პარლამენტის კულტურის კომიტეტს გელათთან დაკავშირებით 2021 წლის 15 იანვრის შემდეგ არანაირი აქტივობა არ ჰქონია

ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის კულტურის კომიტეტს გელათთან დაკავშირებით 2021 წლის 15 იანვრის შემდეგ არანაირი აქტივობა არ ჰქონია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა ნაცვლიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: მე-10 მოწვევის პარლამენტში 2021 წლის 19 მარტამდე კულტურის კომიტეტი ცალკე არ არსებობდა. კულტურა განათლებასა და მეცნიერებასთან ერთად ერთ კომიტეტში იყო გაერთიანებული და შესაბამისად, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი ფუნქციონირებდა, რომელსაც 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მარტამდე ამჟამინდელი კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა.

2021 წლის მარტიდან, როდესაც კულტურა განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტროსგან ცალკე - კულტურის სამინისტროდ გამოიყო, ამის პარალელურად, პარლამენტში კულტურის კომიტეტი შეიქმნა, რომლის თავმჯდომარე დღემდე ელისო ბოლქვაძეა.

გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული აქტივობა მხოლოდ განათლების მეცნიერების და კულტურის კომიტეტს უფიქსირდება, ისიც 2021 წელს და ბოლოს გამართული სამუშაო შეხვედრის თარიღი 2021 წლის 6 მარტია. მართალია, ანა ნაცვლიშვილი თარიღს არასწორად ასახელებს, თუმცა ის ფაქტი, რომ კულტურის კომიტეტი თითქმის ორი წლის განმავლობაში გელათის საკითხით არ დაინტერესებულა, თანაც იმ ფონზე, როცა მონასტერში შექმნილი მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ძეგლის შემდგომ კონსერვაციის პროცესთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსა და სპეციალისტებს შორის ერთიანი პოზიცია არ არსებობს, სიმართლეა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა ნაცვლიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

„ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის განხილვისას გელათში შექმნილ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ბოლო აქტივობა, რომელიც პარლამენტის კულტურის კომიტეტმა გელათთან დაკავშირებით განახორციელა, 2021 წლის 15 იანვარს იყო. ამის შემდეგ კომიტეტს გელათთან დაკავშირებით არაფერი გაუკეთებია - ეს იყო მისი ერთადერთი და ბოლო აქტივობა“.

მე-10 მოწვევის პარლამენტში 2021 წლის 19 მარტამდე კულტურის კომიტეტი ცალკე არ არსებობდა. კულტურა განათლებასა და მეცნიერებასთან ერთად ერთ კომიტეტში იყო გაერთიანებული და შესაბამისად, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი ფუნქციონირებდა, რომელსაც 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მარტამდე ამჟამინდელი კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა.

2021 წლის მარტიდან, როდესაც კულტურა განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტროსგან ცალკე - კულტურის სამინისტროდ გამოიყო, ამის პარალელურად, პარლამენტში კულტურის კომიტეტი შეიქმნა, რომელსაც დღემდე ელისო ბოლქვაძე ხელმძღვანელობს.

გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული აქტივობა პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტს, ამავე კომიტეტის ოფიციალური facebook-გვერდის მიხედვით, სულ ორჯერ უფიქსირდება.

2021 წლის 15 იანვარს განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი თეა წულუკიანის და კომიტეტის წევრების შემადგენლობით, გელათში ვიზიტით იმყოფებოდნენ. ისინი ძეგლზე რამდენიმე წლის წინ დაწყებულ სარესტავრაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ვიზიტის შემდეგ, ქუთაისის ეროვნული არქივის შენობაში გელათის მონატსტრის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზის თაობაზე კომიტეტის სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკა ანთიძის მოხსენება, ძეგლის რესტავრატორის კახა ტრაპაიძის მოსაზრებები და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სამუშაოს წარმოებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მაკა დვალიშვილის ახსნა-განმარტებები მოისმინეს. შეხვედრის დიდი ნაწილი გამოსავლის შესახებ მსჯელობას დაეთმო.

გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა იმავე წლის 6 მარტს გამართა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდისგან კომიტეტის მიერ იანვარში გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში მოისმინეს. სამუშაო შეხვედრის განსაკუთრებული ნაწილი შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის შესახებ სხვადასხვა თაობის არქიტექტორ-რესტავრატორების მოსაზრებების მოსმენას დაეთმო. შესაბამისი უწყებებისა და ორგანიზაციების გარდა, შეხვედრას არქიტექტორ-რესტავრატორები ტარიელ კიპაროიძე, თამარ ნემსაძე, რუსუდან გურამიშვილი, მერაბ ბოჭოიძე, დავით ჯინჭარაძე და გოგოთურ მისრიაშვილი ესწრებოდნენ.

2021 წლის 6 მარტის შემდეგ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტს გელათთან დაკავშირებით საკომიტეტო განხილვა ან რაიმე ტიპის მსჯელობა აღარ მოუწყვია.

რაც შეეხება 2021 წლის მარტში შექმნილ პარლამენტის კულტურის კომიტეტს, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, მათ გელათთან დაკავშირებით არანაირი ქმედება და აქტივობა არ განუხორციელებიათ. მხოლოდ კომიტეტის 2021 წლის ანგარიშში ელისო ბოლქვაძემ გელათის სამონასტრო კომპლექსი თეა წულუკიანის დამსახურებათა საილუსტრაციოდ ახსენა და ხაზი გაუსვა, რომ იმ დროისთვის უკვე მინისტრ თეა წულუკიანის დამსახურება იყო გელათის რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესში დაშვებული ხარვეზების გამოვლენა.

განხილული მასალიდან გამომდინარე, გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების და კულტურის (კულტურის) კომიტეტმა ბოლო სამუშაო შეხვედრა 2021 წლის 6 მარტს გამართა. ამ თარიღის შემდეგ, აღნიშნული კომიტეტის ამ მიმართულებით აქტივობა ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება.

გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ჩვენ არაერთხელ ვწერდით (იხილეთ სტატია 1, სტატია 2).როგორც ცნობილია, გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესი ხარვეზებით წარიმართა, რამაც პირველ ეტაპზე, ტაძარში წყლის ჩადინება გამოიწვია და კედლის მხატვრობა დააზიანა, შემდგომ კი ფრესკების კონსერვაციის არასწორი პროცესის გამო, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და საბოლოოდ, გარკვეულ ადგილებში ფრესკების ფრაგმენტული ცვენა დაიწყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ანა ნაცვლიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.