2023 წლის 9 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ 2 ეპიზოდზე დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს მორალური კომპენსაციის სახით 10 000 ევროს გადახდა დააკისრა.
მომჩივანი 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის სექტემბრამდე ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის კანონიერების თაობაზე დაობდა. ამასთან, იგი ამტკიცებდა, რომ პატიმრობის შეფარდების ერთადერთ მიზანს პოლიტიკური ცხოვრებიდან მისი ჩამოშორება წარმოადგენდა.[1]
სასამართლომ სულ 5 სავარაუდო დარღვევაზე იმსჯელა, რომლებსაც ,,ფაქტ-მეტრი’’ მოკლედ მიმოიხილავს:
კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის სავარაუდო დარღვევა 2014 წლის 3 ივლისიდან 2015 წლის 2 აპრილამდე პერიოდში დაკავებისა და დაპატიმრების ნაწილთან მიმართებით.
გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმას, თუ რამდენად გაითვალისწინა თბილისის საქალაქო სასამართლომ განმცხადებლის პირადი მდგომარეობა და მისთვის წინასწარი პატიმრობის შესაფარდებლად საკმარისი მიზეზები არსებობდა, თუ - არა.
სასამართლომ ჩათვალა, რომ პროკურატურის მიერ თბილისის სასამართლოსთვის მიწოდებული მასალა ობიექტურ პირს დააკმაყოფილებდა, რათა განმცხადებლის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა დაესკვნა. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ კეთილსინდისიერად იქნა მიღებული.
კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის სავარაუდო დარღვევა განმცხადებლის წინასწარი პატიმრობის ნაწილში 2015 წლის 2 აპრილიდან 17 სექტემბრამდე.
განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ პატიმრობის ხელახლა შეფარდება კანონით დადგენილი მაქსიმალური ვადის, ცხრა თვის გასვლის შემდეგ, უკანონო და თვითნებური იყო, საკმარისად ზუსტი და განჭვრეტადი არ იყო.
აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავამ ის საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც პატიმრობის 9-თვიანი ვადის გამოყენების შესაძლებლობას თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე უშვებდა, რომელშიც პირს ბრალი პატიმრობისგამოყენებამდეჩადენილ დანაშაულში ედება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
აღნიშნული სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, სხვა საქმეზე მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება არაკონსტიტუციურად ცნო.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, მის მიერ განვითარებული მსჯელობის თანახმად, სახეზე იყო შემთხვევა, როდესაც წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა „დე ფაქტო ხანგრძლივდებოდა“, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ ხასიათს სძენდა და შესაბამისად, განსაკუთრებულ გულმოდგინებას მოითხოვდა. საქართველოს სასამართლოები ვალდებული იყვნენ, გადაწყვეტილების დეტალური და საკმარისი დასაბუთებავ უზრუნველეყოთ, რაც ვერ მოახერხეს.
შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ 2014 წლის ივლისში მომჩივნისათვის პატიმრობის პირველადი შეფარდებიდან 9 თვის გასვლის შემდგომ მისი პატიმრობაში დატოვება, კონვენციის დარღვევას წარმოადგენდა.
კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის სავარაუდო დარღვევა დაკავების ორდერებში პატიმრობის განსაზღვრული ვადის არარსებობის გამო;
განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მისი წინასწარი პატიმრობის არც ერთი პერიოდი სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპს არ შეესაბამებოდა, რადგან სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებებში პატიმრობის ხანგრძლივობა მითითებული არ იყო.
მოპასუხე კი ადასტურებდა, რომ მსგავსი ტიპის ორდერების გაცემა იმ დროისთვის ეროვნული სასამართლოების კარგად დამკვიდრებული პრაქტიკა იყო და პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებებში აშკარა ვადის არარსებობა თავისთავად პრეცედენტულ სამართალთან შეუთავსებელი არ იყო.
აღნიშნულსა და თავის პრეცედენტულ სამართალზე მითითებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 4 ივლისის დაკავების ორდერებში პატიმრობის განსაზღვრული ვადის არარსებობის გამო, კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი არ დარღვეულა.
კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის სავარაუდო დარღვევა განგრძობით პატიმრობასთან დაკავშირებით
აღნიშნულ ნაწილში განმცხადებლის პრეტენზია2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობას მიემართებოდა. კერძოდ, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ განგრძობადი პატიმრობა საკმარისად დასაბუთებული არ იყო.
სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დროის გასვლის ფაქტორს საკმარისი ყურადღება არ მიაქცია და პატიმარს არ მისცა შესაძლებლობა, ეჩვენებინა, რომ მისი პატიმრობა გამართლებული აღარ იყო.
გარდა ამისა, გააკრიტიკა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მხოლოდ 2014 წლის 4 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ საფუძვლებზე მიუთითა. ასევე, არარელევანტურად მიიჩნია სასამართლოს არგუმენტი მოწმეებზე ზემოქმედების რისკთან მიმართებით და აღნიშნა, რომ მსგავს არგუმენტზე დაყრდნობა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთების გარეშე, ირიბად გულისხმობდა, რომ ბრალდებულები უნდა იყვნენ პატიმრობაში მანამ, სანამ ბრალდების მხარის ყველა მოწმე არ იქნება სასამართლოში მოსმენილი. მეტიც, თბილისის საქალაქო სასამართლომ გათავისუფლების სასარგებლოდ არსებული პრეზუმფცია უგულავას საზიანოდ შეცვალა და განაცხადა, რომ ახალი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, წინასწარი პატიმრობა უცვლელი უნდა დარჩეს.
ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა დაადგინა.
კონვენციის მე-18 მუხლის სავარაუდო დარღვევა (მე-5 მუხლთან 1 პუნქტთან დაკავშირებით)
სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-18 მუხლის მიზანია ძალაუფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვა.
იგი ასევე პირდაპირ უკრძალავს უმაღლეს ხელშემკვრელ მხარეებს, შეზღუდონ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა იმ მიზნებისთვის, რომლებიც არ არის გათვალისწინებული თავად კონვენციით და ამ ზომით იგი ავტონომიურია.
სასამართლო ვერ პოულობს საკმარის ელემენტებს დასკვნისთვის, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო განმცხადებლის პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად. მხოლოდ ის ფაქტი, რომ განმცხადებელი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, თუნდაც ნაწილობრივ თვითნებურად, ავტომატურად არ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ღონისძიების მიზანი მისი საქართველოს პოლიტიკური სცენიდან გაყვანა იყო.