუპველია“.
აღნიშნული საუბარი უილიამ ბაკლისა და ჰენრი კისინჯერს შორის 1968 წლის ნოემბერში იმ დღეს შედგა, როცა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა კლარკ კლიფორდმა სამხრეთ ვიეტნამის (რომელიც ცივი ომის პერიოდში აშშ-ის მხარდაჭერით სარგებლობდა) პრეზიდენტი ნგუენ ვან ტიუ (Nguyen Van Thieu) პარიზში გამართული მოლაპარაკების მაგიდასთან საჭიროზე მყარი პოზიციის დაკავებისთვის გააკრიტიკა. მანიპულაციურად გავრცელებული ანტიამერიკული გზავნილისგან განსხვავებით, ჰენრი კისინჯერმა წიგნის ავტორს - უილიამ ბაკლის უთხრა, რომ რიჩარდ ნიქსონისთვის თავდაცვის მდივნის შესაძლო მიზნის შესახებ, რომ გადაეყენებინა ნგუენ ვან ტიუ, იმიტომ უნდა ეცნობებინათ, რომ თუ მას ნგო დინ დიემის მსგავსი ბედი ეწეოდა, მსოფლიოში აშშ-ის შესახებ დამკვიდრდებოდა წარმოდგენა, რომ შეერთებულ შტატებთან მეგობრობა ფატალურია. ეს კი სხვადასხვა ქვეყანასთან აშშ-ის პარტნიორობას დააზიანებდა.
ნგო დინ დიემი (Ngo Dinh Diem) იყო სამხრეთ ვიეტნამის პრეზიდენტი, რომელიც 1963 წელს სახელმწიფო გადატრიალების დროს მოკლეს. აშშ-ში შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა ნგო დინ დიემს მხარი არ დაუჭირეს.
ამდენად, გავრცელებული დეზინფორმაციული გზავნილი, რომლის მიხედვით ჰენრი კისინჯერი ამბობს, რომ ამერიკასთან მეგობრობა დამღუპველია, მანიპულაციაა. სინამდვილეში, კისინჯერი ცდილობს, შეერთებული შტატების იმიჯის ისეთი დაზიანება აიცილოს, რომლითაც აშშ-სთან პარტნიორობის შესახებ მსგავსი წარმოდგენა დამკვიდრდება.
-------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.