სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთზე მშენებარე ხიდი ჩავარდა. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი დააზიანა. მათივე ინფორმაციით, რადგან მდინარე რიონის წყლის დონე ისევ დიდია, ჯერჯერობით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ვერ ხერხდება და წყლის დონის დაწევისთანავე ბურჯის აღდგენა დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთია. აღნიშნული გზის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინანსების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB).

სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის ოთხივე ლოტის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა (იხ: სტატია). განსაკუთრებულად პრობლემური გზის პირველი და მეორე მონაკვეთი აღმოჩნდა.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ მონაკვეთზე, რომლის საერთო სიგრძე 11,5 კილომეტრია, 26 მიწისქვეშა გასასვლელის და წყალგამტარი მილის მოწყობა და 8 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის - 3 ხიდის და ერთი რკინიგზაზე გასასვლელი ხიდი-ესტაკადის მშენებლობა იგეგმებოდა. სამუშაოები 2014 წელს დაიწყო და 2016 წელს უნდა დასრულებულიყო. გზის მშენებლობას უკრაინული კომპანია „ალტკომი“ ახორციელებდა. კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ 24% შეასრულა. დეპარტამენტმა კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და საავანსო თანხის ამოსაღებად ( 18 338 910 ევრო) საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა და დავა მოიგო. მონაკვეთის დარჩენილ სამუშაოებს კომპანია „აკორდი“ 2018 წლიდან ახორციელებდა. 2021 წელს კი მთავრობამ ახალი ტენდერი გამოაცხადა, რათა პროექტის საბოლოო კონტრაქტორი შეერჩია. ტენდერში კომპანია „ჯეუ გრუპმა” გაიმარჯვა, რომელსაც 73.7-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმდა.

გასული წლის ბოლოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთის შესახებ საუბრობდა და აცხადებდა, რომ „გზის მშენებლობა მაღალი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა გამოწვევად რჩება რიონზე ასაშენებელი ხიდი, რომლის დიდი ნაწილი - ბურჯები, ამოყვანილია. თუმცა მე-7 ბურჯი ჯერ კიდევ გამოწვევა არის და მნიშვნელოვანი ძალისხმევაა კონტრაქტორის მხრიდან და გეგმაზომიერად, შესაბამისი ტექნოლოგიებით მაქსიმალურად ვცდილობთ გამოწვევა დროულად იქნას გადაჭრილი და შემდგომ უკვე გათვალისწინებული სამუშაოები ასევე მაღალი ხარისხით იქნას ნაწარმოები“.

როგორც ხიდის ჩავარდნამ ცხადყო, გამოწვევა გამოწვევად დარჩა და პრობლემურ მე-7 ბურჯს, მე-8 ბურჯიც დაემატა და აღნიშნულმა საბოლოოდ, ხიდის დაზიანება გამოიწვია.

ასევე აღსანიშნავია, რომ სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ 73 მლნ ლარი არის გამოყოფილი.

რაც შეეხება გზის მთლიან მონაკვეთს, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის 237 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და პროექტი სამ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი აღნიშნული გზის მონაკვეთის ბიუჯეტი უკვე 633 მლნ ლარით განისაზღვრა და გზის მშენებლობის დასრულების ვადამ კიდევ სამი წლით გადაიწია. 2020 წლის ბიუჯეტით, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ჯამში 812 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და პროექტი 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, დასახელებული გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის სულ 902 640 700 ლარია გათვალისწინებული და დასრულების სავარაუდო თარიღმა კიდევ ერთი წლით გადაიწია.

საბოლოო ჯამში, პროექტი, რომელიც თავდაპირველი გეგმის მიხედვით, 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, ჯერ ისევ მიმდინარეა და გარდა იმისა, რომ დასრულების ვადამ სულ რაღაც 8 წლით - 2023 წლამდე გადაიწია, მიმდინარე სამუშაოების ხარისხიც არადამაკმაყოფილებელია, რისი დასტურიც მშენებარე ხიდის ჩავარდნაა.