დეზინფორმაცია: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არჩეულ გლობალურ ორგანიზაციას მისცემს უფლებამოსილებებს, რომ „ებრძოლოს“ ყველაფერს, რასაც ის მიიჩნევს, რომ არის ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან დეზინფორმაცია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2023 წლის 5 თებერვალს სოციალურ ქსელში Facebook-ის მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა.

პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ ,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ე.წ. „შეთქმულების თეორეტიკოსების“ დასჯა გამოაცხადა. კერძოდ, პოსტის თანახმად, გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს პანდემიის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების ნულოვანი პროექტი არჩეული გლობალური ორგანიზაციისთვის უფლებამოსილებების მინიჭებას ითვალისწინებს, რათა „ებრძოლოს“ ყველაფერს, რასაც ის მიიჩნევს, რომ არის „ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან დეზინფორმაცია“.

პოსტის კომენტარებში ავტორმა ორი წყარო მიუთითა. ერთი, საკუთრივ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2023 წლის პირველ თებერვალს გამოქვეყნებული ნულოვანი პროექტის დოკუმენტია, ხოლო მეორე, ვებ-გვერდზე, slaynews.com-ზე გამოქვეყნებული სტატიის ლინკი, რომლიდანაც, სავარაუდოდ, პოსტის ავტორმა ინფორმაცია გადმოთარგმნა.

WHO-ს დოკუმენტი, რომელსაც პოსტი ავტორი წყაროდ მიუთითებს, მთავრობათაშორისი მოლაპარაკების ორგანოს (IBN) მე-4 სესიის შედეგად შექმნილი ნულოვანი პროექტია, რომელიც მიზნად მომავალი პანდემიების პრევენციას ისახავს და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს მზადყოფნისა და რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მთავრობათაშორისი მოლაპარაკების ორგანო (IBN) 2021 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის მიერ შეიქმნა, რომლის მიზანიც პანდემიის პრევენციას და მისგან გამოწვეული კრიზისის აღმოფხვრას უკავშირდება.

რეალურად, ნულოვანი პროექტის მე-17 მუხლი, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებით საზოგადოების წიგნიერებას შეეხება, WHO-ს წევრებს მოუწოდებს, რომ მოსახლეობაში გაზარდონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ ინფორმირებულობა, გახადონ პანდემიებისა და მათი შედეგების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი, ჰქონდეთ მუდმივი კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ამით დაუპირისპირდნენ საზოგადოებაში გავრცელებულ დეზინფორმაციასა და ყალბ ამბებს. კონკრეტულად:

მუხლი 17

პანდემიასა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე წიგნიერების გაძლიერება

1. მხარეები იღებენ ვალდებულებას მოსახლეობაში მეცნიერებასთან, საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და პანდემიასთან მიმართებით წიგნიერება გაზარდონ. ასევე, ხელმისაწვდომი გახადონ პანდემიებისა და მათი შედეგების შესახებ ინფორმაცია მათ შორის, ცრუ ინფორმაციასა და დეზინფორმაციასთან გამკლავებით. შესაბამისად, თითოეულ მხარეს მოვუწოდებთ:

(a) ეროვნულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, ყველაზე შესაძლო დონეზე, ხელი შეუწყონ საგანმანათლებლო და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროგრამების შემუშავებასა და იმპლემენტირებას, პანდემიებისა და მათი შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებით და ინფოდემიის მართვით ეფექტური არხების, მათ შორის სოციალური მედიის გამოყენებით.

(b) რეგულარულად გაანალიზონ არასწორი ინფორმაციის გავრცელება და სახეები, რაც წვლილს შეიტანს დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ სტრატეგიული საკომუნიკაციო გზავნილების შემუშავებაში, საბოლოოდ საზოგადოებრივი ნდობის გასაძლიერებლად.

(c) ხელი შეუწყოს კომუნიკაციას იმ სამეცნიერო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ მიღწევებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საერთაშორისო წესებისა და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებისა და განხორციელებისთვის პანდემიის პრევენციისთვის, მზადყოფნისა და პანდემიის შემდეგ აღდგენისთვის, რომლებიც დაფუძნებულია მტკიცებულებებსა და მეცნიერებაზე.

2. მხარეები წვლილს შეიტანენ კვლევაში და პოლიტიკას გაამდიდრებენ იმ ფაქტორების შესახებ ინფორმაციით, რომლებიც აფერხებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური ზომების დაცვას, ვაქცინებისადმი ნდობას, შესაბამისი თერაპიული საშუალებების გამოყენებას და ნდობას სამთავრობო ინსტიტუტების მიმართ.

3. მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ მეცნიერებას და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ეფექტურ და დროულ რისკების შეფასებას, მათ შორის მონაცემებისა და მტკიცებულებების გაურკვევლობის შესახებ, ასეთი რისკის საზოგადოებასთან კომუნიკაციისას.

ამდენად, დოკუმენტის ის ერთადერთი მუხლი, რომელიც დეზინფორმაციასა და მასთან გამკლავების სტრატეგიებს ეხება, „გლობალური ორგანიზაციის შერჩევას“, რომელსაც ექნება უფლება „ებრძოლოს“ ყველაფერს, რასაც ის მიიჩნევს, რომ არის „ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან დეზინფორმაცია“, არ ითვალისწინებს.

პირიქით, დასახელებულ პრობლემასთან გამკლავების მექანიზმად ნულოვანი პროექტი საზოგადოების სათანადო, მეცნიერებასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციით აღჭურვას გვთავაზობს. ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი ყალბია და მიზნად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დისკრედიტაციას ისახავს.